მატიას დე ლიხტი "ბარსელონას" გამო ყველა შეთავაზებაზე უარს ამბობს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის "ბარსელონაში" გადასვლის შანსები იზრდება. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

ამსტერდამელთა კაპიტანს ამ წუთისთვის "ბარსელონასგან" წინადადება არ მიუღია, თუმცა მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ საჯაროდ განაცხადა, რომ "ბარსელონამ", შესაძლოა, ზაფხულში ამ ტრანსფერზე იმსჯელოს, 19 წლის ჰოლანდიელს აქვს საკმარისი საბაბი სჯეროდეს, რომ 1-ლი ივლისიდან ის თანაგუნდელ ფრენკი დე იონგთან ერთად კატალონიაში გადაბარგდება.

"ტულუზადან" "ბარსელონაში" ჟან-კლერ ტოდიბოს გადასვლის შემდეგ დე ლიხტის მიმართ ინტერესი თითქოს ჩაცხრა, თუმცა ბარტომეუს განცხადებებმა ფეხბურთელს "კამპ ნოუზე" გადაბარგების იმედი
დაუბრუნა.

აღსანიშნავია, რომ დე ლიხტის ინტერესებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აგენტი მინო რაიოლა იცავს. ამსტერდამელთა კაპიტნის მიმართ ინტერესს კი ტურინის "იუვენტუსი", "პსჟ" და მადრიდის "ატლეტიკო" იჩენენ, თუმცა დე ლიხტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და აპირებს, "ბარსელონას" შეთავაზებას დაელოდოს.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ