პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ "მარკასთან" საუბარში გაიხსენა 2002 წლის "ელ კლასიკო", რომლის დროსაც კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ ფიგუს "ბარსელონას" გულშემატკივრებმა ღორის თავი ესროლეს.
"მაშინ "რეალის" მაისურით კუთხური უნდა ჩამეწოდებინა. კონცენტრირებული სტანდარტის კარგად შესრულებაზე ვიყავი, თუმცა ამ დროს ჩემი მიმართულებით სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნივთები გამოფრინდა.
მიუხედავად ამისა, მივხვდი, რომ რაღაც კარგის გაკეთება შემეძლო. ჩემი სპონსორი "კოკა-კოლა" იყო. დავინახე, ბალახზე მისი ბოთლი ეგდო. ისე ავიღე და დავლიე, როგორც რეკლამაში. მეორე დღეს უკვე გაზეთებში წავიკითხე, რომ ღორის თავი მესროლეს და უნდოდათ, ჩემთვის მოერტყათ",
- გადმოსცემს ფიგუს სიტყვებს "მარკა".
"ბარსელონას" გულშემატკივრების აგრესია მარტივი მიზეზით იყო გამოწვეული - "ბარსას" კაპიტანი ლუიშ ფიგუ კატალონიელთა დაუძინებელი მტრის, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა.
მაშინაც წარმოუდგენელი იყო "ბარსელონას" კაპიტნის პირდაპირ "რეალში" გადასვლა, თუმცა ფლორენტინო პერესმა ფიგუს დათანხმება შეძლო და პორტუგალიელიც "გალაქტიკოს" შემადგენელი ნაწილი გახდა.