შესაძლოა, გონსალო იგუაინმა კარიერა "ბილბაოში" განაგრძოს

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი, შესაძლოა, ბილბაოს "ატლეტიკში" აღმოჩნდეს.

2020 წლის ზაფხულში "პიპიტას" "იუვესთან" კონტრაქტი ეწურება და თუ ხელშეკრულება არ გაგრძელდა, ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდება და შეეძლება ნებისმიერ კლუბს უფასოდ შეუერთდეს.

გამოცემის თანახმად, იგუაინის ტრანსფერით სწორედ "ბილბაო" არის დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ გონსალო არგენტინელია, ის მაინც ჯდება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში, მოგეხსენებათ, ისინი გუნდში მხოლოდ ბასკებს იყვანენ ხოლმე. თავდამსხმელის დიდი ბაბუა ბასკი გახლდათ, რომელიც არგენტინაში გადასახლდა. თავად იგუაინი საფრანგეთშია დაბადებული და ორმაგი მოაქალაქეობაც აქვს.

იგუაინი "იუვენტუსის" ფეხბურთელი 2016
წლიდან არის, იქამდე კი "რივერ პლეიტში", მადრიდის "რეალსა" და "ნაპოლიში" გამოდიოდა. წინა სეზონში იჯარის წესით ლონდონის "ჩელსისა" და "მილანის" რიგებში გამოდიოდა. მიმდინარე გათამაშებაში კი, სერია A-ს 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.