ლა ლიგის 35-ე ტურში "ბარსელონამ" აუტსაიდერ "ესპანიოლს" 1:0 სძლია და ზედიზედ 9 მატჩში დაუმარცხებელია.
"ბარსას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ის შემადგენლობა არ შეცვალა, რომელმაც "ვილიარეალს" მოუგო და პირველ ტაიმში მისმა გუნდმა ყოვლად უსახურად ითამაშა. "ბარსა" შეტევაში სახეიროს ვერაფერს ქმნიდა და მეტოქეს კონტრშეტევაზე ორჯერ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა.
შესვენების შემდეგ სეტიენმა შეტევის გასაძლიერებლად სემედოს ნაცვლად მოედანზე ფატი შეუშვა, ის კი მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა, თუმცა მალე "ესპანიოლის" ნახევარმცველმა ლოსანომ პიკეს ფეხში ჩაარტყა და არბიტრმა ისიც გააძევა.
შემდეგ კი სუარესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მან კატალონიურ გუნდში 195-ე გოლი გაიტანა, კუბალას გაასწრო და კლუბის ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა. პირველ ადგილზე 630 გოლით მესია, ხოლო მეორეზე - როდრიგესი (232).
"ბარსა" "რეალს" 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თუ 11 ივლისს მადრიდულმა გუნდმა "ალავესი" დაამარცხა, ისევ 4 ქულით გაექცევა.
რაც შეეხება "ესპანიოლს", ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პრიმერადან გავარდა.