კუმანს "ბარსელონა" გულის შეტევის გამო ჩაუბარებია

AutoSharing Option
რონალდ კუმანმა "ბარსელონა" აგვისტოში ჩაიბარა, თუმცა გაცილებით ადრეც შეეძლო: პირველი შეთავაზება ჯერ კიდევ იანვარში მიიღო. რონალდმა უარი თქვა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად უნდოდა თამაში. მწვრთნელის ადგილი კი კიკე სეტიენმა დაიკავა.

"იანვარში "ბარსელონადან" დამირეკეს და მკითხეს, მინდოდა თუ არა კლუბში მუშაობა. უარი ვთქვი, რადგან ევრო 2020-მდე 4-5 თვე იყო დარჩენილი და ნიდერლანდების ნაკრების დატოვება აღარ მინდოდა.

მარტში კი, როცა გავიგე, რომ ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართებოდა, ჩემი სიტუაციაც შეიცვალა.

მაისში კი ჯანმრთელობამ შემაშინა. როცა ასეთი რამ გემართება, როდესაც ირგვლივ ავადმყოფ
ხალხს ხედავ, ცხოვრება იცვლება. ჩემს შემთხვევაში ეს გულის შეტევა იყო, რომელმაც სხვადასხვა საკითხზე დამაფიქრა.

შესაძლოა, "ბარსელონას" გაწვრთნის შანსი ასე გამოიყურებოდა: ახლა ან არასდროს. უკვე 57 წლის ვარ, დიდი ხანია ვწვრთნი. არ მინდა კარიერის 70 წლის ასაკში დასრულება. დრო მოვიდა", - თქვა კუმანმა.

2020 წელს რონალდ კუმანმა გულის შეტევა და კორონავირუსი გადაიტანა: 3 მაისს ველოსიპედით 96 კილომეტრი გაიარა და თავი ცუდად იგრძნო. კუმანის მამა 75 წლის ასაკში გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

"ბარსელონა" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 ადგილს იკავებს. კუმანის გაწვრთნილი გუნდი "ატლეტიკოს" 8 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ