ექსპერიმენტები, წაგებები, ანტირეკორდები - რატომ მივიდა "ბარსელონა" აქამდე?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბლაუგრანასთვის" ახალი დეკადა საშინლად დაიწყო.

და მაინც, როგორ მივიდა კატალონიური კლუბი აქამდე?

მესი წავიდა

ყველაფერი ზაფხულში დაიწყო, როდესაც კლუბი უდიდეს ფინანსურ კრიზისში გადავარდა. ალბათ, უმეტესობა თვლიდა, რომ ლიონელ მესი "ლურჯ-ბროწეულისფერების" ღირსებას კიდევ რამდენიმე წლით დაიცავდა, თუმცა ეს ასე არ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი მზად იყო ხელფასი საგრძნობლად დაეკლო, ხელშეკრულება ვერ გაფორმდა.

ლეომ ესპანეთი თვალცრემლიანმა დატოვა და გადაბარგდა პარიზში, "ბარსელონამ" კი ახალი ცხოვრება
ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დაიწყო, ამავდროულად, რა თქმა უნდა, უდიდესი ფინანსური პრობლემებით.

რთულია, როდესაც მსგავსი კალიბრის ფეხბურთელს კარგავ, თუმცა კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებდა. მეტიც, მესის სათამაშო ნომერი ახალგაზრდა ანსუ ფატის გადასცეს (ესპანელი ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება), თუმცა თინეიჯერმა თითქმის მთელი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა.

ახალწვეულების გაფორმების პრობლემა

ფინანსური კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო გუნდს სერხიო აგუეროს, ერიკ გარსიას, მემფის დეპაისა და ლუკ დე იონგის გაფორმება გაუჭიანურდა.

ამავდროულად, გუნდში ფეხბურთელების გაყიდვა/განათხოვრება დაიწყო. ლაპორტასა და სხვა ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, 120 მილიონ ევროდ შეძენილი ანტუან გრიზმანი მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვეს, პიანიჩი - "ბეშიქთაშში"; მეტიც, მარჯვენა მცველიც (ემერსონი) კი გაყიდეს, არადა, გუნდს ამ პოზიციაზე ძალიან უჭირს.

საშინელი შედეგები

"ბარსელონამ" ლა ლიგაში სეზონი 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულად იყო... პირველივე ტურში კატალონიელები "ბაიერთან" 0:3 დამარცხდნენ, შემდეგ იმავე ანგარიშით "ბენფიკასთანაც" წააგეს...

შიდა ჩემპიონატში ქულების დაკარგვა გახშირდა, ლიგაზე კი მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს და ისიც კიევის "დინამოსთან"; ჩააგდეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა პორტუგალიელებთან, ბოლო ტურში კი "რეკორდმაისტერმა" "ბლაუგრანას" 3:0 სძლია და ევროპის ლიგისკენ მოისროლა.

გუნდს კარში დარტყმა აშკარად უჭირს, რაზედაც გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობაც მეტყველებს (2:9). მეტიც, პირველად ესპანელებმა ლიგის მე-3 ტურში გაისროლეს ზუსტად კარისკენ, რაც, დამეთანხმებით, საშინელი შედეგია. ლა ლიგაში კი ლიდერ მადრიდის "რეალს", არც მეტი და არც ნაკლები, 16 ქულით ჩამორჩებიან ("ბარსას" 23 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს).

რონალდ კუმანი

რატომ არ დაითხოვეს ნიდერლანდელი მალევე? როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა, რატომ არ გაათავისუფლა ხელმძღვანელობამ სპეციალისტი, რომელიც იმედებს ვერ ამართლებდა?

კუმანის ბოლო თვეს ყველაფერი საშინლად მიდიოდა, ექსპერიმენტები, წაგებები, ლუკ დე იონგის ტრანსფერი და ანტირეკორდები. მეტიც, კლასიკოს შემდეგ მწვრთნელის მანქანას თავს "ბლაუგრანას" გულშემატკივრები დაესხნენ.

შემდეგ თითქოსდა რაღაც უკეთესობისკენ უნდა წასულიყო, "ალ-სადიდან" გუნდში ხავი დაბრუნდა, ესპანელი სპეციალისტის ხელი ფეხბურთელებს აშკარად დაეტყო, მაგრამ ექსნახევარმცველს ხელში ჯადოსნური ჯოხი ხომ არ უჭირავს, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოქნევით მოაგვაროს? ალბათ, ყველა ერთ აზრზეა, რომ ნიდერლანდელი მალევე უნდა დაეთხოვათ და დღეს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ იქნებოდა.

ტრავმები, ტრავმები და კიდევ ტრავმები

ამ მომენტისთვის "ბლაუგრანას" რამდენიმე ლიდერი ტრავმირებულია.

გუნდში ყველაზე მეტი სერხიო ბუსკეტსმა და მემფის დეპაიმ ითამაშეს, ანსუ ფატიმ მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო, ბრაიტვეიტმა - 3-ში. უსმან დემბელე კი მოედანს დეკემბრის თვეში დაუბრუნდა (შედარებით უკეთაა ათამაშებული).

როგორც მოსალოდნელი იყო, პედრი გადაიწვა, "ოქროს ბიჭუნას" მოქმედმა გამარჯვებულმა 2021 წელი შეუსვენებლად ითამაშა, მისმა ორგანიზმმა კი ამდენს ვერ გაუძლო, სექტემბერში დაზიანება მიიღო და კლუბს მაშინ გამოაკლდა, როდესაც მისი ნიჭის მქონე ფეხბურთელები ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

აგუერომ კარიერა დაასრულა

არგენტინელი ფორვარდი გუნდის ერთ-ერთ იმედად მოგვევლინა. მართალია, სერხიოს მესისთან სურდა თამაში, თუმცა 7-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის წასვლის შემდეგ მისი კალიბრის ფორვარდის ყოლა უდიდესი ფუფუნება იყო. კუნი თავდაპირველად მოედანზე დაზიანების გამო ვერ გადიოდა, დაბრუნდა და მადრიდის "რეალსაც" გაუტანა.

თუმცა, სამწუხაროდ, "ალავესთან" მატჩის დროს სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ცვლილება მოითხოვა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექიმებმა ფეხბურთელს კარიერის დასრულება ურჩიეს.

ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რაც "ბლაუგრანას" თავს დაატყდა, თუმცა გუნდი საიმედო მწვრთნელის ხელშია, რომელსაც ეს ქალაქი და ეს კლუბი უყვარს. ყველაფერს დრო გვაჩვენებს. აღორძინდება თუ არა "ბარსელონა", ამას რამდენიმე წელიწადში ვნახავთ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით ბარსელონას მთავარი შეცდომა იყო მესის არ გაყიდვა თავის დროზე. პსჟ მაქსიმუმ 200 ან მინიმუმ 150 მილიონს იხდიდა ეხლა კი უფასოდ გაშვება მოუწიათ. არა და ამ ფულით 3-4 ვარსკვლავური ტალანტის დამატება შეიძლებოდა, გუნდს დღეს რომ გამოადგებოდნენ. ერთი ფეხბურთელის დატოვევამ შეიწირა მთელი გუნდი. აბა როგორია მესი უფასოდ გაუშვა გუნდიდან.
xxx
10 დეკემბერი 2021 14:30
2
აჰა, როგორც წესი, ყველაფერი "ბრალდება" მესის არა? თურმე მესი თავის დროზე, რომ არ გაყიდეს, გუნდი იმიტომ არის ამ დღეში?! ვაახ თქვენს ლოგიკას რა? ზუსტადაც მესი, რომ გაუშვეს და გუნდი დარჩა ლიდერის გარეშე, რომელიც ათრევდა გუნდს, იმიტომაც არის დღეს ბარსა ამ დღეში. მესის გვერდით ნებისმიერი ნიჭიერი ახალგაზრდა, უფრო მეტად დაიხვეწებოდა ,ეხლა ვისგან უნდა აიღონ მაგალითი? ერთი ძმურად მიმითითე რა?! დღევანდელ ბარსას ცუდი მდგომარეობის მიზეზი, ეძებე ბართომეუსთან და ლაპორტასთან, მესის კი შეეშვით და ნუ აკიდებთ ამათ, ცოდვებს!
XXX-s
11 დეკემბერი 2021 15:47
0
მხოლოდ მესის ყოფნას,ბარსელონასათვის სხვადასხვა წყაროებიდან,წლიურად 137 მილიონი ევრო შემოსავალი შემოჰქონდა.ბარტომეუს დამანგრეველი მოღვაწეობის შემდეგ,ლაპორტას უზარმაზარი ვალები დახვდა,თუმცა იმედი ჰქონდა,რომ მესი დარჩებოდა,მაგრამ ლა ლიგის განაწესის გამო,ეს ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა.ეს განაწესი,ლაპორტას უნდა სცოდნოდა და რაიმე გზა მოენახა.მესის დატოვების სურვილი,ყველაზე სწორი გზა იყო,რადგან მის გვერდით ეს უნიჭიერესი ბიჭები,მფარველის ფრთებქვეშ იქნებოდნენ და მათი გეგმაზომიერი განვითარება არ შეფერხდებოდა.დღევანდელი მდგომარეობით,მთელი დატვირთვა,18-19 წლის ბიჭებს დააწვათ და ისინი ამხელა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დატვირთვებს ვერ უძლებენ.აქედანაა ამდენი ტრავმებიც.გუნდს ყველა რგოლში სჭირდება გამოცდილი ლიდერი და ამას დამატებული ბელადი,რომელიც გუნდს წინ გაუძღვება.აგუერო ამ ამოცანას შეასრულებდა,მაგრამ ის გუნდს გამოაკლდა,მემფის დეპაი კი,ამ ამოცანას ვერ ასრულებს.ალბათ დე იონგებსაც მეტი მოეთხოვებათ,თუმცა გუნდში ლიდერად ქცევა,ასე ადვილად არ ხდება და ახლად მისული ფეხბურთელისათვის,ეს კიდევ უფრო ძნელია.ვფიქრობ ამ ზამთარს,ხავი კარგი,გამოცდილი მცველის და თავდამსხმელის შეძენას შეეცდება,თუმცა მანამდე,ჯერ საამისო ფული უნდა იშოვოს.კლუბს ვალებიც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება და მეშინია,ამ ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭების გაყიდვაც არ მოუწიოს, ბარსას.თუ ამის აუცილებლობა დადგება,ხავი ალბათ ლა მასიას აღზრდილების დატოვებას შეეცდება,რომლებსაც სისხლში აქვთ ბარსელონას ფილოსოფია.მერე კი,იქნებ მესის დაბრუნების საშუალებაც გამოჩნდეს.მის წასვლასაც ხომ ვერავინ იფიქრებდა.კარგი ოცნებაა,არა?მაგრამ, ზოგჯერ ოცნებაც ხომ ხდება.
სოსო
11 დეკემბერი 2021 13:27
0
ბარსელონას ხელმძღვანელობამ ბართომეუს მეთაურობით, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა კუმანი მოვიდა და კუმანის დაჟინებული თხოვნით, სუარესი გაუშვეს. მეორე უდიდესი დანაშაული კი რომელიც "ღალატის" ტოლფასი იყო, ლაპორტას დასტურით, ლეო მესი გაუშვეს გუნდიდან, ამ დროს მესი ყველანაირად მზად იყო , ნებისმიერ დათმობაზე წასულიყო, 50%-ითაც დაიკლო ხელფასი, მაგრამ თურმე სადა ვართ, ლაპორტას უკვე გამზადებული ქონია მზაკვრული გეგმა, მესის საწინააღმდეგოდ: ხოდა მოხდა, ის რაც მოხდა. მესის ნაირ ვარსკვლავს, რომ გუნდიდან "უშვებ" ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ გუნდი ფეხებზე გკიდია! არ ვიცი ბარსას რეგრესი როდის დამთავრდება, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდი,რომ იქნება ცხადზე,ცხადია!
ბართომეუ და ლაპორტა! თქვენს სინდისზეა, რაც დღეს ხდება, "უდიდეს გუნდში"
09 დეკემბერი 2021 14:52
4

სიახლეები პოპულარული