ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ გასვლაზე „რეალს“ 1:0 სძლია.
"ბარსამ" "რეალს" ბოლო 4 კლასიკოდან 3 მოუგო და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე "ბლანკოსის" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ. სტუმრებმა, რომლებსაც ტრავმირებული პედრი, დემბელე და ლევანდოვსკი ვერ დაეხმარნენ, თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 26-ე წუთზე მილიტაოს ავტოგოლით დაწინაურდნენ. "სამეფო გუნდი" ბევრს უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და დამარცხდა. თან, მადრიდელებს ბურთი კარში არ დაურტყამთ, რაც უკანასკნელად 2022 წლის 15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩში მოხდა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 6 აპრილს „კამპ ნოუზე“ ჩატარდება.
. ბუსკეტსი 46 ჩატარებული მატჩით ელ კლასიკოს რეკორდსმენი გახდა - მან მესისა და სერხიო რამოსის რეკორდი დაამხო.
. "ბარსას" მწვრთნელმა ხავიმ მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და "ვალენსიასთან" დაპირისპირებისას თავის გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ბარსელონა 0:1
გოლი: მილიტაო (26, საკ. კარში)