ევროპა ლიგის ლეგიონი - შეუტევენ ტრნაველები ორი ქართველით?

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართება და ქართული გუნდები კვლავ აგრძელებენ ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას, თუმცა დიდი ნაწილი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

D ჯგუფი - ზაგრების "დინამო" - ტრნავის "სპარტაკი" - 00:00

ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ორი ქართველი ვიხილოთ ერთდროულად მოედანზე. ვახტანგ ჭანტურიშვილი სლოვაკებისთვის შეუცვლელი ფიგურაა და ამავდროულად, შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო დავით სხირტლაძე ბოლოს ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა.

ეს ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩია. პირველი შეხვედრა ქართველი ლეგიონერების გუნდმა შინ 1:2 დათმო. მეორეადგილოსან "ფენერბახჩეს" ამ ეტაპზე 4 ქულა აქვს, ხოლო "სპარტაკს"
- 3. შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის.

E ჯგუფი - "ვორსკლა" - "ყარაბაღი" - 00:00

სანდრო კობახიძის ტრავმამ ფეხბურთელსაც გაუფუჭა საქმე და გუნდსაც. არადა, ქართველი ლეგიონერი გუნდისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ პოლტაველები შემდეგ ეტაპზე გავლენ. რაც შეეხება ანდრო გიორგაძეს, მას მიმდინარე სეზონში კლუბში არ სწყალობენ, თუმცა არც გამოვრიცხოთ, რომ სათადარიგოდ ვიხილოთ.

წინა შეხვედრაში უკრაინელებმა აზერბაიჯანში 1:0 იმარჯვეს და სავარაუდოდ, დღესაც ყველაფერს მოგებით დაასრულებენ. შანსი, რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლის არის, თუმცა კონკურენციაში "არსენალი" და "სპორტინგია".

F ჯგუფი - "ოლიმპიაკოსი" - "დუდელანჟი" - 00:00

ლევან ყენიას გუნდისთვის წარმატებაა ის, რომ ევროპა ლიგაზე თამაშობს და ლუქსემბურგში ამით მუდამ იამაყებენ. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ის პერიოდულად ჩანს სამატჩო განაცხადებში და რთულია, თქვა, იქნება დღეს თუ არა.

"დუდელანჟმა" წინა შეხვედრა "ოლიმპიაკოსთან" 0:2 დათმო, ჯგუფში სამივე წაგება აქვს და თეორიული შანსია იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხოს.

G ჯგუფი - მოსკოვის "სპარტაკი" - "რეინჯერსი"- 21:55

ჯანო ანანიძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა ჯერ კიდევ სათამაშო დრო არა აქვს და დღესაც, ალბათ, სათადარიგო შემადგენლობაში იქნება.

წინა შეხვედრა ამ გუნდებს შორის შოტლანდიაში ფრედ დასრულდა. მოსკოველებს მხოლოდ ორი ქულა აქვთ, თუმცა ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი "ვილიარეალი" მხოლოდ 5 ქულით დაიკვეხნის.

J ჯგუფი - "კრასნოდარი" - "სტანდარტი" - 21:55

თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ტრავმიდან აღდგენის პროცესშია და დღეს ვერ იქნება.

"კრასნოდარი" კი ერთადერთი გუნდია ქართველთა გუნდებს შორის, რომელიც ჯგუფში გამსვლელ პოზიციას იკავებს, ისინი მეორე ადგილზე არიან და "სევილიას" ბურთების რაოდენობით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ამ გუნდების წინა დაპირისპირებას, რუსები ბელგიაში 1:2 დამარცხდნენ.

alt ევროპა ლიგა. III ტური: ჭანტურიშვილმა და სხირტლაძემ "ტრანავას" ვერ უშველეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული