"რეკორდმაისტერის" მთავარი საშინაო დავალება კი ზედიზედ ხუთჯერ მოგებული ტიტულის დაცვაა. კარლო ანჩელოტის გუნდს მძაფრი კრიტიკა დაატყდა თავს უხეირო წინასასეზონო კამპანიის გამო. კლუბის ლეგენდებმა, შტეფან ეფენბერგმა და ოლივერ კანმა, შეახსენეს მთავარ მწვრთნელს, რომ ეს სეზონი მისთვის გადამწყვეტი
ამასთან, კანი კლუბის შეფებსაც მიმართავს - ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გინდათ, მარტო მწვრთნელს კი ნუ სთხოვთ პასუხს, კეთილი ინებეთ და მეტი ფული დახარჯეთო...
დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს. "ბაიერნი" წინა ხაზზე ყოჩაღადაა, დამრტყმელი ძალა მწყობრშია, თუმცა სხვა რგოლებში დანაკლისია - დაცვაში არ არიან ჯერომ ბოატენგი და ხუან ბერნატი, ნახევარდაცვას კი აკლია საყრდენი - ხავი მარტინესი.
ტრავმირებულია ახალწვეული შემტევი ხამეს როდრიგესი, ისევე, როგორც ტიაგო ალკანტარა, თუმცა პირველი 3 ქულისთვის ანჩელოტი ფრანკ რიბერის, არიენ რობენის, თომას მიულერისა და რობერ ლევანდოვსკის კვარტეტის "ამარაც" არ უნდა იყოს "უიმედოდ".
"კიკერის" ვარაუდით, კარში ვიხილავთ გამოჯანმრთელებულ მანუელ ნოიერს. ბოატენგის ადგილზე "ჰოფენჰაიმიდან" მოსული ნიკლას ზიულეს გამოჩენაა მოსალოდნელი, ნახევარდაცვაში კი საინტერესო იქნება კორენტენ ტოლისოს ("ლიონიდან") ბუნდესლიგური დებიუტი. აქ კიდევ ერთი ახალი სახეა - სებასტიან რუდი, რომელიც "რეკორდმაისტერში" ასევე "ჰოფენჰაიმიდან" გადაიყვანეს.
თითქმის ყველაფერი ვთქვით, მაგრამ მაინც გადავხედოთ "ბაიერნის" სავარაუდო შემადგენლობას, რომელსაც "კიკერი" გვთავაზობს:
ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტოლისო, რუდი - მიულერი, რობენი, რიბერი - ლევანდოვსკი.
და ბოლო მონაცემი ამ მატჩზე - "ლევერკუზენმა", რომელსაც ჰაიკო ჰერლიხის (90-იანი წლების "დორტმუნდის" ფორვარდი) სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, მიუნხენის "ალიანც არენაზე" ბოლოს 2012 წელს მოიგო (2:1). სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი კი "ფარმაცევტებმა" ახლახან გერმანიის თასზე ჩაატარეს და მხოლოდ დამატებით დროში გატეხეს მესამელიგელი "კარლსრუე" (3:0).
შაბათს "დორტმუნდი" გასვლაზე ეთამაშება "ვოლფსბურგს". პიტერ ბოსის განკარგულებაში ვერ იქნებიან მცველი ერიკ დურმი, ნახევარმცველი სებასტიან როდე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სათამაშო მატჩში დაშავდა, და რაც მთავარია - მარკო როისი, ვინც კვლავ ტრავმირებულია. საეჭვოა, ითამაშებენ თუ არა მარიო გიოტცე და მარსელ შმელცერი.
კითხვის ნიშნის ქვეშაა უსმან დემბელეს საკითხიც, ვისაც "ბარსელონა" იწვევს და რაკი ტრანსფერი ახლოსაა (შესაძლოა, ამ წერილს რომ წაიკითხავთ - უკვე განხორციელებულიც), ცხადია, ბოსი მის გარეშე დააკომპლექტებს ძირითად შემადგენლობას.
ბუნდესლიგა. I ტური
პარასკევი. 18 აგვისტო
ბაიერნი-ლევერკუზენი 22:30
შაბათი. 19 აგვისტო
მაინცი-ჰანოვერი 17:30
ჰამბურგი-აუგსბურგი 17:30
ჰერტა-შტუტგარტი 17:30
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 17:30
ვოლფსბურგი-დორტმუნდი 17:30
შალკე-ლაიპციგი 20:30
კვირა. 20 აგვისტო
ფრაიბურგი-აინტრახტი 17:30
გლადბახი-კიოლნი 20:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"