ბუნდესლიგა. XXIV ტურის წინ: დაარღვევს ტრადიციას "ბაიერნი"?

AutoSharing Option
ბუნდესლიგას ვერ მიეკარები, თუ "ბაიერნით" არ დაიწყე. მიუნხენურ გრანდს ჩემპიონობა რომ უდევს, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ტურნირი გრძელდება და ჩვენც ვალდებულნი ვართ, "რეკორდმაისტერს" ქედი მოვუხაროთ.

"ბაიერნი" კარგ ხასიათზე ხვდება "ჰერტასთან" მატჩს, რაკი ჩემპიონთა ლიგაში იუპ ჰაინკესის ბიჭებმა "ბეშიქთაში" გაანადგურეს და არაოფიციალურად გაინაღდეს მეოთხედფინალში თამაშის უფლება.

"ბაიერნმა" თამაში კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ მერე ცალკე კლასი დაეხმარა და ცალკე - მატჩის დასაწყისში გაძევებული "ბეშიქთაშის" ხორვატი მცველი დომაგოი ვიდა.

"ჰერტასთან" თამაში "ბაიერნისთვის" პრინციპულ ხასიათს ატარებს. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების ბოლო 2
მატჩი ფრედ დასრულდა, ბავარიელები კი ასეთ რამეებს ადვილად ვერ ივიწყებენ. გერმანული საინფორმაციო საშუალებები ვარაუდობენ, რომ ჰაინკესმა, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს.

ძალიან კარგი თამაში უნდა ვნახოთ ლევერკუზენში, სადაც "შალკე" სტუმრობს. "ხუმარებს", შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდეთ და მათ შორის - ლეონ გორეტცკა, მაგრამ არა გვგონია, ამან თამაშის ხარისხზე დიდად იმოქმედოს. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

"დორტმუნდი" მისთვისაც და მეტოქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში, "აუგსბურგს" ეთამაშება. თუ მიში ბატშუაიმ ისე ითამაშა, როგორც ბოლო დროს ირჯება, "აუგსბურგს" კარგი დღე არ დაუდგება.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების კიდევ ერთი პრეტენდენტი "ლაიპციგი" "კიოლნს" შეხვდება და, რა თქმა უნდა, ფავორიტი იქნება. ეს გუნდები ბუნდესლიგაში ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ და გოლები სამივე თამაშში გავიდა. რაღა მაინცდამაინც ეს მატჩი უნდა გამოდგეს უგოლო? მით უმეტეს, გოლები ჰაერივით სჭირდებათ გადარჩენისთვის მებრძოლ "თხებსაც".

დაბოლოს, შევნიშნოთ, რომ "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება ბრუნო ლაბადიას, ვინც ამ პოსტზე მარტინ შმიდტი შეცვალა. ვნახოთ, დაეხმარება თუ არა ეს ცვლილება "მგლებს". ნათქვამია, ახალი ცოცხი კარგად გვისო...

ფაქტები
  • ოთხი მატჩია, "ვოლფსბურგმა" გამარჯვების გემო არ იცის.
  • "ბაიერნსა" და "ჰერტას" შორის ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ჰანოვერმა" ბოლო 3 შეხვედრაში გაუშვა და გაიტანა.
  • "შტუტგარტისა" და "აინტრახტის" ბოლო 9 დაპირსპირებაში ორივემ გაიტანა.
  • "ლევერკუზენისა" და "შალკეს" ბოლო ლევერკუზენული მატჩი "შალკემ" მოიგო.
  • "ჰოფენჰაიმისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 9 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "დორტმუნდისა" და "აუგსბურგის" ბოლო 3 შეხვედრიდან 2 ფრედ დასრულდა.

ბუნდესლიგა. XXIV ტური
პარასკევი, 23 თებერვალი
მაინცი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 0:1 იოსიპ ბრეკალო (6), 1:1 იოშირი მუტო (44)

შაბათი, 24 თებერვალი
ბაიერნი-ჰერტა 18:30
ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 18:30
ჰანოვერი-გლადბახი 18:30
შტუტგარტი-აინტრახტი 18:30
ვერდერი-ჰამბურგი 21:30

კვირა, 25 თებერვალი
ლევერკუზენი-შალკე 18:30
ლაიპციგი-კიოლნი 21:00

ორშაბათი, 26 თებერვალი
დორტმუნდი-აუგსბურგი 23:30

ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული