ბუნდესლიგა. II ტურის წინ: "რეკორდმაისტერს" რევანში უნდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" რევანში სწყურია. ჯერ ერთი, "შტუტგარტი" ტრადიციული მეტოქე და ოდინდელი საჯილდაო ქვაა. მეორეც, ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" 4 გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთი გაიტანა...

მას შემდეგ, რაც "ბაიერნი" ნიკო კოვაჩმა ჩაიბარა, თითქოს ფეხბურთელებს ახალი და გვარიანი მოტივაცია გაუჩნდათ. ერთი შეხედვით, ძალზე მონდომებული ჩანს თვით რობერტ ლევანდოვსკიც, ვინც ამ ზაფხულს გუნდის დატოვებას აპირებდა და მხოლოდ მას შემდეგ დარჩა "ბაიერნში", რაც კლუბის ხელმძღვანელობამ მის გაყიდვაზე სასტიკი უარი განაცხადა.

ნებისმიერ შემთხვევაში, წყვილის ფავორიტი "ბაიერნია". რაც მთავარია, ჯანზე არიან გუნდის ლიდერები -
არიენ რობენი და ფრენკ რიბერი. ერთადერთი პრობლემა, რომელიც მიუნხენელებს აწუხებთ, კინგსლი კომანის ტრავმაა. ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი პირველ ტურში დაშავდა და დიდხანს მოუწევს მკურნალობა.

"ბაიერნის" მთავარ კონკურენტად მაინც "დორტმუნდი" უნდა მივიჩნიოთ. მით უმეტეს, ამ უკანასკნელმა ბოლო დროის მთავარი პრობლემა მოხსნა და კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი დაიქირავა. ფავრი შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარია - იმ სტილის, რომელიც ძალიან უხდება "დორტმუნდს".

ცალკე უნდა აღინიშნოს პაკო ალკასერის ტრანსფერი "ბარსელონადან". ფაქტია, ესპანელი ვერ გამოადგა კატალონიურ გრანდს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უსარგებლო იქნება "დორტმუნდისთვის". "ჰანოვერთან" გასვლით შეხვედრაში ფავრის გუნდი უდავო ფავორიტია, თანაც, მეტოქისგან განსხვავებით, ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

"ვოლფსბურგთან" წაგების შემდეგ "შალკეს" აღარაფერი დარჩენია, თუ არა "ჰერტას" დამარცხება და სტარტზე ხასიათის გამოკეთება. ეს კი იოლი ნამდვილად არ იქნება. ალბათ, ამ მატჩში ნაკლებად უნდა გვქონდეს თვალსასეირო ფეხბურთის მოლოდინი.

"ლევერკუზენი" საშინაო ასპარეზზე მიიღებს "ვოლფსბურგს". მასპინძლები ყოველნაირად ეცდებიან, "გლადბახთან" სასტარტო მარცხის (0:2) შემდეგ ქომაგები გაახარონ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ორივე გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება.

ფაქტები
  • "დორტმუნდმა" ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოუგო "ჰანოვერს".
  • "გლადბახმა" ბოლო 2 შეხვედრაში აჯობა "აუგსბურგს".
  • "ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა ერთი გოლი მაინც.
  • "მაინცმა" ბოლო 2 დაპირისპირებაში დაამარცხა "ნიურნბერგი".
  • "აინტრახტისა" და "ვერდერის" ბოლო 4 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "შტუტგარტმა" ბოლო მატჩი "ბაიერნს" 4:1 მოუგო.
  • "შალკესა" და "ჰერტას" შორის ბოლო 5 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. II ტური
პარასკევი, 31 აგვისტო
ჰანოვერი-დორტმუნდი 22:30

შაბათი, 1-ლი სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 17:30
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 17:30
აინტრახტი-ვერდერი 17:30
აუგსბურგი-გლადბახი 17:30
ნიურნბერგი-მაინცი 17:30
შტუტგარტი-ბაიერნი 20:30

კვირა, 2 სექტემბერი
ლაიპციგი-ფორტუნა 17:30
შალკე-ჰერტა 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ