"დორტმუნდმა" ბუნდესლიგა და ევროსეზონი რიხიანად განაახლა [VIDEO]

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ზოგიერთმა ლიგამ კორონავირუსის გამო სეზონი ვადამდე დაასრულა, ბუნდესლიგის გუნდებმა არათუ ვარჯიშები განაახლეს, არამედ ჩემპიონატიც კი დაიწყეს. გერმანია მართლაც ყველასთვის მაგალითის მიმცემია.

ტურის ცენტრალური მატჩი დორტმუნდში გაიმართა, სადაც "ბორუსიამ" რურულ დერბიში "შალკეს" უმასპინძლა. უჩვეულო სანახავი გახლდათ მუდამ პირთამდე სავსე, მოგუგუნე "სიგნალ იდუნა" პარკის ცარიელი და დადუმებული ტრიბუნები. თუმცა, სულ არარაობას კიდევ ეს სჯობია, თანაც, გაცილებით.

"დორტმუნდმა" თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია და განახლებულ ბუნდესლიგაში პირველი გოლი ჰოლანმა გაიტანა. გუნდმა ანგარიშის გახსნა სოციალური დისტანციის დაცვით აღნიშნა. ნორვეგიელის ანგარიშზე ბუნდესლიგის 9 მატჩში 10
გოლია. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი გერეირუმ დაამწუხრა გელზენკირჰენელები. შესვენების შემდეგ შუბერტის კარი ტორგან აზარმა დალაშქრა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა, ხოლო შემდეგ  გერეირუმ დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში და ბუნდესლიგის ისტორიაში თავისი გუნდის მე-800 გამარჯვება დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდს" "შალკე" საკუთარ მოედანზე ბოლოს 2015 წელს ჰყავდა დამარცხებული.

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგის უკანასკნელი ხუთივე მატჩი საერთო ანგარიშით 13:1 მოიგო.

აკი თქვა გუშინ "დორტმუნდის" ნახევარმცველმა როისმა, კარგად მოვემზადეთ, ჩემპიონობის მოპოვება რთული იქნება, მაგრამ ეს რეალურიაო.

29 წლის მეკარე ბიურკიმ "დორტმუნდში" მე-200 მატჩი ჩაატარა.

მასპინძელთა 17 წლის ნახევარმცველმა რეინამ მოთელვაზე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ტორგან აზარმა ითამაშა.

დორტმუნდი - შალკე 4:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (29), 2:0 გერეირუ (45), 3:0 ტ. აზარი (48), გერეირუ (63)


"ლაიპციგი" სახლში წაგებას გადაურჩა "ფრაიბურგთან", ჯერჯერობით კვლავ მესამე პოზიციაზეა და მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 3 ქულით ჩამორჩება.

აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა ბოლო 3 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, უკანასკნელ 8 ტურში კი მხოლოდ 2 გამარჯვება იზეიმა.

ლაიპციგი - ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 გულდე (34), 1:1 პოულსენი (77)


ჰოფენჰაიმი - ჰერტა 0:3
გოლები: 0:1 პეკარიკი (58), 0:2 იბიშევიჩი (60), 0:3 კუნია (74)

ფორტუნა - პადერბორნი 0:0

აუგსბურგი - ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 0:1 სტეფენი (43), 1:1 იერვაი (54), 1:2 გინჩეკი (90+1)

დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე "აინტრახტისა" და "გლადბახის" მატჩი დაიწყება, ხოლო 17 მაისს კიდევ ორი დაპირისპირება გაიმართება: "კიოლნი" - "მაინცი" და "უნიონი" - "ბაიერნი".

ასევე დაგაინტერესებთ