ბუნდესლიგის სტატისტიკა ცხადყოფს - ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთი შეცვალა

AutoSharing Option
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატი, ბუნდესლიგა დაბრუნდა და არსებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ტრიბუნებზე მაყურებელთა დაუსწრებლობამ მატჩების ანგარიშებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

DW-ის რეპორტის მიხედვით, გერმანიის ჩემპიონატის განახლების შემდეგ მასპინძლები შეხვედრათა მხოლოდ 18%-ში იმარჯვებენ. ჩატარებული 33 შეხვედრიდან კლუბებმა საშინაო არენაზე გამართული მხოლოდ 6 მატჩი მოიგეს. გასვლაზე გამარჯვების მაჩვენებელი კი 48% გახდა, 11%-ით მეტი, ვიდრე იქამდე იყო.

მაგალითად, 28-ე ტურში "შალკე" საკუთარ მოედანზე "ვერდერთან" დამარცხდა (0:1), თუმცა ტრიბუნებზე მყოფი 60 000 ფანის თვალწინ სულ სხვა თამაში იქნებოდა. ამავე ტურში საშინაო მატჩები "მაინცმა" და
"ვოლფსბურგმა" წააგო. "ფრაიბურგის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა განაცხადა, რომ ცარიელი ტრიბუნები პატარა კლუბებისთვის უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე ტოპ კლუბებისათვის.

ჩემპიონატს კი მიუნხენის "ბაიერნი" ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდის "ბორუსიას" 10 ქულით უსწრებს("ბორუსიას" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული).

ევროპის წამყვანი ჩემპიონატების განახლება უახლოეს მომავალში, ასევე მაყურებლების გარეშე იგეგმება. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში კი მატჩებს სტადიონის ტევადობის 10% დაესწრება.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით