ბუნდესლიგა: არაფერი ახალი - "ბაიერნი" ჩემპიონია, "დორტმუნდი" ვიცეჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 33-ე ტურში ცხრავე მატჩი გაიმართა.

"დორტმუნდმა" სტუმრად 2:0 სძლია უშუალო კონკურენტ "ლაიპციგს", ზედიზედ მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედლები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური.

ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა, მან ბუნდესლიგის 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა, სულ კი ყველა ტურნირზე "დორტმუნდში" 17 შეხვედრაში 15-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. სეზონის პირველი ნაწილი ნორვეგიელმა "ზალცბურგში" ჩაატარა და მთლიანობაში სეზონში მის ანგარიშზე 39 მატჩში 44 გოლია.

ლაიპციგი - დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 ჰოლანი (30), 0:2 ჰოლანი (90+3)


"ბაიერნმა", რომელიც გასულ ტურში
ოცდამეათედ გახდა ჩემპიონი, ნახევრადსარეზერვო შემადგენლობით სახლში 3:1 მოუგო "ფრაიბურგს".

დუბლის ავტორმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე ტურნირზე 33 გოლი გაიტანა და გერმანიის ჩემპიონატზე ლეგიონერებს შორის "დორტმუნდის" ყოფილი თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ 2016/17 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი მოხსნა. პოლონელმა ფორვარდმა ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 48 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა.

ბაიერნი - ფაიბურგი 3:1
გოლები: 1:0 კიმიჰი (15), 2:0 ლევანდოვსკი (24), 2:1 ჰიოლერი (33), 3:1 ლევანდოვსკი (37)


სხვა მატჩები

ფორტუნა - აუგსბურგი 1:1
კიოლნი - აინტრახტი 1:1
ჰერტა - ბაიერი 2:0
ჰოფენჰაიმი - უნიონი 4:0
მაინცი - ვერდერი 3:1
პადერბორნი - გლადბახი 1:3
შალკე - ვოლფსბურგი 1:4