პრემიერლიგა. XXXIV ტური: "იუნაიტედმა" "სიტი" ჩემპიონად გამოაცხადა [VIDEO]

AutoSharing Option
"უემბლიზე" გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" 3 ქულაღა სჭირდება ჩემპიონობის გასაფორმებლად, თუმცა ეს შეიძლება შუა კვირაშივე მოხდეს, თუ "იუნაიტედი" "ბორნმუთთან" დამარცხდება. ყოველ შემთხვევაში, ასეც და ისეც, ეს ყველაფერი მხოლოდ დროის ამბავია...

სწორი დასკვნები
მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მისმა გუნდმა შეიძლება თითქმის განაღდებული ჩემპიონობა... დაკარგოს. ვეჭვობთ, პეპი ამ შემთხვევაში არ იყო გულწრფელი. ცხადია, მას ეს სიტყვები ფეხბურთელების მოტივირებისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მეტი არაფერი...

მოტივირება კი აუცილებელი იყო "სიტისთვის", რადგან ბოლო თამაშებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ გვარდიოლას ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს ჩემპიონობა და
ეგებ, იმისი იმედიც ჰქონდათ, რომ "ლივერპულის" ბარიერსაც უმტკივნეულოდ დაძლევდნენ მთავარი ევროთასის მეოთხედფინალში...

ცხადია, თავად გვარდიოლა, თავისი ნატურიდან გამომდინარე, ასე ვერ იფიქრებდა, მაგრამ ეტყობა, ერთი ამოსუნთქვით ჩატარებულმა სეზონმა მის შეგირდებს ზედმეტი თავდაჯერება გაუღვივა...

"ქალაქელები" დომინირებდნენ "ტოტენჰემთან" პირველ ტაიმში, მაგრამ ასე იყო წინა ორ მატჩშიც და აკი ვიცით, როგორი დასასრული ჰქონდათ ამ მატჩებს. შეიძლება კრისტიან ერიქსენის (5 გოლი ბოლო 4 მატჩში) მიერ ტაიმის ბოლოს გატანილმა გოლმა ერთგვარი შიშიც გაუჩინა სტუმარს...

მაგრამ მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ წინა მატჩებიდან სწორი დასკვნებია გამოტანილი. "სიტიმ" არ დაკარგა თამაშზე კონტროლი და მეტიც - უფრო დამაჯერებელი გახადა პირველ 45 წუთში მოპოვებული უპირატესობა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ კევინ დე ბრუინი იყო, ვინც უნარიანად დირიჟორობდა (მარტო რაჰიმ სტერლინგისთვის გაკეთებული პასი რად ღირდა) თამაშს შეტევის მთელ ფრონტზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულიად დამსახურებულადაა მთავარი ფავორიტი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჯილდოსთვის ბრძოლაში.


ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე პრემიერლიგაში მე-14 საგარეო მატჩი მოიგო. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ცალკე აღებულ სეზონში უფრო მეტი თამაში ჰქონდა მოგებული სტუმრად, იყო "ჩელსი" 2004/05 წლების სეზონში.
  • რაჰიმ სტერლინგმა ("სიტი") მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 22 გოლი გაიტანა, რაც, სულ მცირე, ორჯერ მეტია მის მიერ წინა ორ სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე.
  • გაბრიელ ჟეზუშმა ("სიტი") ძირითად შემადგენლობაში დაწყებულ 34 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) მონაწილეობა მიიღო 27 გოლში (20 გაიტანა, 7 გაატანინა).
  • 2014 წლის აგვისტოს ("ლივერპულთან" 0:3) შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად წააგო საშინაო მატჩი ორი (და მეტი) ბურთის სხვაობით.
  • პრემიერლიგის ბოლო 59 მატჩში "ტოტენჰემის" კარში პირველად დაინიშნა 11-მეტრიანი.

სალაჰი რაშს უახლოვდება
მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, რობერტო ფირმინო - "ლივერპულის" ბრწყინვალე ტრიომ თითო გოლი იკმარა "ბორნმუთთან" მატჩში და ლამაზად დაასრულა ერთობ შინაარსიანი კვირა, რომელმაც იურგენ კლოპის გუნდს დამსახურებულად არგუნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ბილეთი.

ზემოთ ნახსენებმა სამეულმა მიმდინარე პრემიერლიგაში "ლივერპულის" 78 გოლიდან თავის წილად 55 შეაგდო, რაც 70 პროცენტს უტოლდება. ამას გარდა, სალაჰი (40 გოლი ყველა ტურნირის ჩათვლით) უახლოვდება "ლივერპულის" ლეგენდარული უელსელი ფორვარდის, იან რაშის რეკორდს, რომელიც 1983/84 წლების სეზონში დამყარდა - 47 გოლი.

თუმცა ამ დაუსრულებელი შოუს ავტორის უპირატესობა ის არის, რომ 40 გოლისთვის მას 45 მატჩი დასჭირდა, რაშს კი - 65 (იმ სეზონში ინგლისის მთავარი ლიგა 22-გუნდიანი იყო და რაშმა მარტო ჩემპიონატში 41 მატჩი ჩაატარა).


ფაქტები
  • "ლივერპული" დაუმარცხებელია პრემიერლიგის ბოლო 19 საშინაო მატჩში, რაც უგრძესი სერიაა მიმდინარე სეზონში, ხოლო თავად "ლივერპულისთვის" მეორე მაჩვენებელია 2009 აგვისტოს შემდეგ, როცა დასრულდა ამ გუნდის 31-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია.
  • სადიო მანე ("ლივერპული") პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სენეგალელი ფეხბურთელი გახდა - 44 გოლი. მეორე ადგილზეა დემბა ბა - 43 გოლი.
  • მოჰამედ სალაჰი მე-8 ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ერთ ჩემპიონატში 30 და მეტი გოლი გაიტანა. ასევე, ის პირველი აფრიკელია, ვინც ამ ზღვარს უწია.
  • როჰერ ჰანტისა (1961/62 - 42) და იან რაშის (1983/84 - 47, 1986/87 - 40) შემდეგ მოჰამედ სალაჰი მე-3 ფეხბურთელია "ლივერპულის" ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 40 და მეტი გოლი გაიტანა.

ბომბარდირი სკამიდან
"ჩელსი" ძლივს გადაურჩა მორიგ უღიმღამო ფინალს. მატჩის პირველი 60 წუთი ანტონიო კონტეს გუნდს კარგს არაფერს უქადდა. ამის მერე კი მთავარ როლში ვიხილეთ ოლივიე ჟირუ, ვინც შეცვლაზე შესვლის შემდეგ დუბლი შეასრულა. ფრანგი ფორვარდი იანვრიდან ირიცხება "ჩელსიში" და აქამდე მხოლოდ თასზე ჰქონდა გატანილი ერთი გოლი.

საერთოდ, მან პრემიერლიგურ კარიერაში შეცვლაზე 19 გოლი შეაგდო. უკეთესი შედეგი (24 გოლი) მხოლოდ ჯერმეინ დეფოს აქვს. ამასთან, 31 წლის ფორვარდი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბომბარდირია (6 გოლი) იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც გოლები სწორედ სამარქაფოთა სტატუსით გაიტანეს.

ზოგადად "ჩელსის" რაც შეეხება, "არისტოკრატებს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი აქვთ, თუმცა კონტე არწმუნებს ქომაგებს, რომ მისი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ რაც შეიძლება უკეთესი დასასრულისთვის.

და კიდევ - კონტეს გადაწყვეტილებით, ლონდონელთა განაცხადში არ ყოფილა გერმანელი მცველი ანტონიო რიუდიგერი, ვინც "ვესტ ჰემთან" წინა ტურის მატჩის (1:1) შემდეგ მწვრთნელს ტაქტიკური სვლები დაუწუნა.


ფაქტები
  • "საუთჰემპტონმა" თავის ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ 2 მატჩი ისე, რომ თითოეულ ამ შეხვედრაში 2 (ან მეტი) ჰქონდა გატანილი.
  • 2002 წლის აგვისტოს (3:2 "ჩარლტონთან", კლაუდიო რანიერის მწვრთნელობის დროს) შემდეგ "ჩელსიმ" პირველად შეძლო ისეთი თამაშის მოგებას, რომელსაც 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა.
  • "ჩელსიმ" პირველად შეძლო ინგლისის მთავარ ლიგაში "საუთჰემპტონის" ზედიზედ 5-ჯერ დამარცხება.
  • ედენ აზარმა "ჩელსის" მაისურით 69-ე გოლი გაიტანა. ლონდონური კლუბის ბომბარდირებს შორის მასზე მეტი მხოლოდ ფრენკ ლემპარდს (147) და დიდიე დროგბას (104) აქვთ გატანილი.

შენარჩუნებულია!
"არსენალი", რომელიც მთლიანად ევროპალიგაზეა გადართული, "ნიუკასლთან" დამარცხდა, არადა, თავიდან იგებდა ალექსანდრ ლაკაზეტის გოლით. პასი კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ითავა.

უცნაურია, რომ არსენ ვენგერმა ისინი პირველად დააყენა ერთად ძირითად შემადგენლობაში.
თავის მხრივ, "ნიუკასლს" უკვე შეუძლია, მშვიდად იყოს. პრაქტიკა გვასწავლის, რომ 40 ქულა (და მეტი) ის მინიმალური ზღვარია, რომელიც ლიგაში დარჩენის გარანტიას იძლევა.

ფაქტები
  • ალექსანდრ ლაკატეზის მიერ გატანილი გოლი "არსენალისთვის" მე-100 იყო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით. "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" შემდეგ "არსენალი" მეოთხე გუნდია, ვინც ამ სეზონში აღნიშნულ ზღვარს უწია.
  • "არსენალი" ერთადერთი გუნდია ინგლისის ოთხ მთავარ დივიზიონში, რომელსაც 2018 წელს ერთი გასვლითი მატჩიც არ მოუგია.

ტურის სხვა ფაქტები
  • "ვესტ ბრომვიჩმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგის ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).
  • "ვესტ ბრომვიჩმა" დარენ მურის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვა, იმდენი, რამდენიც მისი წინამორბედის, ალან პარდიუს თავკაცობით - ბოლო 11 მატჩში.
  • 13 იანვრის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩმა" პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სტუმრად ასევე პირველი - 19 აგვისტოს შემდეგ.
  • "ბარნლიმ" პირველად შეძლო პრემიერლიგის მატჩის საწყის 10 წუთში 2 გოლის გატანა. დროის ამავე მონაკვეთში, 2003 წლის აგვისტოს შემდეგ "ლესტერმა" პირველად გაუშვა 2 გოლი.
  • "კრისტალ პალასმა" დაასრულა საკუთარ მოედანზე 4-მატჩიანი წარუმატებელი სერია (1 ფრე, 3 წაგება), 2017 წლის მაისის შემდეგ პირველად შეძლო შინ 3 (და მეტი) გოლის გატანა.
  • პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ გუნდებმა (ან გუნდმა) პირველ ტაიმში 5 გოლი ("კრ. პალასი"-"ბრაიტონი" 3:2) გაიტანეს.
  • ვილფრიდ ზაჰამ ("კრ. პალასი") 2015 წლის მაისის შემდეგ პირველად შეძლო პრემიერლიგის ზედიზედ ორ მატჩში გატანა.
  • "ჰადერსფილდმა" პრემიერლიგის ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 2 მოიგო, მაშინ, როცა წინა 5-დან ვერ მოიგო ვერც ერთი.
  • დეკემბრის შემდეგ "უოტფორდმა" სტუმრად მხოლოდ 1 ქულა (30 შესაძლებლიდან) აიღო.
  • "სუონსიმ" "ევერტონთან" ბოლო 8 ურთიერთდაპირისპირებიდან მხოლოდ 1 წააგო (2 მოგება, 5 ფრე).
  • 2014/15 წლების სეზონის შემდეგ "სუონსის" ფეხბურთელებმა 13 ავტოგოლი გაიტანა - მინიმუმ 5-ჯერ მეტი, ვიდრე პრემიერლიგის სხვა რომელიმე გუნდმა.

პრემიერლიგა. XXXIV ტური

საუთჰემპტონი-ჩელსი 2:3
გოლები: 1:0 ტადიჩი (21), 2:0 ბედნარეკი (60), 2:1 ჟირუ (70), 2:2 აზარი (75), 2:3 ჟირუ (78)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, კრისტენსენი - ძაპაკოსტა (61. პედრო), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი, აზარი (86. მოზესი) - მორატა (61. ჟირუ).

ბარნლი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 ვუდი (6), 2:0 ლონგი (9), 2:1 ვარდი (72)

კრ. პალასი-ბრაიტონი 3:2
გოლები: 1:0 ზაჰა (5), 2:0 ტომკინსი (14), 2:1 მარეი (18), 3:1 ზაჰა (24), 3:2 ისკიერდო (34)

ჰადერსფილდი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ინსი (90+1)

სუონსი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 ნაფტონი (43-საკ. კარში), 1:1 ჯ. აიუ (72)

ლივერპული-ბორნმუთი 3:0
გოლები: 1:0 მანე (7), 2:0 სალაჰი (69), 3:0 ფირმინო (90)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი (83. კლავანი), ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - სალაჰი, ფირმინო (90+1. სოლანკე), მანე (77. მილნერი).

ტოტენჰემი-მანჩესტ. სიტი 1:3
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (22), 0:2 გიუნდოგანი (25-პენ), 1:2 ერიქსენი (42), 1:3 სტერლინგი (72)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე (73. ლუკას მოურა) - ერიქსანი, ალი (84. სისოკო), ლამელა (64. სონი) - კეინი.
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ლაპორტი, დელფი - დე ბრუინი (89. ტურე), გიუნდოგანი, დავიდ სილვა - სტერლინგი, სანე (64. ოტამენდი), გაბრიელ ჟეზუში (76. ბერნარდო სილვა).

ნიუკასლი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (14), 1:1 პერესი (29), 2:1 რიჩი (68)
არსენალი (4-3-3): ჩეხი - ჩემბერსი (78. მეიტლანდ-ნაილსი), მუსტაფი, ჰოლდინგი, მონრეალი - ელნენი, ჯაკა, უილკოკი (68. უელბეკი) - ივობი (86. ნკეტია), ობამეიანგი, ლაკაზეტი.

მანჩესტ. იუნ-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 როდრიგესი (73)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი (75. რაშფორდი) - ერერა (46. ლინგარდი), მატიჩი, პოგბა (58. მარსიალი) - მატა, ლუკაკუ, ალექსის სანჩესი.

ორშაბათი, 16 აპრილი
ვესტ ჰემი-სტოკი 23:00

ბომბარდირები: 30 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 25 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 15 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), რობერტო ფირმინო (ლივერპული).

გამოტოვებული მატჩი
19 აპრილი: ბარნლი-ჩელსი

მომდევნო ტური
17 აპრილი: ბრაიტონი-ტოტენჰემი
18 აპრილი: ბორნმუთი-მანჩესტერ იუნ
19 აპრილი: ლესტერი-საუთჰემპტონი
21 აპრილი: ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული, უოტფორდი-კრ. პალასი
22 აპრილი: არსენალი-ვესტ ჰემი, სტოკი-ბარნლი, მანჩესტერ სიტი-სუონსი
23 აპრილი: ევერტონი-ნიუკასლი (ჩელსი-ჰადერსფილდი 9 მაისს)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ