პრემიერლიგა. XXXVII ტურის წინ: "მანჩესტერ სიტის" რევანში უნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ჯერაც ახსოვს ის მატჩი, რომელიც "ლესტერთან" წააგო. რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებს. სასწორზე ხომ საჩემპიონო ტიტული დევს. "სიტის" თუ ფეხი დაუცდა, ამას აუცილებლად გამოიყენებს "ლივერპული".

26 დეკემბერს "ლესტერმა" პრემიერლიგის ლიდერს 2:1 მოუგო და გვარიანი სენსაციაც შემოგვთავაზა. ძალიან ძნელია, ახლა იმავეს განმეორება იწინასწარმეტყველო, მაგრამ "მელიებს" ნამდვილად შეუძლიათ, ნერვები დააგლიჯონ ფავორიტს.

თავის მხრივ, "ლივერპული" გასვლით შეხვედრას ჩაატარებს "ნიუკასლთან". ეს მატჩი საინტერესოა იმით, რომ რაფა ბენიტესი მის ყოფილ კლუბს უპირისპირდება. ენფილდელები დაღლილები არიან ჩემპიონთა
ლიგაში "ბარსელონასთან" წაგებული (0:3) მატჩის შემდეგ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ თუ იურგენ კლოპის ბიჭებს საჩემპიონო რბოლის გახანგრძლივება სურთ, აუცილებლად უნდა მოიგონ ეს თამაში, რაც იოლი სულაც არ იქნება.

თავის მხრივ, დიდი ბრძოლაა ოთხეულში მოსახვედრად. ყველაზე იოლი მეტოქე ამ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰყავს. "იუნაიტედი" ბოლო დროს ძალიან ცუდ ფორმაშია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ "ჰადერსფილდი" უკვე დაემშვიდობა პრემიერლიგას და ახლა მხოლოდ პრესტიჟისთვის თუ ითამაშებს.

წესით, უნდა მოიგონ "ჩელსიმ"და "არსენალმა", მაგრამ ამ გუნდების ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, რაიმეს წინასწარმეტყველება ძალიან ჭირს.

შედარებით რთული შეხვედრა ელის "ტოტენჰემს". შინ ძალიან ხშირად შედეგიანად მოთამაშე "ბორნმუთი" ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს. "დეზებს" კი კარს ადგათ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალი "აიაქსთან".

ფაქტები
  • "ევერტონისა" და "ბარნლის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 3 შეხვედრაში დაამარცხა "ბორნმუთი".
  • "ვესტ ჰემმა" უკანასკნელი 2 მატჩი მოუგო "საუთჰემპტონს".
  • "ვულვზისა" და "ფულჰემის" ბოლო დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
  • "კარდიფისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 3 მატჩში ორივე გუნდს არ გაუტანია.
  • "ლივერპულმა" ბოლო 2 მატჩში აჯობა "ნიუკასლს".
  • "ჩელსისა" და "უოტფორდის" უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" 4-ჯერ შეხვდა "ჰადერსფილდს" და ოთხივე თამაში მოუგო.
  • "ლესტერმა" ბოლო დაპირისპირებაში სძლია "მანჩესტერ სიტის".

პრემიერლიგა. XXXVII ტური
პარასკევი, 3 მაისი
ევერტონი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 ბენ მი (ავტ. 17), 2:0 სიმუს კოულმენი (20)

შაბათი, 4 მაისი
ბორნმუთი-ტოტენჰემი 15:30
ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 18:00
ვულვზი-ფულჰემი 18:00
კარდიფი-კრ. პალასი 20:30
ნიუკასლი-ლივერპული 22:45

კვირა, 5 მაისი
ჩელსი-უოტფორდი 17:00
ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნ 17:00
არსენალი-ბრაიტონი 19:30

ორშაბათი, 6 მაისი
მანჩესტერ სიტი-ლესტერი 23:00

ბომბარდირები: 21 - სალაჰი (ლივერპული); 20 - მანე (ლივერპული), აგუერო (მანჩესტერ სიტი); 19 - ობამეიანგი (არსენალი); 18 - ვარდი (ლესტერი); 17 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კეინი (ტოტენჰემი); 16 - აზარი (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"