ჯოისტიკის გამოყენებაც კი არ ვიცი, მე უნოს თამაში მირჩევნია - სადიო მანეს ისტორიები

AutoSharing Option
წლევანდელი საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ახალდაწყებული აფრიკის თასის ვარსკვლავი სადიო მანე ფრანგულ ჟურნალ France Football-ს ესაუბრა და გაიხსენა სენეგალში გატარებული რთული ბავშვობა.

16 წლის ასაკში სინჯებში მონაწილეობის მისაღებად დაკარში გაიპარა

"ბოლო დეტალების ჩათვლით, ყველაფერი მოვამზადე და აღმოვაჩინე, რომ ფული საერთოდ აღარ მქონდა. დღისით სახლის წინ, დიდ ბალახში სპორტული ჩანთა დავმალე, მასში ბარგი მეწყო.

მომდევნო დილით, დაახლოებით 06:00 საათზე, კბილები გავიხეხე და წავედი ისე, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის გარდა არავისთვის არაფერი მითქვამს. ბევრი ვიარე მის სახლამდე, მას ფული უნდა
ესესხებინა და მერე ჩავჯექი დაკარში მიმავალ ავტობუსში.

იქ კი მე ახალი ოჯახი დამხვდა, რომელიც პირველად ვნახე. მე მაშინვე მივიღე მონაწილეობა ცნობილი გუნდების ვარჯიშებზე. ამ დროს ჩემი მშობლები ყველგან მეძებდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩემს მეგობარს ეცოდინებოდა ჩემი ადგილსამყოფელი, მაგრამ ის არაფერს ამბობდა. თუმცა, ბოლოს მაინც გატეხეს და იძულებული იყო, ყველაფერი ეთქვა.

მშობლებმა დამირეკეს და მითხრეს, სახლში დავბრუნებულიყავი. მე კი ეს არ მინდოდა, რადგან დაბრუნების მრცხვენოდა. თუმცა იმ პირობით დავთანხმდი, რომ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ფეხბურთში ბედის ცდის უფლებას მომცემდნენ".

პირველი სრულფასოვანი სინჯების შესახებ

სკოლის დამთავრების შემდეგ მანეს მთელმა სოფელმა შეუგროვა გზის ფული. ბიძამ სადიო დაკარში სინჯებზე ჩაიყვანა და ისიც Generation Foot-ის აკადემიაში ჩაირიცხა.

"იქ, დაახლოებით, 200-300 ბიჭი იყო, რომლებიც საკუთარ რიგსა და შანსს ელოდებოდნენ. ჩემთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო: როცა წარვდექი, დამცინეს, მე ფეხბურთელს არ ვგავდი. ისეთი შარვალი მეცვა, რომელიც სპორტულ შორტებს ნაკლებად ჰგავდა. ხოლო ჩემი ბუცები გვერდზე სულ გახეული იყო და მავთულით მქონდა შერემონტებული.

სინჯებზე ყველა უცნაური გამომეტყველებით მიყურებდა, თითქოს სახეები ამბობდნენ: "შენ ნამდვილად ფეხბურთელობა გინდა?" მე მესმოდა მათი, თუმცა არჩევანი არ მქონდა. რადგანაც ძალიან ცუდი არ ვიყავი, მაინც ამიყვანეს. ეს გახლდათ ჩემი თავგადასავლის დასაწყისი".

დედის შესახებ

"ჩვენს ოჯახში ფეხბურთი არავის უყვარდა. დედა სულ დამდევდა, როცა კი დამინახავდა, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემთვის რთული იყო, რადგან ცოტათი მარტოსულად ვგრძნობდი თავს.

ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მაძლევდნენ უფლებას, მეცხოვრა ჩემი ოცნებით. ბავშვობაში, როცა ცუდ რამეს გავაკეთებდი, დედასა და ბიძაჩემისგან მხვდებოდა ხოლმე. ისინი ამას მაშინ აკეთებდნენ, როცა მაგალითად, სკოლას ვაცდენდი. ზოგჯერ სახლში მეგობართან ერთად ვბრუნდებოდი, რადგან ვიცოდი, რომ გაკვეთილებზე არდასწრების გამო მცემდნენ. მაგრამ ეს ჩემი აღზრდის ნაწილი იყო. ამის გამო არაფრის მიჩქმალვა არ მიყვარდა. ყოველდღე მადლობას ვეუბნები დედას ამის გამო".

სიმდიდრის გავლენა

"მთელი ეს ფული, მედიაში გამოჩენა - ჩემზე არ მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამ გარემოს ნაწილი ვარ, თუმცა ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან. ვცდილობ, აქედან შორს ვიყო, ნაკლებად ვჩანდე სოციალურ ქსელებში და ხშირად ჩავდივარ სოფელში, რათა ვიყო ის, ვინც ვარ.

მე ფრთხილი ადამიანი ვარ, ის, ვისაც ფეხბურთელობა უნდოდა და არა ვარსკვლავობა. სიმართლეს ვამბობ. ყველა მიყვარს და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ჩემ ირგვლივ მიმდინარე ამბებს.

ალბათ, ერთადერთი პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ მსოფლიოში, რომელმაც PlayStation-ის თამაში არ იცის. არასდროს მიცდია, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს. თუმცა კლუბსა და ნაკრებში უამრავი ფეხბურთელი მყავს ირგვლივ, რომლებიც კომპიუტერულ თამაშებში დიდ დროს ხარჯავენ, მაგრამ მე ეს არ მიზიდავს. ჯოისტიკის გამოყენებაც კი არ ვიცი. მე უნოს (ბანქოს თამაშის სახეობა) თამაში მირჩევნია".

2019 წლის აფრიკის თასის შესახებ

"ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რაღაც დიდს. დიახ, ჩვენ ფავორიტებში ვართ, თუმცა მოკრძალებულობა ჯობს. ფავორიტის სტატუსი საკმარისი არაა მიზნის მისაღწევად.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამარჯვება აფრიკის თასზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს მოუგია, რაღაც დაუჯერებელი იქნება.

მზად ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება აფრიკის თასში გავცვალო. სენეგალს აღნიშნული ტიტული არასდროს მოუგია. დაკარში დაბრუნება რაღაც საოცარი იქნება. ეს ჩემი ყველაზე დიდი და გიჟური ოცნებაა".

მომზადებულია sports-ის მიხედვით