The Times: მესი "სიტიში", 10 წლით

AutoSharing Option
ევროპულ მედიაში არ წყდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ნაკადი ლიონელ მესის კარიერის გაგრძელების თაობაზე. "ბარსელონას" პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა არგენტინელი ვარსკვლავი კარიერის ბოლომდე მათთან დარჩეს.

მესის მსურველთა შორის აქამდე ყველაზე აქტიური "მანჩესტერ სიტი" გახლდათ. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ზაფხულში პირადად აგვარებდა მის "სიტიში" გადასვლას, მაგრამ გეცოდინებათ, "ბარსას" შეფობამ ეს ტრანსფერი დაბლოკა.

შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ მანკუნიანელებმა საბოლოოდ თქვეს უარი ვეტერანი არგენტინელის ტრანსფერზე, მაგრამ ახლა სოლიდური The Times-ი წერს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" საბოლოოდ გადაწყვიტა ზაფხულში თავისუფალი
აგენტის სტატუსით აიყვანოს მესი, რომელსაც 10-წლიან კონტრაქტს დაუდებენ.

ლეო იმდენ ხანს ითამაშებს "სიტიში", რამდენ ხანსაც შეძლებს, შემდეგ კი ჰოლდინგ Sity Football Group-ის მფლობელობაში მყოფი 8 გუნდიდან რომელიმეში გადავა და როდესაც ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს, "მანჩესტერ სიტის" ე.წ. ელჩი და კლუბის სახე იქნება. 43 წლის ასაკში კი ლეოს კონტრაქტი დაუმთავრდება და თუ სურვილი ექნება, მის გაგრძელებაზე მოილაპარაკებენ.