სერ ალექს ფერგიუსონის ფრთიანი ფრაზები

AutoSharing Option
გაზეთმა "ინდეპენდენტმა" სერ ალექს ფერგიუსონის ცნობილი გამონათქვამების მთელი კრებული შეაგროვა, 70 წლის შოტლანდიელი ხომ სახელგანთქმულია ამ მხრივ. 

"მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვკითხე, იცოდა თუ არა, ვინ იყო დენის ლოუ.

მიპასუხა, რომ წარმოდგენა არ მაქვსო. ჰოდა, ავდექი და ადგილზე დავხვრიტე", - "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელ დენის ლოუზე.

"ფეხბურთელები მისი შიშით თვალებს ხუჭავდნენ, ხოლო მაშინ, როცა ის ჩემს თავზე აღიმართებოდა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამან ერთი რომ დამარტყას, უეჭველად მომკლავს-მეთქი", - პეტერ შმაიხელზე.

"მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა თასი თქვენგან
რამდენიმე მეტრში იქნება და თითსაც კი არავინ დაგაკარებინებთ, თუკი დღეს წააგებთ. ბევრ თქვენგანს კი მისი მოგების შანსი ცხოვრებაში აღარასოდეს მიეცემა. აბა, გაბედეთ მოედნიდან ისე გამოსვლა, რომ ბოლომდე არ იბრძოლოთ", - 1999 წლის 26 მაისს "კამპ ნოუზე" გამართული ფინალის შესვენებისას.

"ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ამ დაწყევლილი ჟურნალისტებისგან თავი მაქსიმალურად დავიცვათ", - "კერინგტონის" საწვრთნელ ბაზაზე.

"მხოლოდ ჭეშმარიტი ჩემპიონები ბრუნდებიან და უჩვენებენ ყველას საკუთარ ფასს. მჯერა, რომ ჩვენ ზუსტად ასე მოვიქცევით", - 2006 წელს "არსენალთან" ჩემპიონატში მეორე წაგების შემდეგ.

"ასეთი ერთგული და ემოციური გულშემატკივრების წყალობით გუნდმა შეიძლება მსოფლიო თასის მოგებაზეც კი იზრუნოს", - "ნიუკასლის" მხარდამჭერებზე.

"თქვენ რა, მეხუმრებით? თქვენი აზრით, ვგავარ მაზოხისტს, ვისაც საკუთარი მდგომარეობის დამძიმება სურს? ამ ბრძოლიდან მათ გამოგდებაზე რას იტყვით?" - 2007 წელს რეაქცია შეკითხვაზე "ლივერპულის" საჩემპიონო შანსებთან დაკავშირებით.

"მე მასთან ნაძლევი დავდე სეზონის განმავლობაში 15 გოლის გატანაზე, მაგრამ ახლა ვაპირებ, რომ პირობებს ცალმხრივად გადავხედო. თუკი ის ამდენს გაიტანს, ყველაფერს შევცვლი და 150 გოლს ჩავუწერ. ამის უფლება ნამდვილად მაქვს, მე ხომ მისი მწვრთნელი ვარ", - კრიშტიანო რონალდოზე.

"როცა ჩვენ ის შევიძინეთ, 18 წლის იყო და ყველა ერთსა და იმავეს კითხულობდა, როგორი იქნებოდა 21 წლისა. ახლა, როცა 21-ის შესრულდა, ხალხს აინტერესებს, როგორი იქნება 25 წლის. ლოგიკურია, სხვანაირად ვერც წარმომედგინა", - უეინ რუნიზე.

"ჩემი აზრით, ის უბრალოდ გაბრაზებული იყო. ნამდვილად რაღაცამ გააღიზიანა. გირჩევთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ ფონს. იმედია, როცა საღ გონებაზე იქნება, თავად გააანალიზებს, თუ რა შარში გაყო თავი", - რაფა ბენიტესზე მას მერე, რაც ესპანელმა ფერგიუსონის მაკომპრომეტირებელ მასალებზე დაიწყო ლაპარაკი.

"არ მგონია, რომ არსებობდეს ფეხბურთელი, ვისაც უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე ამ ირლანდიელს, მაგრამ "დელე ალპის" შემდეგ ის ჩემს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა. ყვითელმა ბარათმა, რამაც ფინალს მიღმა დატოვა, ის გაორმაგებული ენერგიით აღავსო, რათა მისი გუნდიც თამაშგარეში არ აღმოჩენილიყო.

ეს იყო თავდადების ყველაზე ნათელი მაგალითი ფეხბურთის ისტორიაში. მოედანზე ბალახის ერთი ღერიც არ დატოვა, რომელიც არ გადაქელა თავისი ბუცებით. ის უფრო იოლად დათანხმდებოდა უგონოდ ძირს დაცემასა და სიკვდილს, ვიდრე მატჩის წაგებას.

თავისი თამაშით მან ახალი სული შთაბერა თანაგუნდელებს. ვამაყობ, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს", - 1999 წლის 21 აპრილი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ როი კინზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ