სერია A ჩემპიონის თამაშით იწყება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის არ იყოს, სერია A-საც ჩემპიონი იწყებს - "იუვენტუსი"-"კალიარი". და იმავე ბუნდესლიგის ჩემპიონის მსგავსად, იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბიც ვერ ხვდება ახალ სეზონს ისეთ მდგომარეობაში, ამ გუნდის ტიფოზებს რომ გაუხარდებოდათ.

თუმცა, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამხანაგურ მატჩებსა თუ იტალიის სუპერთასზე ნაჩვენები შედეგები სულაც არ იყოს ცუდის სტარტის წინა პირობა. ოღონდ, პრობლემა ის არის, რომ შეცდომებს მოუხშირა ჯანლუიჯი ბუფონმა (აღარ არის დრო?), ხოლო დაცვას ვეღარ გაამაგრებს ლეონარდო ბონუჩი, რომელიც "მილანში" გაუშვეს.

მეორე მხრივ, გუნდი უნდა გააძლიეროს ნახევარდაცვაში დუგლას კოშტასა და ბლეზ მატუიდის
(ამ უკანასკნელის დებიუტი შეიძლება მეორე ტურისთვის გადაიდოს) მოსვლამ.

"კალიარის" კი, რომელიც მასიმილიანო ალეგრის ყოფილი გუნდია, პრობლემები აქვს დაცვაში, რაც "იუვენტუსმა" წესით უნდა გამოიყენოს კიდეც.
შაბათსვე, ტურინული გრანდის კონკურენტი "ნაპოლი" სერია A-ში დაბრუნებულ "ვერონას" სტუმრობს. "ნიცასთან" საშინაო გამარჯვების (2:0) შემდეგ, მაურიციო სარის გუნდი, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. მაგრამ საკითხავია, აქვს კი ნეაპოლიტანურ კლუბს საიმისო რესურსი, ორ ფრონტზე რომ იბრძოლოს? ამ ზაფხულს გუნდში დიდი ცვლილებები არ მომხდარა.

მაღალი ტემპერატურის გამო, იტალიაში პირველი ტურის მატჩები, ტრადიციულად, გვიან საღამოს იწყება. ამიტომ, კვირის დაპირისპირებებში პირველია "ატალანტა"-"რომა", რომელიც "ატლეტი აძურიზე" 20 საათისთვისაა დანიშნული.

"ჯალოროსის" ფრანჩესკო ტოტის ეპოქის შემდგომი პერიოდი დაუდგა. გუნდი შეელია მოჰამედ სალაჰს, ანტონიო რიუდიგერსა და ლეანდრო პარედესს. "რომას" ახლა მისი ყოფილი ნახევარმცველი ეუსებიო დი ფრანჩესკო წვრთნის, რომელმაც "სასუოლოში" წარმატებით იმუშავა და ნიჭიერი სპეციალისტის სახელიც დაიგდო.

დი ფრანჩესკოს მოჰყვა ძალიან საინტერესო შემტევი იმავე "სასუოლოდან" - გრეგუარ დეფრელი, ვინც სალაჰის მაგივრობა უნდა გასწიოს.
რაც შეეხება "ატალანტას", ჯამპიერო გასპერინის გუნდმა გასულ სეზონში ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა წელს შედარებით დასუსტდა - ფრანკ კესი და ანდრეა კონტი "მილანში" წავიდნენ, ახლები კი დიდი სახელით ვერ დაიკვეხნიან. და ბოლოს - შარშან "ატალანტამ" "რომას" შინ 2:1 მოუგო.

პირველი ტურის ყველაზე საინტერესო წყვილი "ინტერი"-"ფიორენტინაა". დიდი ინტრიგაა "ნერაძურის" მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის მისვლა და ჩინური ინვესტიციების ფაქტორი. გუნდში მოვიდნენ ანდრეა რანოკია (ამჟამად ტრავმირებულია), სტევან იოვეტიჩი, ბორხა ვალერო... დანაკლისი კი დაუძლეველი ნამდვილად არ არის.

ახალი მწვრთნელია "ფიორენტინაშიც" - სტეფანო პიოლი, რომელსაც სერიოზული ცვლილებების გამო ლამის თავიდან მოუწევს გუნდის აშენება. კლუბმა ურჩობისთვის დასაჯა ხორვატი შემტევი ნიკოლა კალინიჩი, რომელიც "მილანში" ტრანსფერს ითხოვს და ვარჯიშზე არ გამოცხადდა.
ამ გუნდების ბოლო მატჩები შესაშური შედეგიანობით გამოირჩევა. გასულ ჩემპიონატში "ინტერმა" "იებს" შინ 4:2 მოუგო.

მეორე მილანური გრანდი კი, რომელსაც ძალიან საინტერესო სატრანსფერო კამპანია ჰქონდა, სერია A-ში სასწაულით დარჩენილ "კროტონეს" უნდა ესტუმროს და გაძლიერების ფონზე, წესით, დიდი პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გავიხსენოთ, რომ შარშან "მილანმა" "ეძიო შიდაზე" ქულები დაკარგა - 1:1.

სერია A. I ტური
შაბათი. 19 აგვისტო

იუვენტუსი-კალიარი 20:00
ვერონა-ნაპოლი 22:45
კვირა. 20 აგვისტო
ატალანტა-რომა 20:00
ბოლონია-ტორინო 22:45
კროტონე-მილანი 22:45
ინტერი-ფიორენტინა 22:45
ლაციო-სპალი 22:45
სამპდორია-ბენევენტო 22:45
სასუოლო-ჯენოა 22:45
უდინეზე-კიევო 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული