სარი: თუ მე ეკონომიკის მინისტრი უნდა ვიყო, მაშინ სპალეტი თავდაცვის მინისტრად გამოდგებოდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ნაპოლი" სახლში უშუალო მდევართან მილანის "ინტერთან" ნულოვან ფრეს დასჯერდა და პირველი ქულები დაკარგა. ამას გარდა, 25 თებერვლის შემდეგ პირველობაზე პირველად ვერ მოახერხა გოლის გატანა (მაშინ ატალანტასთან 0:2 წააგო) და სერია А-ზე მიჯრით გამარჯვებების 13-მატჩიანი სერია შეწყვიტა, რომელიც გასულ სეზონში ამავე "ინტერთან" 1:0-ზე მოგებით დაიწყო.

თამაშის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შთაბეჭდილებები იტალიის ტელევიზიას გაუზიარა:"სამირ ჰანდანოვიჩი არაჩვეულებრივი მეკარეა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან ძლიერ მეტოქესთან ბურთის ფლობა 70/30-ზე გვქონდა, რაც ჩემი აზრით ურიგო არაა. აქედან გამომდინარე, 2 ქულა
დავკარგეთ. თუმცა, თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, ქულებს ვეღარ აგვართმევენ.

ნერიაძურის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემზე თქვა, ბანკში მუშაობისთვის რომ თავი არ დაენებებინა, ახლა ეკონომიკის მინისტრი იქნებოდაო, დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, ის თავდაცვის მინისტრად გამოდგება.

ჩემი გუნდი ქვეყნის პირველობაზე უფრო მოტივირებულია, ვინაიდან დღეს 95 წუთი იბრძოლა, ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" კი მხოლოდ 55".