რატომ ზეიმობს გოლის გატანას "პისტოლეტით" და ვინ იწინასწარმეტყველა მისი 30-მილიონიანი ტრანსფერი

AutoSharing Option
პირველი სათამაშო კვირა ქშიშტოფ პიონტეკისათვის "მილანში" იდეალური გამოდგა: სამშაბათს - დუბლი იტალიის თასის მეოთხედფინალში "ნაპოლის" წინააღმდეგ, კვირას - "რომას" კარში გატანილი გოლი "სტადიო ოლიმპიკოზე"... მილანშიც და რომშიც ქშიშტოფ პიონტეკი, გოლის გატანის შემდეგ, მუხლებზე ეცემოდა, საჩვენებელი და შუა თითებით პისტოლეტს ასახავდა და იძახდა: "ბახ-ბახ-ბახ!".

ასე აღნიშნავს იგი თავის თითოეულ გატანილ გოლს, გენუისა და მილანის მცხოვრებლები კი, როგორც კი ქშიშტოფს ხვდებიან, თითებს უკვე პისტოლეტის ფორმას აძლევენ... ამბობენ, რომ "ჯენოას" გულშემატკივრებმა უკვე მოასწრეს ამ არაოფიციალური ჟესტის სიმბოლურად გამოხატვა და მისი გამოსახულებით სხვადასხვა ნივთის
გაყიდვაო.

  • ქშიშტოფ პიონტეკის პირადი ბრენდი სწორედ გენუაში "დაიბადა". ისევე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ყველა მშვენიერ ფაქტთან მიმართებით, ამ მომენტშიც ყველაფერი შემთხვევით აეწყო.

ქშიშტოფს იტალიაში გადასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ "ბომბდამშენი" (bomber) უწოდეს - გაბედული მოქმედების, სწრაფი დარტყმისა და საფრთხის შექმნის გამო.

"პოლონურ ენაზე სიტყვა bomber-ი სულ სხვა მნიშვნელობით გამოიყენება. Bomber-ი  თავდამსხმელი კი არ არის, რომელსაც ბევრი გოლი გაქვს, არამედ იგი მსროლელია. ამიტომაც გადავწყვიტე, განმესახიერებინა ეს ყოველი გოლის შემდეგ", - განმარტა ქშიშტოფმა გამოცემა Il Secolo XIX-სთან.

Sportall.Ge

ასე ქშიშტოფს ახალ მეტსახელი გაუჩნდა, რომელიც თარგმანის გარეშეც გასაგებია: Pistolero (როგორც ლუის სუარესი).

საერთოდ კი, "ჯენოაში" ჯერ კიდევ რვა წლის წინათ უნდა გაბრწყინებულიყო კიდევ ერთი პოლონელი სუპერფორვარდი. რობერტ ლევანდოვსკის სულ ცოტა დააკლდა გენუაში გადასასვლელად: იურიდიულმა განყოფილებამ უკვე მოამზადა კონტრაქტი, პრინტერით ამობეჭდა რამდენიმე ათეული ფურცელი, მაგრამ აგენტებთან რაღაც მოხდა და რობერტმაც დორტმუნდისაკენ გასწია. ბუნდესლიგის ვარსკვლავის ხელმოუწერელი დოკუმენტი ჯერ კიდევ "ჯენოას" ოფისში დევს, გაშვებული შანსის გასახსენებლად.

იმ ზაფხულს კი კლუბის ხელმძღვანელი ენრიკო პრეციოზი უკვე მოწოდების სიმაღლეზე იყო. არადა, მას "ვესტ ჰემი" ეცილებოდა.

"გენერალურმა დირექტორმა ენრიკო პრეციოზიმ რობერტის კონტრაქტი მაჩვენა. შესაძლოა, სამედიცინო შემოწმების გავლის წინ, მე იმავე სასტუმროში ვცხოვრობდი, რომელშიც რობერტი რვა წლის წინ, მაგრამ ჩემზე ეს ისტორია არ მოქმედებდა, - ჰყვება ქშიშტოფი, - თუმცა, რა თქმა უნდა, მეცინებოდა ხოლმე.

როცა რობერტს უკვე გოლები გაჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში, მე მაშინ ჯერ კიდევ "ვიზრდებოდი" - "ზაგლემბეს" მწვრთნელი რობერტის თამაშის ვიდეოს მაჩვენებდა, რომ ზოგიერთი რამე იმავენაირად გამეკეთებინა.

მაშინ გავაუმჯობესე თამაში ზურგით კარისაკენ და როცა ჩვენ ერთად აღმოვჩნდით პოლონეთის ნაკრებში, უცნაური შეგრძნება მქონდა. უცებ მომეცა საშუალება, ამ მაღალი კლასის ფეხბურთელს დავლაპარაკებოდი! პრაქტიკულად ყველაფერი ვკითხე, რაც მაინტერესებდა: ფეხბურთის მიმართ საერთო ხედვაზე, რეჟიმზე, ზოგიერთი ელემენტის დამუშავებაზე. ჩემთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და იმედი მაქვს, თავი არ მოვაბეზრე", - ამბობდა ქშიშტოფი, როცა იგი ჯერ კიდევ "ჯენოაში" თამაშობდა.

Sportall.Ge

პიონტეკი რობერტს რეჟიმის თაობაზე უსაფუძვლოდ არ ეკითხებოდა. ქშიშტოფიც, რობერტის მსგავსად, აქტიურად ვარჯიშობს დარბაზში (რაც კუნთებზეც ეტყობა) და კუნთებსა და მკვეთრ მოქმედებას შორის ოპტიმალურ თანაფარდობას ეძებს: "ძალა ჩემი იარაღია. მე ძალიან დაკვირვებულად ვვარჯიშობ, მუდმივად ვცდილობ ტექნიკის გაუმჯობესებას. ფეხბურთელიც რომ არ ვყოფილიყავი, დარბაზში მაინც ვივლიდი, რადგან მე ეს მომწონს. ამასთან, ვცდილობ, რომ არ გადავაჭარბო. ორი დღით ადრე ყოველი მატჩის წინ მე სრულიად მოდუნებული ვარ, კომპიუტერულ თამაშებსაც კი არ ვეკარები, რათა ტვინი და თვალები არ გადავღალო და არ დავიძაბო".

ქშიშტოფ პიონტეკის თქმით, მისი საფეხბურთო აზროვნება ტოტალურად შეიცვალა 2017 წელს "კრაკოვიაში". ადრე, როცა მომენტს ვერ იყენებდა, ხშირად უფუჭდებოდა ხასიათი. ამიტომ რისკებს გაურბოდა, მინდვრის სიღრმეში ჩადიოდა და პასებს არიგებდა და გუნდზე თამაშობდა. მწვრთნელმა მიხალ პრობეჟმა ქშიშტოფს შეხედულებები შეაცვლევინა: "მე უფრო ყურადღებიანი, მომთმენი და მშვიდი გავხდი. გამიჩნდა იმის რწმენა, რომ შემეძლო გოლი გამეტანა, ვთქვათ, 70-ე ან 90-ე წუთზეც კი. ჰოდა, სიტუაცია მართლაც გამიუმჯობესდა", - ჰყვებოდა ფორვარდი.

2018 წლის აპრილში, როცა ქშიშტოფ პიონტეკის შესახებ პრაქტიკულად არავის არაფერი სმენოდა, მწვრთნელმა მიხალ პრობეჟმა მისი მომავალი დაინახა: "თუ ვინმე ქშიშტოფისთვის დღეს 3-5 მილიონ ევროს არ გადაიხდის, მას ცოტა ხნის შემდეგ 30 მილიონის გადახდა მოუწევს. მე ოდესღაც იმავეს ვამბობდი რობერტ ლევანდოვსკიზეც. იმედი მაქვს, რომ ქშიშტოფი გაამართლებს. ზოგიერთები მერე ინანებენ, რომ პოლონეთში კაპიკების გადახდა იძუნწეს", - ამბობდა მიხალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

Sportall.Ge

მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ "ჯენოამ" ქშიშტოფისათვის 4.5 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ახლახან, იანვარში, "მილანს" 35 მილიონად მიჰყიდა. მწვრთნელ მიხალ პრობეჟის სიტყვები ახდა.

იტალიის ჩემპიონატის სერია A-ში პოლონელისთვის ყველაფერი მშვენივრად წავიდა. თუ რატომ, ამაზე ქშიშტოფ პიონტეკიმ პოლონურ გამოცემა Przeglad Sportowy-ს მოუყვა: "მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველაფერი ლამაზია. შემოდგომაა, აქ კი თბილა. გემრიელი საჭმელია. განსაკუთრებით ბრეზაოლა მომწონს, რომელიც საოცარი გემოს მქონე საქონლის, მზეზე გამოყვანილი ხორცია. დღეში რამდენჯერმე ვჭამ. იტალიური კლიმატი და ცხოვრების სტილი ძალიან მეხმარება.

თავიდან რთული იყო შეჩვევა აქაური სადილის შემდგომი სიესტისათვის (დასვენების საათები, როცა ძილიც შეიძლება), ქალაქი თითქოსდა რამდენიმე საათით "კვდებოდა". მე ეს არ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გავიგე და მივეჩვიე. მოკლედ, სასაყვედურო არაფერი მაქვს".

alt"რომა" და "მილანი" დაზავდნენ - კშიშტოფ პიონტეკმა ისევ გაიტანა გოლი

alt ჯენარო გატუზო: პიონტეკი მკვლელი-გოლეადორია!

altდებიუტიც ასეთი უნდა - კშიშტოფ პიონტეკი "მილანში" გადავიდა და დუბლით "ნაპოლი" თასიდან გამოაგდო [VIDEO]

ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
პიონტეკი ლევანდოვსკის არ ჩამორჩება
zaza
16:31 07-02-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული