სერია A. XXXV ტურის წინ: "მილანი" ყაზარმაშია

AutoSharing Option
ამ ტურის წინ მთავარი მოვლენები "მილანის" ბანაკში ვითარდება. ჯენარო გატუზომ 5 დღით ბაზაზე გამოკეტა შეგირდები. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტეემუ ბაკაიოკომ ვარჯიშზე დააგვიანა, რამაც გატუზო ძალიან გააბრაზა. მეორე მხრივ, "როსონერი" ბოლო დროს საშინლად თამაშობს.

გუნდი რეალური საფრთხის წინაშე დგას, ვერ მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური. ეს გატუზოს გუნდისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება და მწვრთნელისთვისაც, ძალიან დიდი ალბათობით, წითელი შუქი აინთება.

მოკლედ, "მილანმა" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოუგოს "ბოლონიას". ამის გაკეთება კი აშკარად კრიზისში მყოფი გუნდისთვის იოლი ნამდვილად არ იქნება. იმასაც ამბობენ, რომ
გატუზოსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის ვითარება დაძაბულია.

"ტორინოსთვის" უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურინულ დერბის, რომელშიც ის "იუვენტუსს" შეხვდება. თუ "იუვეს" ჯიბეში უდევს მორიგი სკუდეტო, ვალტერ მაძარის გუნდი გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. თავის მხრივ, დერბიში სრული დატვირთვით ითამაშებს "ბებერი ქალბატონი".

"რომამ" და "ინტერმა" თავიანთი შეხვედრები უნდა მოიგონ, მაგრამ ეს არ არის იოლი მისია. "ჯენოა" და "უდინეზე" სტაბილურობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში ბევრის გამწარება შეუძლიათ.

ტურის ცენტრალური დაპირისპირების სტატუსს კი "ლაციოსა" და "ატალანტას" თამაშს მივანიჭებდით. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული. რაც მთავარია, ისინი იმ გუნდების რიგს მიეკუთვნებიან, რომლებიც შეტევაზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე დაცვაზე. ასეთი კი სერია A-ში ბევრი ნამდვილად არ არის.

ფაქტები
  • "იუვენტუსმა" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "ტორინოს".
  • "კიევოსა" და სპალ-ის ბოლო 2 მატჩი ფრედ მორჩა.
  • "ინტერმა" ბოლო 2 შეხვედრა მოუგო "უდინეზეს".
  • "ემპოლისა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ატალანტამ" ბოლო მატჩში მოახერხა "ლაციოს" დამარცხება.
  • "სასუოლომ" უკანასკნელ 2 შეხვედრაში აჯობა "ფროზინონეს".
  • "რომამ" ბოლო 2 თამაში მოუგო "ჯენოას".
  • "ნაპოლიმ" უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში აჯობა "კალიარის".

სერია A. XXXV ტური
პარასკევი, 3 მაისი
იუვენტუსი-ტორინო 22:30

შაბათი, 4 მაისი
კიევო-სპალ 20:00
უდინეზე-ინტერი 22:30

კვირა, 5 მაისი
ემპოლი-ფიორენტინა 14:30
ლაციო-ატალანტა 17:00
პარმა-სამპდორია 17:00
სასუოლო-ფროზინონე 17:00
ჯენოა-რომა 20:00
ნაპოლი-კალიარი 22:30

ორშაბათი, 6 მაისი
მილანი-ბოლონია 22:30

ბომბარდირები: 23 - კვალიარელა (სამპდორია); 21 - პიონტეკი (მილანი), დ. საპატა (ატალანტა); 20 - რონალდო (იუვენტუსი); 17 - მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"