სერია A: იმობილეს 36-ე გოლი და "ოქროს ბუცი" - "ინტერმა" "ატალანტას" ვერცხლი აწაპნა

AutoSharing Option
სერია A-ს უკანასკნელ, 38-ე ტურში 5 მატჩი ჩატარდა და თითქმის ყველაფერი გაირკვა.

"ინტერმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ატალანტას" და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ბერგამოული გუნდი კი ბრინჯაოს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ გასპერინის შეგირდებმა 20 იანვრის შემდეგ პირველი მარცხი იწვნიეს და შეწყდა მათი 19-მატჩიანი წაუგებელი სერია.

მე-5 წუთზე მასპინძელთა მეკარე გოლინი თანაგუნდელ გოსენსს შეეჯახა, ტრავმა მიიღო და სპორტელომ შეცვალა.

ატალანტა - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 დ'ამბროზიო (1), 0:2 იანგი (20)

"ნაპოლიმ" "სახლში 3:1 დაამარცხა "ლაციო". რომაელთა გუნდში ჩემპიონატზე 36-ე გოლი გაიტანა ჩირო იმობილემ და "ოქროს ბუცს"
დაეუფლა. იტალიელი ფეხბურთელი ამ პრიზს 13 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა - მაშინ ტოტიმ მოიგო.

ნაპოლი - ლაციო 3:1
გოლები: 1:0 რუისი (9), 1:1 იმობილე (22), 2:1 ინსინიე (54, პენ), 3:1 პოლიტანო (90+2)

"მილანმა" "სან სიროზე" 3:0 სძლია "კალიარის" - 1 გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა და სერია A-ში ერთ სეზონში 10 გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.

მილანი - კალიარი 3:0
გოლები: 1:0 კლავანი (10 საკ. კარში), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (55), 3:0 კასტილეხო (57)

უმოტივაციო "იუვენტუსმა" ტურინში რონალდოს გარეშე 1:3 წააგო "რომასთან". სარის გუნდი ბოლო 4 მატჩიდან 3-ში დამარცხდა.

იუვენტუსი - რომა - 1:3
გოლები: 1:0 იგუაინი (5), 1:1 კალინიჩი (23), 1:2 პეროტი (44, პენ), 1:3 პეროტი (52)

"ბრეშიასა" და "სამპდორიას" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ბრეშია - სამპდორია 1:1
გოლები: 0:1 ლერისი (41), 1:1 ტორეგროსა (49, პენ)

ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსი", "ინტერი", "ატალანტა" და "ლაციო" გავიდნენ, ხოლო ევროპა ლიგაზე "რომა", "მილანი" და "ნაპოლი".

ასევე დაგაინტერესებთ