"ნაპოლიმ" "რომასთან" ნამდვილი ომი გადაიტანა და იმაზე უარესი შედეგით დაბრუნდა სახლში, ვიდრე უბრალოდ სამი ქულის დაკარგვა და მეშვიდე ადგილზე დაქვეითებაა.
გაძევებული პოლიტანო და ოსიმენი გუნდს 29 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურის საშინაო მატჩში, "მონცასთან" ვერ დაეხმარებიან, ისევე, როგორც ტრავმირებული ლობოტკა და ოსიმენი. ბედად, კვარაცხელია, რომელზეც ნადირობდნენ, არ დაშავდა. ელმასი "ლაიფციგთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო ზელინსკი ნაახალწლევს "ინტერში" გადადის. ერთი სიტყვით, მეტად რთული სიტუაციაა და გასაკვირი ისაა, რომ რომაული გუნდის უხეშობას იტალიური მედია, ფაქტობრივად, ამართლებს.
მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" წერს: "ძნელია
მოგებაზე ფიქრი, როდესაც მთელი მატჩის მანძილზე თუნდაც ერთ რეალურ მომენტს ვერ ქმნი. "ნაპოლის" ბევრი ფეხბურთელი ძალიან ცუდად გაისარჯა: დი ლორენცო, ლობოტკა, ასევე, კვარაცხელია, რომლის ცნობა ძნელი იყო, ფეხში რამდენიმე დარტყმა მიიღო და თავი მხოლოდ თეატრალური ჩივილით დაგვამახსოვრა". გამოცემამ ქართველის თამაში 4.5 ქულით შეაფასა და საერთოდ არ აღნიშნა დედაქალაქელთა სისასტიკე.
მწვრთნელმა მაცარიმ შობას გუნდი დაასვენა და ცნობილი გახდა, რომ ლობოტკა და ნათანი მომავალ შეხვედრას გამოტოვებენ. სლოვაკს ნეკნი აქვს გატეხილი და უკეთეს შემთხვევაში, 7 იანვარს "ტორინოსთან" მატჩისთვის თუ მოახერხებს მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელს კი მხარი აქვს ამოვარდნილი და დაახლოებით 15 დღე მოუწევს უქმობა. მან დღესასწაულებზე ნეაპოლში მთელი ოჯახი (მშობლები, და-ძმა და საცოლე) ჩაიყვანა და საკმაოდ კარგ ხასიათზეა.