მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XVI ტურის წინ: როცა ვარჯიშზე 36 ათასი ფანი მიდის...

AutoSharing Option
მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე სამი ტური რჩება სამხრეთ ამერიკაში და ჯერ არავინ იცის, ვინ მიდის რუსეთში და ვინ რჩება კონტინენტზე. ბუნებრივია, არ ვგულისხმობთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ბრაზილიას - "სელესაომ" დიდი ხანია, ეს ტურნირი საკონტროლო მატჩებად აქცია, იმდენად დიდია ბრაზილიელთა უპირატესობა სხვებზე.

ამ ტურში მეორე საგზურის ბედი არ გაირკვევა - მეორეადგილოსანმა კოლუმბიამ შინ ბრაზილია რომც დაამარცხოს მაინც, თუმცა ფაქტია, ამ შემთხვევაში, არგენტინელი ხოსე პეკერმანის გუნდი მიზანს ძალზე მიუახლოვდება. "სელესაომ" კოლუმბიაში გაფრენამდე ამ ქვეყნის სიახლოვეს, ქალაქ მანაუსში გამართა ღია ვარჯიში, რომელსაც 36
ათასი ადამიანი დაესწრო!

კოლუმბიას წინა ტურში ხამეს როდრიგესი და ტეო გუტიერესი აკლდა (გამოჯანმრთელება მოასწრეს, ფორმაში შესვლა - ვერა), რაც სუსტ ვენესუელასთან მატჩის შედეგზეც (0:0) აისახა. აი, ბრაზილიასთან კი ორივე ბრუნდება.

არგენტინის ნაკრები ბოლოადგილოსან ვენესუელას მასპინძლობს და მასაც თუ ვერ მოუგო, მართლა არაფერი ესაქმება მუნდიალზე. "ალბისელესტე" მხოლოდ მეხუთეა, ეს ადგილი კი პირდაპირ მუნდიალის საგზურს არ იძლევა. ხორხე სამპაოლის პირველადი ამოცანა გუნდის მუნდიალზე გაყვანაა.

"ესტადიო მონუმენტალზე" ისევ ვიხილავთ ტრიოს, რომელიც "ქაღალდზე" ძალზე მაგარია - მაურო იკარდის ფლანგებიდან ლეო მესი და პაულო დიბალა შეეშველებიან. ამ სამეულმა ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა ერთად, მონტევიდეოში ციდან ვარსკვლავები ვერ მოწყვიტა. ნაკრებში სამ ცვლილებას ელიან: დისკვალიფიკაციამოხდილი ევერ ბანეგა გვიდო პისაროს ადგილს დაიკავებს, ხავიერ მასკერანო დისკვალიფიცირებულ გაბრიელ მერკადოს შეცვლის, ხოლო მარკოს აკუნიას ნაცვლად ამჯერად, ლაუტარო აკოსტა ითამაშებს.

ოთხშაბათი. 6 სექტემბერი
ბოლივია-ჩილე 23:59
კოლუმბია-ბრაზილია 00:30
ეკვადორი-პერუ 01:00
არგენტინა-ვენესუელა 03:30
პარაგვაი-ურუგვაი 04:00

1. ბრაზილია 15 11 3 1 37:10 36
2. კოლუმბია 15 7 4 4 18:15 25
3. ურუგვაი 15 7 3 5 26:17 24
4. ჩილე 15 7 2 6 24:22 23
5. არგენტინა 15 6 5 4 15:14 23
6. პერუ 15 6 3 6 24:24 21
7. პარაგვაი 15 6 3 6 16:21 21
8. ეკვადორი 15 6 2 7 23:22 20
9. ბოლივია 15 3 1 11 13:34 10
10. ვენესუელა 15 1 4 10 17:34 7


შენიშვნა: მუნდიალზე 4 გუნდი გადის, მე-5 პლეი-ოფში ითამაშებს

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი); 6 - ალექსის სანჩესი (ჩილე), ნეიმარი (ბრაზილია), არტურო ვიდალი (ჩილე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული