მუნდიალი 2018. ფაქტები: ორი არგენტინა, ფეხბურთის მოყვარული კონგო და ყოჩაღი არაბები

AutoSharing Option
რუსეთის მუნდიალისთვის საკვალიფიკაციო ტურნირი ფინიშისკენ მიდის, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის "შემადგენლობის" დაკომპლექტებამდე ჯერ შორია. გთავაზობთ უკანასკნელი 6-დღიანი საკვალიფიკაციო დღეების საინტერესო სტატისტიკას და ფაქტებს.

* მუნდიალის 32 მონაწილიდან 8 ცნობილია - რუსეთი, ბრაზილია, ირანი, იაპონია, მექსიკა, ბელგია, სამხრეთი კორეა და საუდის არაბეთი.

* ამ დღეებში ერთბაშად 5 საგზურის ბედი გადაწყდა: აზიაში იაპონიამ, კორეამ და საუდის არაბეთმა მოიპოვეს რუსეთის საგზური, კონკაკაფის ზონაში - მექსიკამ, ევროპაში - ბელგიამ.

* ევროპის ზონაში 29 ნაკრებს კიდევ შეუძლია მუნდიალზე გასვლა, 24-ს კი (მათ შორის, საქართველოსაც) ეს იმედი
გადაეწურა.

* მსოფლიოს მასშტაბით, საკვალიფიკაციო ტურნირში 210 გუნდი ჩაება, 59-ს შანსი კიდევ რჩება, 144 კი ბრძოლას ოფიციალურად ჩამოშორდა.

* სირია და ავსტრალია პლეი-ოფში ითამაშებენ, რომლის გამარჯვებულსაც კონკაკაფის ზონის მე-4 გუნდი ელის.

* კოსტა რიკის ნაკრებმა სულ მცირე, პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

* ევროპაში სულ მცირე, პლეი-ოფი გაინაღდეს: შვეიცარიამ, პორტუგალიამ, გერმანიამ და ესპანეთმა.

* ჯგუფში მეორე ადგილი განაღდებული აქვთ ჩრდილოეთ ირლანდიასა და სერბეთთან, მაგრამ არა პლეი-ოფის საგზური.

* ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი დღეს რომ სრულდებოდეს, უარესი მეორეადგილოსანი გუნდი ჩვენი ჯგუფის უელსი იქნებოდა.

* ავსტრიას, ალბანეთს, ბოსნიას, საბერძნეთს, კვიპროსსა და ესტონეთს მხოლოდ პლეი-ოფში მოხვედრის შანსები აქვთ.

* ევროპის პლეი-ოფის წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება.

* საკვალიფიკაციო ტურნირის ბომბარდირთა დავაში მოჰამად ალ-საჰლავი (საუდის არაბეთი) და აჰმედ ხალილი (არაბთა გაერთიანებული საემიროები) ლიდერობენ 16-16 გოლით. მესამეზეა კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) 14 გოლით.

* არგენტინის ნაკრებმა 8 თამაში გამართა ლიონელ მესისთან ერთად და ამდენივე მის გარეშე. სხვაობა თვალში საცემია - მესისთან ერთად არგენტინამ 17 ქულა დააგროვა, მის გარეშე კი მხოლოდ 7.

* საუდის არაბეთი 2006 წლის მერე პირველად ითამაშებს მუნდიალზე.

* ყველაზე დიდი დასწრება ინგლისის ნაკრების საშინაო თამაშებს აქვს: 82 243; მეორე ადგილზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 75 500; მესამეზე ირანი - 72 911; მეოთხეზე საფრანგეთი - 63 369 და მეხუთეზე იაპონია - 58 716.

* რონალდოსა და მესის შედარებითი სტატისტიკა საკვალიფიკაციო ტურნირზე: რონალდო - 7 თამაში, 14 გოლი, 3 საგოლე პასი. მესი - 8 თამაში, 4 გოლი, 2 საგოლე პასი.

* ტონი კროოსს (გერმანია) ევროპის ზონაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი აქვს გაკეთებული - 662. აღსანიშნავია, რომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ამ კატეგორიაში ასევე კროოსმა მოიგო - 1034 ზუსტი პასი.

* ესპანეთის ნაკრებს აქამდე საგარეო მატჩებში 7 გოლი არასოდეს გაეტანა, ახლა კი 8 გოლი გაიტანა.

* უელსს 6 საგარეო მატჩია, ვერ მოუგია.

* ინგლისმა 23-ჯერ დაარტყა სლოვაკეთის კარისკენ. ეს ამ ნაკრების საუკეთესო შედეგია ბოლო 12 შეხვედრაში.

* ლეივინ კურზავამ ლუქსემბურგთან მატჩში პოზიცია 41-ჯერ დაკარგა, რაც საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელისთვის ანტირეკორდია ბოლო 10 წელიწადში.

* საფრანგეთმა 1914 წლის მერე პირველად ვერ მოუგო ლუქსემბურგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პოზიცია დაკარგა,რას ნიშნავს?
giorgi
14:26 07-09-2017
0
აქ 80 წუთამდე იგულისხმეს
zviadi
12:10 07-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული