დღეს ორი წყვილი გამართავს პირველ თამაშებს - ხორვატია "მაქსიმირზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები "უინძორ პარკზე" შვეიცარიის ნაკრებს დაუხვდება.
როგორ მოაღწიეს აქამდე...
მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირი ჯგუფებში ევროპის კონტინენტზე დასრულდა და გაირკვა საგზურის 9 მფლობელის ვინაობა (9 ჯგუფის გამარჯვებულები), მე-2 ადგილზე გასულები (უარესი სლოვაკეთის გარდა) კი პლეი-ოფში თამაშობენ - 8 ნაკრები დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძვის ორრაუნდიან დაპირისპირებებში.
ირლანდიის ნაკრებისთვის ეს უკვე მე-8 პლეი-ოფია, მაშინ, როცა ჩრდილოირლანდიელებს ამ სტადიაზე დებიუტი ექნებათ. ხორვატიის
ჩრ. ირლანდია-შვეიცარია
რეიტინგი: 23-11
მონაწილეობა მუნდიალზე: 3-10
ჩრდილოეთ ირლანდიისა და შვეიცარიის ნაკრებები "უინძორ პარკზე" ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აქამდე ეს გუნდები მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. სულ ოთხი ასეთი მატჩი იყო - ჩრდილოირლანდიელებმა ორში იმარჯვეს, ერთხელ - შვეიცარიელებმა. 1998 წელს მათ შორის ფრე დაფიქსირდა. გოლების შეფარდება 3:2, კუნძულელთა სასარგებლოდ.
"უინძორ პარკზე" ჩრდილოეთი ირლანდია თავს კომფორტულად გრძნობს, ბოლო ხუთი ოფიციალური მატჩიდან ოთხი მოიგო. შვეიცარია კი, ზოგადად, ძალიან კარგი იყო შესარჩევ ციკლში - 10 საკვალიფიკაციო მატჩიდან 9 მოიგო და საგზური მაინც ვერ მოიპოვა. ლისაბონში ვლადიმირ პეტკოვიჩის ნაკრები 0:2 დამარცხდა და პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას გადაულოცა.
ფორმა
სტივენ დევისს 12 წლის წინათ ჰქონდა დებიუტი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში და ახლა მას მხოლოდ ერთი მატჩი აკლია მე-100 კეპამდე. იგი მხოლოდ მესამე ჩრდილოირლანდიელი გახდება, ვინც ნაკრებში ასი და მეტი მატჩი ითამაშა პეტ ჯენინგსისა და აარონ ჰიუზის შემდეგ.
ო'ნილის გუნდს უბრუნდებიან ფორვარდი ჯეიმი უორდი და მცველი პედი მაკნეირი. მაკნეირი 11 თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა. ჯონი ევანსმაც მოირჩინა ტრავმა და მისი თამაშიც სავარაუდოა.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩრ. ირლანდია (3-5-2): მაკგოვერნი - მაკოული, ჯ. ევანსი, ჰოდსონი - მაკლაფლინი, ბრანტი, დევისი, კ. ევანსი, ნორვუდი - მაგენისი, ლაფერტი
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შარი, ჯურუ, როდრიგესი - ჯაკა, ზაკარია - შაკირი, ჯემაილი, მეჰმედი - სეფეროვიჩი
კომენტარები
მაიკლ ო'ნილი (ჩრ. ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "ყველაზე მთავარია, არ გავუშვათ გოლი საშინაო მატჩში. ბელფასტის თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებულნი. აქ ჩვენი ციხესიმაგრეა, ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. ვიცით, რომ ძალიან გაგვიჭირდება, რადგან მეტოქეს ბრწყინვალე საკვალიფიკაციო ტურნირი ჰქონდა, შვეიცარია ბრწყინვალედ თამაშობს. მაგრამ ჩვენ მუნდიალზე თამაშის უდიდესი შანსი გვაქვს. რუსეთში რომ წავიდეთ, ამისთვის საუკეთესოდ უნდა გავისარჯოთ, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, კარგად ვიცით, რომ ჩვენ ამის ძალა ნამდვილად გაგვაჩნია".
სტივენ დევისი (ჩრ. ირლანდია): "შვეიცარია ფავორიტია, მაგრამ მათ საქმე რაც შეიძლება უნდა გავურთულოთ. ამაში კი დიდი როლი დაეკისრებათ ჩვენს ფანებს, რომელთაც უკვე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს წარმატებაში. ჩვენ "მწვანე არმია" კიდევ ერთხელ გვჭირდება. გუნდში ოპტიმისტური განწყობაა. გვჯერა, რომ მუნდიალზე გავალთ, თუმცა, ამავე დროს, მეტოქეს დიდად ვაფასებთ. კარგად ვიცით, რა რთულად მისაღწევი იქნება მიზანი".
ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი): "ყოველ ასეთ დუელში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფანების მხარდაჭერას. ვფიქრობ, "უინძორზე" ირლანდიელი ფანების წვლილი გუნდის კარგად თამაშში 20-30 პროცენტი იქნება. ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რა სიძნელე გველის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუება არ აგვცდება".
ჯერდან შაკირი (შვეიცარია): "ჩრდილოეთი ირლანდია ყველაზე რთული მეტოქეა მათ შორის, ვინც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ნაკრებში ყველა უფრთხის მეტოქეს და მის ძალასაც სათანადოდ აფასებს. მათი მთავარი პლუსი ფიზიკური მზადყოფნა, საშიში კუთხურები და საჯარიმოებია. პლეი-ოფში შანსები ყოველთვის 50/50-ზეა. ველით თანაბარ დაპირისპირებებს და ალბათ, არაფერი გადაწყდება საპასუხო მატჩის ბოლო წამებამდე. იმედი მაქვს, რომ შინ მუნდიალზე გასვლას ვიზეიმებთ".
პროგნოზი
დასანანია, როცა ასე კარგად თამაშობ შესარჩევში და მაინც პლეი-ოფში გიწევს "ჭიდაობა", თუმცა პეტკოვიჩის გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ ეს ეტაპი ყოველგვარი გართულების გარეშე დაძლიოს და ზედიზედ მეოთხედ ითამაშოს მუნდიალზე. ირლანდიელებს კი ბაზელში საპასუხო თამაშამდე მართებთ იმის დამტკიცება, რომ მუნდიალზე 1986 წლის მერე პირველად მოხვედრას იმსახურებენ, რადგან იქ შანსი ნაკლებად ექნებათ.
ხორვატია-საბერძნეთი
რეიტინგი: 18-47
მონაწილეობა მუნდიალზე: 4-3
"მაქსიმირზე" ხორვატია საბერძნეთს მასპინძლობს. შინ კი ხორვატები ბრწყინვალედ თამაშობენ, ბოლო 11 ოფიციალური მატჩია, ამ გუნდს არ წაუგია (8 მოგება, 3 ფრე). თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრებიც ძალიან კარგად თამაშობს ბოლო დროს სტუმრად. მუნდიალის ყველა საკვალიფიკაციო მატჩი საბერძნეთმა სტუმრად დაუმარცხებლად ჩაამთავრა (3 მოგება, 2 ფრე).
ხორვატია არა მარტო გამოცდილია პლეი-ოფებში, არამედ წარმატებულიც - ოთხივე შემთხვევაში, სლავებმა ეს ეტაპი დაძლიეს. რაც დამოუკიდებელი ქვეყანაა, ხორვატია დიდი ტურნირების (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები) ფინალურ ეტაპებზე, როგორც წესი, გადის (11-დან 9).
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ. მცირე უპირატესობა ბერძნების მხარესაა - 2 მოგება 1 მარცხის წილ (3 ფრე), ბურთების უკეთესი სხვაობით - 8:6.
ფორმა
ხორვატიას, შესაძლოა, დააკლდეს ტრავმირებული ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, ხოლო ჩამშლელი ნახევარმცველის, მილან ბადელის თამაში უკვე გამოირიცხა. საბერძნეთის ნაკრებში საეჭვოა კაპიტან ვასილის ტოროსიდისისა და სოკრატის პაპასტატოპულოსის თამაში. "ფეარ პლეის" წესის დარღვევისთვის პირველ დაპირისპირებას გამოაკლდება დისკვალიფიცირებული კოსტას მანოლასი. ტრავმირებულები არიან "შტუტგარტის" ფორვარდი ტასოს დონისი და აეკ-ის ნახევარმცველი პეტროს მანტოლასი.
მანოლასის საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ - "რომას" ვარსკვლავმა სპეციალურად მიიღო შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა ტურში ყვითელი ბარათი, რომ ბოლო ტური გამოეტოვებინა და არა პლეი-ოფი. ფიფაში ბერძენის ეშმაკობას არ წამოეგნენ და მანოლასი ერთი მატჩით დამატებით დასაჯეს.
ბერძნულ პრესას თუ დავუჯერებთ, მუნდიალზე გასვლის შემთხვევაში, ელინთა გერმანელი თავკაცი მიხაელ სკიბე ბონუსად 500 ათას ევროს მიიღებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ვრსალიკო, ვიდა, ლოვრენი, პივარიჩი - მოდრიჩი, რაკიტიჩი - ბროზოვიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
საბერძნეთი (4-4-1-1): კარნეზისი - ტოროსიდისი, სოკრატისი, პაპადოპულოსი, ცაველასი - ზეკა, სამარისი, ციოლისი, სტაფილიდისი - ფორტუნისი - მიტროღლუ
კომენტარები
ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი): "რთული დაპირისპირება გველის. მეტოქე სერიოზულია, რომელიც დაცვაში კარგი თამაშით არის გამორჩეული. მათ კარში გოლის გატანა ძალიან ძნელია, თუმცა თავადაც უჭირთ გატანა. მე შევეცდები, რომ ბიჭები მეტოქემ "საკუთარ თამაშში" არ ჩაითრიოს. მეტოქე კარგად გავშიფრეთ, რაშიც მეჰმედ ბაჟდარევიჩიც დაგვეხმარა".
ივან პერიშიჩი (ხორვატია): "დარწმუნებული ვარ, ბერძნები საკუთარ კართან გამაგრდებიან და შეეცდებიან, კარი მშრალად შეინახონ, მაგრამ ჩვენ საკმაო შემტევი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ უკვე ზაგრებში შემოვაბრუნოთ დაპირისპირება ჩვენ სასარგებლოდ".
მიხაელ სკიბე (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენთვის პლეი-ოფი ნამდვილი გამოცდაა. ზაგრების გამოცდისთვის კარგად ვართ მომზადებულნი".
პროგნოზი
მიხაელ სკიბეს გუნდს სერიოზული დანაკლისი აქვს და ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ საბერძნეთი ფონს გასვლას დაცვაში მკაცრი თამაშით შეეცდება. ეს კი საბერძნეთის ნაკრებს ისტორიულად კარგად გამოსდის. მიუხედავად ამისა, ხორვატია ამ წყვილში აშკარა ფავორიტად გვეჩვენება. ბუნებრივია, მასპინძელთა მთავარი იარაღი 32 წლის ლუკა მოდრიჩია, რომელსაც ნაკრებში 101 თამაშში 11 გოლი აქვს.
ფაქტები
- მას მერე, რაც 1998 წლიდან ხორვატია დამოუკიდებლად ასპარეზობს, გუნდს არ გამოუტოვებია არც ერთი მუნდიალი.
- ხორვატიის ნაკრებმა 4-ჯერ ითამაშა პლეი-ოფში და ეს ეტაპი ოთხჯერვე დაძლია.
- საბერძნეთის ნაკრებმა ბოლო 13 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წააგო.
- წყვილში გამარჯვების შემთხვევაში, შვეიცარია მუნდიალზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.
- ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს 1986 წლის მერე არ უთამაშია მუნდიალზე, პლეი-ოფში კი ისტორიაში პირველად თამაშობს.
ხორვატია-საბერძნეთი 23:45
ჩრ. ირლანდია-შვეიცარია 23:45
საპასუხო მატჩები 12 ნოემბერს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"