უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მუნდიალი 2018. VI დღის მატჩების წინ: მეექვსე "ოქროს ბურთისთვის"

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო მეექვსე "ოქროს ბურთისთვის" ყველაფერს გააკეთებს. მან უკვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მუნდიალის პირველ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გაგრძელება იქნება...

პირველ ტურში კრიშტიანო რონალდომ კოშმარი მოუწყო დავიდ დე ხეას. მას სამი გოლი გაუტანა, მათ შორის, 88-ე წუთის შედევრი საჯარიმო დარტყმით. ახლა პორტუგალიის მეტოქე აუტსაიდერი მაროკოა, რომელსაც ირანთან 0:1 წაგების შემდეგ ქულაც არ აქვს. ევროპის ჩემპიონებს მუნდიალზე პირველი გამარჯვების მოპოვება სურთ.

საინტერესო ფაქტი - მაროკოს პორტუგალიასთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. მეზობლობის მიუხედავად, ამ ნაკრებს აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ - 1986 წლის
მუნდიალზე მექსიკაში მაროკომ პორტუგალიას 3:1 მოუგო.

ვისზე გავამახვილოთ ყურადღება? კრიშტიანოს გარდა, პორტუგალიას შეტევაში 21 წლის გონსალო გედეში ჰყავს. ამ ნიჭიერ შემტევს პირველ შეხვედრაში ნერვიულობა ეტყობოდა და ხელსაყრელ მომენტებსაც ანიავებდა, მაგრამ რონალდოს ერთი საგოლე პასით მაინც შეეშველა.

ფერნანდო სანტუში, ალბათ, არ მიმართავს ცვლილებებს და არც ანდრე სილვას დააწინაურებს გედეშის ნაცვლად, ახალგაზრდას კიდევ ერთ შანსს მისცემს.

მაროკოს კი პროდუქტიული ჰაკიმ ზიეხი ჰყავს, რომელსაც ნაკრებში 19 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

მაროკოელთა ბანაკში ერთი დიდი დანაკლისია, "ლეგანესის" წევრ ნორდინ ამრაბატს კონტუზია დაუდგინდა და ის ამ შეხვედრას ტოვებს. სხვა მხრივ, გუნდებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ.

ფაქტები
  • მაროკოს ნაკრებმა 18-მატჩიანი წაუგებელი სერია ირანთან პირველ ტურში მარცხით (0:1) შეწყვიტა.
  • მაროკო მუნდიალზე 1998 წლის მერე პირველად თამაშობს.
  • მაროკოს 20 თამაშია, ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია. მაშინაც ჰოლანდიასთან მხოლოდ 1:2 დამარცხდა.
  • კრიშტიანო რონალდოს (84 გოლი ნაკრებში) ყოველ 142 წუთში ერთხელ გააქვს ეროვნული ნაკრების მაისურით.
  • პორტუგალიამ ბოლო 10 მატჩიდან 9-ში, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.
  • პორტუგალიას 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

B ჯგუფი. ოთხშაბათი. 20 ივნისი. მოსკოვი. ლუჟნიკი სთედიუმი
პორტუგალია-მაროკო 16:00
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სოარეში, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო - ბერნარდო სილვა, ჟოაო მოუტინიო, ვ. კარვალიო, ფერნანდეში - რონალდო, გედეში
მაროკო (4-2-3-1): მოჰამედი - ჰაკიმი, ბენატია, საისი, და კოშტა - ბუსუფა, აჰმადი - ზიეხი, ბელჰანდა, ჰარიტი - ელ კააბი
არბიტრი: მ. გაიგერი (აშშ)

გამარჯვებულებს არ ცვლიან
ურუგვაის შესანიშნავი შანსი აქვს, მოგებას მოგება დაუმატოს და ამით ყველა საკითხი გადაწყვიტოს ჯგუფში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა თამაშობს.

"როსტოვ არენაზე" ოსკარ ტაბარესის გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გადის, არაბებს კი რუსეთის ნაკრებთან 0:5 განადგურების შემდეგ არცთუ საუკეთესო დროება აქვთ.
ტაბარესი, ალბათ, არავის გამოცვლის, თუმცა ლუის სუარესი პირველ ტურში ისე თამაშობდა, სკამზე გადაჯდომა არ აწყენდა. აი, ხუან ანტონიო პიცი კი დემორალიზებულ გუნდში ცვლილებებს აუცილებლად გააკეთებს.

ფაქტები
  • რუსებთან მარცხით საუდის არაბეთმა მუნდიალზე პირველ თამაშებში საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა, 1950 წლის მუნდიალზეც 0:5 წააგო (მაშინ ბრაზილიასთან).
  • ურუგვაის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო.
  • საუდის არაბეთს 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
  • ეს ორი ნაკრები ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვდა. 2002 წელს საუდის არაბეთმა შინ 3:2 მოუგო ურუგვაის, ხოლო 2014-ში ფრე იყო - 1:1.
  • ხოსე ხიმენესს (ურუგვაი) ბოლო ორ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ორივე თავით.
  • საუდის არაბეთის ბოლო 11 შეხვედრაში 1.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა.
  • საუდის არაბეთი მუნდიალზე მე-15 მატჩს ატარებს. მეტოქე პირველად არის სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი.
  • ურუგვაის ნაკრებიც აქამდე არასოდეს შეხვედრია მუნდიალზე საუდის არაბეთის ნაკრებს.

A ჯგუფი. ოთხშაბათი. 20 ივნისი. როსტოვი. როსტოვ არენა
ურუგვაი-საუდის არაბეთი 19:00
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ვარელა, ხ. ხიმენესი, გოდინი, კასერესი - ნანდესი, ბენტანკური, ვესინო, დე არასკაეტა - ლ. სუარესი, კავანი
საუდის არაბეთი (4-1-4-1): ალ-მაიუფი - ალ-ბურაიკი, ჰავსავი, ჰავასვი, შაჰრანი - ოტაიფი - შეჰრი, ალ ჯასამი, ფარახი, ალ დავსარი - ალ საჰლავი
არბიტრი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)

ფურია როხა და სუპერდაცვა
მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა "ფურია როხამ" მოლოდინი გაამართლა, მაგრამ საუკეთესო მატჩის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დასჯერდა, რაც კრიშტიანო რონალდოს ჩინებული და დავიდ დე ხეას არადამაჯერებელი თამაშის დამსახურებაა.

ირანელებს საოცნებო დასაწყისი გამოუვიდათ. თითქოს, ქულასაც არ იმსახურებდნენ, როცა 95-ე წუთზე მაროკოელმა ფეხბურთელმა საკუთარი კარი დალაშქრა. ასე გახდა ირანი ჯგუფის ლიდერი და ესპანეთთან თამაშში ეს აზიური გუნდი გაძლიერებული დაცვით ითამაშებს.

დანი კარვახალის თამაში ისევ საეჭვოა. მისი შემცვლელი ნაჩო, ალბათ, ადგილს შეინარჩუნებს, მით უფრო, პორტუგალიელთა კარში გატანილი სუპერგოლის შემდეგ. ფერნანდო იერომ შესაძლოა, კოკე ტიაგო ალკანტარათი ჩაანაცვლოს. ცუდი მატჩის მიუხედავად, დავიდ დე ხეა, ბუნებრივია, სასტარტოში ადგილს შეინარჩუნებს.

საეიდ ეზატოლაჰი აღარ არის დისკვალიფიცირებული, თუმცა მას სასტარტოში არ ვვარაუდობთ.

ფაქტები
  • ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იქნება.
  • ირანს ბოლო 36 მატჩში არასოდეს გაუშვია 2 გოლზე მეტი.
  • ირანმა ბოლო 14 შეხვედრიდან 13-ში გოლი არ გაუშვა!
  • ირანს 19 თამაშია, არ წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით).
  • უკვე 21 მატჩია, რაც ესპანეთის ნაკრები მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
  • ბოლო 11 მატჩიდან 6-ში ესპანეთის ნაკრებმა კარი მშრალად შეინახა.
  • ირანის ბოლო 9 თამაშიდან ერთიც არ დასრულებულა მშვიდობით - 7 მოგება და 2 წაგება.
  • 28 თამაშია, რაც ესპანეთის მონაწილეობით 0:0 არ დაფიქსირებულა.

B ჯგუფი. ოთხშაბათი. 20 ივნისი. ყაზანი. ყაზან არენა
ირანი-ესპანეთი 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ირანი (4-1-4-1): ბეირანვანდი - რეზაეიანი, ჩეშმი, პურალინგანჯი, საფი - ებრაჰიმი - ჯაჰანბახში, შოჯაეი, ამირი, ანსარიფარდი - აზმუნი
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ნაჩო, პიკე, ს. რამოსი, ალბა - კოკე, ბუსკეტსი, ინიესტა - ისკო, დიეგო კოშტა, დავიდ სილვა
არბიტრი: ა. კუნია (ესპანეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ