უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მუნდიალი 2018. C ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: დანიის ბედი ფრანგების ხელშია

AutoSharing Option
საფრანგეთი მერვედფინალშია, დანიას იქამდე ცოტა უკლია, თუმცა ამ ორი გუნდის თამაში "ლუჟნიკიზე" მაინც ძალიან დამაინტრიგებელია.

"ლურჯებმა" წინა ტურში ფავორიტის შესაფერისი ფეხბურთი ითამაშეს. სოჭში კი ავსტრალიის ნაკრებს ბოლო შანსი ეძლევა, მაგრამ ყველაფერი მასზე აღარ არის დამოკიდებული.

დანიის ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად მოსკოვში ფრეც ჰყოფნის, მოგება კი გუნდს პირველ ადგილზე გაიყვანს ჯგუფში. აი, წაგების შემთხვევაში კრისტიან ერიქსენი და კომპანია ავსტრალიელთა თამაშზე იქნება დამოკიდებული.

წინა ტურში დანიის ნაკრები ამარცხებდა ავსტრალიას, როცა ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, მათ კარში პენალტი დაინიშნა. სხვათა შორის, ეს იყო VAR-ის მიერ ამ
მუნდიალზე მიღებული ყველაზე საჭოჭმანო გადაწყვეტილება. კაპიტანმა ერიქსენმა მას "ძალიან ნერვების მომშლელი" უწოდა.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან ორ ფაქტს გავიხსენებთ - 1998 წელს საფრანგეთმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, მათ შორის, 2:1 დანიასთან. სამაგიეროდ, 2002 წელს სწორედ დანიელთა "წყალობით" ფრანგებმა მუნდიალი ნაადრევად დატოვეს.

დანიელთა მთავარი საშიშროება ფრანგებისთვის, ბუნებრივია, ერიქსენს უკავშირდება, "ტოტენჰემის" ვარსკვლავმა დანიის ნაკრების ბოლო 15 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

საფრანგეთის ნაკრებში კი კილიან მბაპეს ვარსკვლავი ამობრწყინდა. მას მერე, რაც მან პერუს გაუტანა, მბაპე გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე დიდ ტურნირებზე (აჯობა ტრეზეგეს).

დანიის ნაკრებს არ ეყოლება ტრავმირებული ვილიამ კვისტი. ფრანგებს ყველა მწყობრში ჰყავთ, მაგრამ დიდიე დეშამს სატურნირო უპირატესობა ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. მით უფრო, დეშამი გაუფრთხილდება სიდიბეს, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. იგივე შეიძლება ითქვას უმტიტიზეც.

ცოტა უცნაური განცხადება გააკეთა პოლ პოგბამ. მან თქვა, რომ ეს მუნდიალი შეიძლება მისთვის ბოლო გამოდგეს. შეგახსენებთ, რომ ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა.

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგური მატჩის გამართვა მოასწრო და "სპარტაკის" 19-წლამდელთა გუნდი 11:0 გაანადგურა.

C ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. მოსკოვი. ლუჟნიკი არენა
დანია-საფრანგეთი 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-2-3-1): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - დელეინი, შიონე - ი. პოულსენი, ერიქსენი, სისტო - იორგენსენი
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ
არბიტრი: ს. რიკი (ბრაზილია)

* * *
ავსტრალიის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოუგოს უკვე გავარდნილ პერუს, რომ მეორე თამაშს ამ ნაკრებისთვის აზრი მიეცეს. ბერტ ვან მარვეიკს ფრანგების იმედი უნდა ჰქონდეს - თუ დანია თუნდაც 1:0-ს მოიგებს, ფრანგების ნულზე გამარჯვების შემთხვევაში, ბრძოლას ავსტრალია გააგრძელებს.

შესაძლოა, გაფრთხილებებსაც აზრი მიეცეს - თუ საფრანგეთი 2:1-ს მოიგებს, ხოლო ავსტრალიელები - 1:0-ს, მეორე ადგილის ბედი დანიასა და ავსტრალიას შორის ყვითელი ბარათების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება. ამ წუთისთვის დანიას 1 ყვითელი ბარათით მეტი აქვს.

პერუს ნაკრებს არ ეყოლება ჯეფერსონ ფარფანი, რომელიც წინა მატჩის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა და მუნდიალი დაასრულა.

C ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. სოჭი. ფიშტი ოლიმპიკი
ავსტრალია-პერუ 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი - რისდონი, სენსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსი - როგიჩი - იურიჩი
პერუ (4-2-3-1): გალიესე - ადვინკულა, რამოსი, როდრიგესი, ტრაუკო - აკინო, იოტუნი - კარილიო, კუევა, ფლორესი - გერერო
არბიტრი: ს. კარასიოვი (რუსეთი)

ფაქტები
  • საფრანგეთი და დანია 2000 წლის მერე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. "ლურჯებმა" 6 დაპირისპირება მოიგეს, 1 კი წააგეს.
  • საფრანგეთსა და დანიას უკვე 11 თამაშია, რაც ფრე არ უთამაშიათ.
  • საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 4 თამაში მოიგო. ოთხივე ეს თამაში გუნდმა 1-გოლიანი უპირატესობით მოიგო.
  • დანიის ნაკრები მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) 11 თამაშია დაუმარცხებელია.
  • პერუს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბოლოს 1978 წელს მოიგო არგენტინაში.
  • ავსტრალია და პერუ მუნდიალებზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
  • ამ მუნდიალზე პერუმ 27-ჯერ დაარტყა, მაგრამ ჯერ გოლი არ გაუტანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"