განადგურებული სომხეთი, სან-მარინო, ჩეხეთი და ანდორა - გრანდებმა დიდი სხვაობით იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 5 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბელგიამ ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი უპირატესობით, 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი გოლი კი დებიუტშივე, მე-8 წუთზე გაიტანეს. თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა. პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ედენ აზარმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ჩეხები გააქტიურდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუა. მატჩის საბოლოო ანგარიში ალექსის საელემაეკერსმა 65-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, E ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ბელგია ლიდერობს.
ჩეხეთს 7 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. "წითელი ეშმაკები" მომდევნო თამაშს 8 სექტემბერს, ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. ჩეხეთი მე-6 ტურს გამოტოვებს და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშებაში 8 ოქტომბერს უელსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ჩაერთვება. მანამდე კი იმავე 8 სექტემბერს უკრაინის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდებიან.


ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისმა ანდორას უემბლის სახელობის მოედანზე უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს. ჯესი ლინგარდმა თავი მე-18 წუთზე გამოიჩინა. მეორე ტაიმში გულშემატკივარმა გოლი 72-ე წუთამდე ვერ იხილა, აქედან მოყოლებული კი, "3 ლომის" ფეხბურთელებმა მეტოქის კარის ბადე 3-ჯერ შეარხიეს. 72-ე წუთზე ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 78-ე წუთზე ჯესი ლინგარდმა ანდორის კარი მეორედ აიღო, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ბუკაიო საკამ 85-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ I ჯგუში 15 ქულით ინგლისი ლიდერობს. ანდორას 3 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.

"3 ლომი" მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. ანდორა იმავე რიცხვში უნგრეთს ესტუმრება.


სან-მარინომ საკუთარ კედლებში პოლონეთს უმასპინძლა და 1:7 განადგურდა.

პოლონელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს (ლევანდოვსკი 2, სვიდერსკი, ლინეტი), მეორე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკი მწვრთნელმა შეცვალა, მის ნაცვლად კი ადამ ბუკსა შემოიყვანა, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. პოლონელმა ფორვარდმა თავი 67-ე, 90+2-ე და 90+4-ე წუთებზე გამოიჩინა.

მასპინძელთა რიგებიდან ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე გაიტანეს. თავი ნიკოლა ნანიმ გამოიჩინა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ I ჯგუფში პოლონეთს 10 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. სან-მარინო 0 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, პოლონეთი 8 სექტემბერს ინგლისს უმასპინძლებს. სან-მარინო იმავე რიცხვში ალბანეთს ესტუმრება.


შტუტგარდში, "მერსედეს ბენცის" არენაზე, ადგილობრივმა გერმანიამ სომხეთს უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს. გოლები სერჟ გნაბრიმ (2), მარკო როისმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს. მეორე ნახევარში "ბუნდესნაკრებმა" თამაში იმავე სცენარით განაგრძო. 52-ე წუთზე იონას ჰოფმანმა მე-5 გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი კარიმ ადეიემიმმა დააფიქსირა, ახალგაზრდა გერმანელმა თავი 90+1 წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, J ჯგუფში გერმანია 12 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. სომხეთი 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

"ბუნდესნაკრები" მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს. სომხები იმავე რიცხვში ლიხტენშტაინს უმასპინძლებენ.


მკითხველის კომენტარები / 4 /
აუუფ, სომხეთი მაინც მეორე ადგილზეა და იბრძვის მუნდიალზე მოხვედრაზე.
ალაშკერტის ფანი
17:17 06-09-2021
3
ეეხ, სომხებმა მაინც გვაჯობეს რა! ი მე-6 რო არ გაეშვათ განა რა დაშავდებოდა მაგრამ მაგათ უნდათ ყველაფერში წინ იყვნენ რა...:)
ცავატანე გაცატანე
13:36 06-09-2021
1

სიახლეები პოპულარული