რონალდოს ჰეთ-თრიკი და დანიის სასწაული შედეგი [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტური დასრულდა.

A ჯგუფში პორტუგალიამ ლუქსემბურგს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-17 წუთზე რონალდოს დუბლითა და ბრუნოს გოლით 3-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მეორე ნახევარში პორტუგალიელებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს. 69-ე წუთზე თავი ჟოაო პალინამ გამოიჩინა, 87-ე წუთზე კი რონალდომ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, A ჯგუფში პორტუგალია 16 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. ლუქსემბურგს 5 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

პორტუგალია მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ლუქსემბურგი იმავე რიცხვში
აზერბაიჯანს ესტუმრება.


ამავე A ჯგუფში სერბეთმა აზერბაიჯანს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

30-ე წუთზე დუსან ვლაჰოვიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. თითქოსდა პირველი ტაიმი ამ ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა 45+2 წუთზე ემინ მახმუდოვმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში კვლავ მასპინძლები აქტიურობდნენ. 52-ე წუთზე დუსან ვლაჰოვიჩმა სერბები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 83-ე წუთზე კი დუსან ტადიჩმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

7 ტურის თავზე სერბეთი A ჯგუფს 17 ქულით სათავეში უდგას. აზერბაიჯანს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

სერბები მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ. აზერბაიჯანი 11 ნოემბერს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.


F ჯგუფში დანია ფანტასტიკურ სვლას განაგრძობს. სკანდინავიელებმა ამჯერად ავსტრიას უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე ჟოაკიმ მელემ გაიტანა.

დანიის ნაკრები 100%-იანი შედეგით მიიწევს, შესაძლო 24 ქულიდან 24-ივე აიღეს, ბურთების შეფარდება კი 27:0-თან გახლავთ, რაც მართლაც რომ საოცარი შედეგია.

თავის მხრივ, ავსტრია 10 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

სკანდინავიელები მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, ფარერების წინააღმდეგ გამართავენ. ავსტრიელები 15 ნოემბერს მოლდოვას უმასპინძლებენ.


D ჯგუფში უკრაინამ ბოსნიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს. თავი ანდრეი იარმოლენკომ გამოიჩინა, წონასწორობა კი ანელ აჰმედოძიჩმა 77-ე წუთზე აღადგინა.

ჯგუფში ვითარება დაძაბულია. უკრაინას 9 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. ბოსნია 7 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ეს ნაკრებები 16 ოქტომბერს ერთმანეთს ამჯერად ბოსნიაში დაუპირისპირდებიან.


სიახლეები პოპულარული