უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მესი, რონალდო, ნეიმარი - მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები

AutoSharing Option
ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში გაიმართება. ყველაზე დიდი სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, ყველაფერი მზადაა, ერთადერთი რაც გულშემატკივარს დარჩა, დალოდებაა. შეგახსენებთ, გახსნითი შეხვედრა მასპინძელ კატარსა და ეკვადორს შორის 20 ნოემბერს ჩატარდება.

რა თქმა უნდა, წინასწარ ვარაუდი რთულია, რადგან მსგავსი ტიპის გათამაშებებში ხშირია სენსაცია და ა.შ. დღეისთვის ინგლისის ნაკრები საშინელ ფორმაშია, გუნდს თამაში უჭირს, თუმცა ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ "სამი ლომი" ტურნირზე ისე ითამაშებს, როგორც ერთა ლიგაზე?

მოდი ჩამოვთვალოთ გამორჩეული ნაკრებები, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოლებენ.

საფრანგეთი

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ტიტულის
დაცვისთვის ყველაფერს გააკეთებენ. დიდიე დეშამის გუნდი არასახარბიელო კონდინციებშია, თუმცა თუ ვარსკვლავურ შემადგენლობას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ "მამლების" გაჩერება საკმაოდ რთული იქნება.

კილიან მბაპესა და კარიმ ბენზემას ლიდერობით, გუნდს ძალუძს ტროფეის დაცვა.

ერთადერთი პრობლემა პოლ პოგბას გარშემო დატრიალებული სიტუაციაა, ფრანგმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ არ იცის მუხლის ტრავმის გამო მოახერხებს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას.

ბრაზილია

ტიტეს გუნდი ჩინებულ ფეხბურთს თამაშობს, მეტოქეებს ერთი-მეორის მიყოლებით ანადგურებს. ისევე როგორც ყოველთვის, "სელესაო" მსოფლიოს პირველობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ნეიმარი, ვინისიუსი, ენტონი, ჟესუსი... ჩინებული შემტევები და თითოეულ რგოლზე რამდენიმე ვარსკვლავი. ეს კლასიკური ბრაზილიაა.

ნიდერლანდები


ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნდა. "ნარინჯისფერები" კატარი 2022-ს მშვენიერ ფორმაში ხვდებიან და ევრო 2020-ის შემდეგ დაუმარცხებელი გუნდის სტატუსსაც ინარჩუნებენ.

თუმცა აქ ერთი პრობლემაა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არასახარბიელო ფორმაშია, მაგალითად, ვირჯილ ვან დეიკმა თქვა, რომ ოპტიმალური ფორმისთვის იბრძვის, მატიას დე ლიხტს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ჯორჯინიო ვეინალდუმმა კი გასულ თვეს ფეხი მოიტეხა.

არგენტინა

ობიექტურად, ასე მოთამაშე "ალბისელესტე" სამ ფავორიტს შორისაა. საფეხბურთო ზეიმი და რომანტიკული გამარჯვება საკუთარი ქვეყნისთვის.

კატარი მესისთვის უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატის ადგილი იქნება და რა მონდომებითა და გულით ითამაშებს ყველამ იცის, ზურგს კი ნაკრების 35 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია უმაგრებს...

დღეს არგენტინა ბევრად ძლიერია და უფრო შედეგიან ფეხბურთსაც თამაშობს, ვიდრე მაშინ, 2014-სა და 2018-ში.

ბელგია

ისევე როგორც ყოველთვის, ბელგიის "ოქროს თაობა" გათამაშების ფავორიტია. დადგა დრო, რომ ამ ნაკრებმა თავისი სათქმელი თქვას, ლიდერებიც ასე თუ ისე ფორმაში არიან.

გამოცდილების მიღებასთან ერთად ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ, რაც წესით კარგი შერწყმა უნდა გამოვიდეს.

გერმანია

მიუხედავად ერთა ლიგის ჩაგდებისა, ბუნდესნაკრების ჩამოწერა არ შეიძლება.

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდი დაფიქრება მოუწევს, თუ როგორ შეუთავსოს ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენებს, მაგალითისთვის, ჯამალ მუსიალა.

ერთადერთი საგანგაშო წერტილი იოზუა კიმიხის ტრავმაა, რაც შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს.

ესპანეთი

"ფურია როხას" ჩამოწერა არ შეიძლება, 2012 წლის შემდეგ დიდი სანაკრებო ტურნირი ამ გუნდს არ მოუგია, თუმცა განვითარების პროცესი გრძელდება, გამოჩნდნენ ფეხბურთელები, როგორებიც არიან პედრი და გავი, რომლებსაც ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლიათ.

გასულ კვირას პორტუგალია 1:0 დაამარცხეს, შემადგენლობას თუ გადახედავთ "ფურია როხას" ახალი თაობა ბევრს ატკენს გულს.

პორტუგალია

მიუხედავად კრიშტიანო რონალდოს არასახარბიელო ფორმისა, პორტუგალიის ნაკრები ძალიან საშიშად რჩება. ფერნანდო სანტოშს ძლიერი შემადგენლობა ყავს, რომელშიც თავმოყრილია კრიშტიანო, ბრუნო, ბერნანდო სილვა, რაფაელ ლეაო, კანსელო, დიასი და სხვა მშვენიერი ფეხბურთელები.

ვარსკვლავებით გადაძეძგილი ნაკრებიდან საჭიროა ერთი მთლიანი სხეულის შექმნა, რომელიც იმოქმედებს ისე, როგორც ევრო 2016-ის დროს.

ფარული ფავორიტი - დანია

ევრო 2020-ის ნახევარფინალისტი, დანიის ნაკრები არავისთვის სასურველი ნაკრები არ იქნება. ნაკრებს კრისტიან ერიკსენი დაუბრუნდა, ალბათ ყველას ახსოვს ის საშინელი კადრები...

სკანდინავიელები არც ერთი გუნდისთვის საჩუქარი არ იქნებიან, მათი ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობა ბევრს სასიამოვნოდ და უფრო მეტს უსიამოვნოდ გააკვირვებს.

ნაწილობრივ მომზადებულია TheSun-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ