ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მიერ გავრცელებული ცნობით, ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა Fifa-ს წერილით მიმართეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატიდან მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოკვეთა მოითხოვეს. წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნის სისასტიკემ და აგრესიულობამ საკუთარი ხალხის მიმართ კრიტიკულ ნიშანს მიაღწია, რაც მოითხოვს ცალსახა და ხისტ დისოციაციას საფეხბურთო და სპორტული სამყაროსგან.
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყო,
ირანის უშიშროების ძალების განცხადების თანახმად, ამინი მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 16 სექტემბერს კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა...
ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის ცნობით, გოგონას ეპილეფსია და სხვა დაავადებები აწუხებდა, თუმცა მისი ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფს. ხელისუფლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. თვითმხილველები და ახლობლები კი ამბობენ, რომ გოგონა დაკავების ადგილზე პოლიციის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა ძმასთან ერთად იყო. მან მისი დაკავება თავდაპირველად გააპროტესტა, თუმცა კიარეშს უთხრეს, რომ გოგონას 1 საათში გაათავისუფლებდნენ. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...
მაჰსა მალევე სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ კი თეირანის კასრას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანმა ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და აშშ-სთან ერთად უნდა იასპარეზოს, უკრაინის ნაკრები კი მუნდიალზე გამსვლელ პლეი-ოფში უელსთან 0:1 დამარცხდა.