უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

2016 წელს "არსენალში" გადავიდა, თუმცა 1 მატჩიც არ ჩაუტარებია - ვინ არის გუშინდელი დღის გმირი?

AutoSharing Option
გუშინ, 23 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მორიგი სენსაცია დაფიქსირდა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანიის ნაკრები იაპონიასთან 1:2 დამარცხდა.

გიუნდოგანის გოლით, გერმანელებმა პირველი ნახევარი 1:0 მოიგეს. რიცუ დოანმა 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე ტაკუმა ასანომ გამარჯვების გოლი გაიტანა და იაპონური ფეხბურთის ისტორიაში ახალი, წარმატებული ფურცელი დაწერა.

დოანი 24 წლის ნახევარმცველია, რომელიც "ფრაიბურგის" ღირსებას იცავს, თუმცა ასანოს ბიოგრაფია უფრო საინტერესო აღმოჩნდა.

2016 წელს ადგილობრივ კლუბ "ჰიროშიმაში" ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, ახალგაზრდა შემტევმა არსენ ვენგერის ყურადღება მიიქცია. მოგეხსენებათ,
"მეთოფეთა" ყოფილი დამრიგებელი იაპონურ ლიგას კარგად იცნობს. მუსიე არსენი პრემიერლიგაში გადმობარგებამდე J1 ლიგის ბინადარ "ნაგოია გრამპუსს" წვრთნიდა.

იმ დროისთვის 21 წლის ფეხბურთელი 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ "არსენალს" შეუერთდა.

Sportall.Ge

"ტაკუმა უნიჭიერესი თავდამსხმელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს" - განაცხადა ვენგერმა მოთამაშის წარდგენისას.

სამწუხაროდ, პრობლემები მალევე დაიწყო, აზიელს ინგლისში სამუშაო ვიზის პრობლემა შეექმნა. რის გამოც ლონდონური კლუბი იძულებული გახდა, მოთამაშე "შტუტგარტში" გაენათხოვრებინა.

ასანომ ბუნდესლიგა 2-ში 26 მატჩი გამართა და 4 გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად დაბალშედეგიანობისა, "შვაბები" ბუნდესლიგაში დაბრუნდნენ და იაპონელის კიდევ ერთი სეზონით დატოვების სურვილი გამოთქვეს. ფორვარდი 2017/18 წლების სეზონში გუნდის განაცხადშიც კი იშვიათად ხვდებოდა.

Sportall.Ge

"არსენალში" უნაი ემერის მისვლის შემდეგ, ტაკუმა 1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "პარტიზანს" შეუერთდა. ბელგრადელთა რიგებში საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოავლინა და 56 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა, მისით ტოპ ჩემპიონატებში კვლავ დაინტერესდნენ და 2021 წელს ბუნდესლიგის ბინადარ "ბოხუმს" შეუერთდა.

Sportall.Ge

მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელისთვის გუშინდელი შეხვედრა იღბლიანი გამოდგა და საკუთარი ქვეყნის გმირად იქცა.

მართალია, 8 წლით გვიან, მაგრამ მაინც, არსენ ვენგერი მართალი აღმოჩნდა...

altფეხბურთი ფულზე მეტია - მუნდიალის საწყისი ტენდენციები და მომავლის ვარსკვლავები

altამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალზე გერმანიას მზე დაუბნელა [VIDEO]