მბაპემ პსჟ-ში სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა და მეტოქის ფეხბურთელს წითელი ბარათიც აკიდა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "მეცთან" შეხვედრაში პსჟ-ს ახალწვეული თავდამსხმელის კილიან მბაპეს დებიუტი შედგა.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა უნაი ემერიმ თავისი სამივე შესანიშნავი ფორვარდი (ედინსონ კავანი,ნეიმარი და მბაპე) დააყენა ძირითად შემადგენლობაში და სტუმრები დებიუტშივე დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, ღირსეული წინააღმდგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს და ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი, მსაჯს ნაანტრაქტევს კილიანთან უხეშობისათვის ასუ-ეკოტო რომ არ გაეძევებინა. იმ მომენტისთვის ანგარიში 1:1 იყო, მერე მბაპემ გოლი გაიტანა და პარიზელებმა გატეხილი "მეცი" 5:1-ზე გაანადგურეს. ერთი სიტყვით, ამ
შეხვედრაში კილიანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ნამატჩევს გახარებულმა მბაპემ ჟურნალისტებს კომენტარი არ დაამადლა:"ყოველთვის მინდოდა დიდ ფეხბურთელებთან ერთად მეთამაშა. ახლა ამის საშუალება მომეცა. ისინი არამარტო საფრანგეთში, არამედ შესაძლოა ევროპაშიც საუკეთესოები არიან.

ვეცდები მათგან ბევრი რამ ვისწავლო. პირველ რიგში პროფესიონალიზმი. უბრალოდ, მსურს სულ ვითამაშო. დღეს ყველაფერი მომეწონა. ვიხალისე. კარგი გოლი გავიტანე. მინდოდა ნეიმარისთვის პასი მიმეცა, მაგრამ მცველისგან რიკოშეტირებული ბურთი მომივიდა, დავარტყი და კარში შევაგდე.

ასუ-ეკოტოს გაძევება? არ ვიცი. ისე, ძალიან მეუხეშა. ჩემთვის ძნელია ამის განსჯა, რადგან მე მომცელა. ასუ-ეკოტოს არაფერში არ ვადანაშაულებ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული