ლიგა 1. XX ტური: პსჟ-ს მდევარი აღარ ჰყავს? [VIDEO]

AutoSharing Option
ნეიმარის გარეშე მოთამაშე "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ნანტს". გამარჯვების გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა და ამის წყალობით პარიზულმა კლუბმა მდევრებთან უპირატესობა 11-11 ქულამდე გაზარდა.


ვალერი ჟერმენის, მორგან სანსონისა და ფლორიან ტოვენის გოლების წყალობით "მარსელმა" სტუმრად "რენს" 3:0 სძლია. ანგარიში უფრო სოლიდური იქნებოდა, ტოვენს პირველ ტაიმში პენალტი რომ გაეტანა. მას ბრეტონში სულ ადვილად შეეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება, თუმცა მაინც საუკეთესო იყო სამხრეთელთა რიგებში. თუ ასე გააგრძელა, 24 წლის ტოვენი აუცილებლად მოხვდება მუნდიალზე დეშამის 23-კაციან სიაში.

რუდი გარსია
(მარსელი): "კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. დღეს გამარჯვება ძალიან გვსურდა. ყველამ კარგად ითამაშა და თავისი წვლილი შეიტანა დაცვაშიც და შეტევაშიც. კონკურენტებმა უნდა იცოდნენ, რომ "მარსელი" არ დანებდება და ყოველთვის შემართული იქნება. თანაც, იშვიათად ხდება, რომ ჩვენ მათზე ადრე ვითამაშეთ. დაე, ეს იყოს მათზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედების საფუძველი. ახლა მშვიდად დავსხდებით და "მონაკოსა" და "ლიონის" თამაშებს ვუყურებთ".

"მარსელის" ფეხბურთელები და მწვრთნელი, ალბათ, სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდნენ, როცა ჩემპიონ "მონაკოს" თამაშს უყურებდნენ. "მონაკომ" სტუმრად ვერაფერი მოუხერხა "მონპელიეს" - 0:0. სტუმრებს არ ჰყავდათ რადამელ ფალკაო, სხვას  კი არავის აღმოაჩნდა იმის თავი, რომ "მონპელიეს" დაცვის მძლავრი ხაზი გაერღვია. ბრწყინვალედ ითამაშა მეკარე ბენჟამინ ლეკომტმა, რომელმაც მეორე ტაიმში "მონპელიე" რამდენჯერმე იხსნა და სეზონში მე-10-ედ შეინახა კარი მშრალად.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ფრე არც ისე კარგი შედეგია ჩვენთვის. აქ ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით. შეტევაში ბევრი გვაკლდა დღეს. სამშაბათს "ნიცას" ვეთამაშებით და სულ სხვა კონცენტრაცია გვმართებს. ამ სეზონში ჩვენი მიზანი მეორე ადგილზე გასვლაა".

"მარსელის" ფეხბურთელები "ლიონის" თამაშის ყურებითაც გაიხარებდნენ, რადგან ფავორიტმა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ანჟერს" ვერ მოუგო. ვერ აჯობა მაშინაც კი, როცა ბოლო წუთებში "ანჟერი" 10 კაცის ამარა დარჩა. ის კი არა, სტუმრები იგებდნენ, რომ არა ნაბილ ფეკირის გოლი. ასე მიუახლოვდა "მარსელი" "მონაკოსა" და "ლიონს" ქულის სიშორეზე. ამ სამეულში მართლაც სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი - მეოთხე ზედმეტია, საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგის სულ სამი საგზურია.

ფაქტები
  • ნაბილ ფეკირი (ლიონი) ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელია ამ სეზონში - 14 გოლი.
  • კარლ ტოკო-ეკამბიმ "ანჟერის" ბოლო 5 გოლი გაიტანა ლიგა 1-ში.
  • ბენუა კოსტილმა (ბორდო) ბოლო 5 პენალტიდან 4 მოიგერია.
  • 2015 წლის მერე პირველად "მარსელის" ორმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში გოლისა და საგოლე პასის მითვლა.
  • ფლორიან ტოვენმა ამ სეზონში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა.
  • "მარსელმა" ლიგა 1-ში ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო.
  • ლეონარდო ჟარდიმმა "მონაკო" მე-200-ედ გაიყვანა სათამაშოდ. აქედან ლიგა 1-ზე 134 მატჩი მოდის.
  • ჟოსლინ გურვენეკის "ბორდომ" სტუმრად 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
  • "ლილმა" "კაენს" სტუმრად ზედიზედ მეშვიდედ მოუგო.
  • "ნიცამ" ბოლო 6 მატჩში 18 შესაძლებლიდან 16 ქულა მოიპოვა.
  • ბოლო 5 დაპირისპირებაა, "ტულუზი" გოლს ვერ უტანს "სენტ ეტიენის" გოლკიპერ სტეფან რუფიეს.
  • ნაბილ ფეკირზე 10-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც ბოლო 10 სეზონში ლიგა 1-ის რეკორდია.
ლიგა 1. XX ტური
სტრასბური-გენგამი 0:2
გოლები: 0:1 სალიბური (8), 0:2 ბენეზე (16)

რენი-მარსელი 0:3
გოლები: 0:1 ჟერმენი (35), 0:2 სანსონი (45), 0:3 ტოვენი (82)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, საკაი - სანსონი (85. ბედიმო), ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე (68. ზამბო ანგისა), ოკამპოსი - ჟერმენი (75. ნ"ჟიე)
გამოუყენებელი პენალტი: ტოვენი (27)

კაენი-ლილი 0:1
გოლი: 0:1 პეპე (44)
გაძევება: ვერკუტრი (44. კაენი), ბალო ტურე (52. ლილი)

დიჟონი-მეცი 1:1
გოლები: 1:0 ტავარეში (1), 1:1 რუ (89)
გაძევება: ჯილობოჯი (93. დიჟონი)

მონპელიე-მონაკო 0:0
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი (46. რაჯი), ჟორჟე - ფაბინიო, ნ"დორამი - ღეზალი, ლემარი, მესკიტა - ბ. კეიტა (71. ა. დიაქაბი)

ნიცა-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 ლე მელუ (66)

ტრუა-ბორდო 0:1
გოლი: 0:1 ლაბორდი (15)
გამოუყენებელი პენალტი: ხაუი (12. ტრუა)

სტ. ეტიენი-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 ბერიჩი (45-პენ), 2:0 დიუსე (86)

ლიონი-ანჟერი 1:1
გოლები: 0:1 ეკამბი (14-პენ), 1:1 ფეკირი (47)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, აუარი - კორნე, ფეკირი, დეპაი (71. ნდომბელე) - მაოლიდა (72. გუირი)
გაძევება: ტაიტი (84. ანჟერი)

ნანტი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 დი მარია (12)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დ. ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, რაბიო, ლო სელსო - დი მარია (80. ნკუნკუ), კავანი (68. მონიე), მბაპე
გაძევება: დიეგო (91. ნანტი)

ბომბარდირები: 19 - ედინსონ კავანი (პსჟ); 15 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 14 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი); 11 - ნეიმარი (პსჟ); 10 - მარიო ბალოტელი (ნიცა), კარლ ტოკო-ეკამბი (ანჟერი).

მომდევნო ტური
16 იანვარი: ბორდო-კაენი, მარსელი-სტრასბური, მონაკო-ნიცა;
17 იანვარი: ამიენი-მონპელიე, ანჟერი-ტრუა, გენგამი-ლიონი, ლილი-რენი, მეცი-სენტ ეტიენი, ტულუზი-ნანტი, პსჟ-დიჟონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული