"ლიონი" პსჟ-ს 11 ქულით ჩამორჩება და რომც მოიგოს, არა გვგონია, საჩემპიონო ინტრიგა დაიძაბოს. მოკლედ, თუ 2000-იანების დასაწყისში პოლ ლე გუენისა და ჟერარ ულიეს ხელმძღვანელობით ზედიზედ 7 ჩემპიონატი მოიგო, ახლა პსჟ-ის ეპოქაა, ბოლო 5-დან 4 ჩემპიონატი პარიზელებმა მოიგეს, უბრალოდ, სერია გასულ სეზონში "მონაკოს" სუპერთამაშმა დაარღვია.
პსჟ-ის მტერი კი საფრანგეთში... პსჟ თუ იქნება, თორემ
ბრაზილიელმა ედინსონ კავანის პენალტი არ დაარტყმევინა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი (156 გოლი) არ მოახსნევინა. ედინსონი ახლა პსჟ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია შვედ ფორვარდთან ერთად.
ფანებმა აშკარად არ მოუწონეს ბრაზილიელს საქციელი და პოკერის ავტორი ანტიგმირივით სტვენით გააცილეს, მაგრამ კაპიტანმა ტიაგო სილვამ და უნაი ემერიმ აშკარად ბრაზილიელის მხარე დაიჭირეს. ბასკმა სპეციალისტმა ნეიმარის გუნდში გამოჩენას ლამის ღვთის წყალობა უწოდა, მაშინ, როცა კავანის გოლეადორობა დიდწილად გუნდის წარმატებად მოიხსენია.
ბრაზილიელი კაპიტანი კი ფანებსაც შემოსწყრა, თქვენი მხრიდან უმადური საქციელია 4 გოლის გამტანი კაცის მიმართო. ერთ რამეში ორივე მართალია - ურუგვაელი აუცილებლად მოხსნის ზლატანის რეკორდს და ეს შეიძლება "ლიონთან" მატჩშიც მოხდეს. აურზაური პენალტისტობის გამო სწორედ "ლიონთან" მატჩით დაიწყო სექტემბერში, როდესაც ნეიმარმა დარტყმა მოინდომა, მაგრამ იმ დროს შტატიანმა პენალტისტმა კავანიმ ამის უფლება არ მისცა და... ვერ გაიტანა.
შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნეიმარი და კავანი მორიგეობით დაარტყამდნენ თერთმეტმეტრიანებს. ეს კონსენსუსი მაშინვე დასრულდა, როგორც კი კავანის ისევ დაუცდა ფეხი - ნოემბერში მან კიდევ ვერ გაიტანა პენალტი. და მაინც, საინტერესოა, ვინ დაარტყამს პენალტს "ლიონთან" მატჩში (თუ ის დაინიშნება).
ურთიერთშეხვედრებში პარიზელთა უპირატესობა ძალზე დიდია. მათ თამაშების 83% მოიგეს, ხოლო ბოლო 6 დაპირისპირებიდან პსჟ-ის გამარჯვებით 5 დასრულდა. ბოლოს "ლიონმა" 1 წლისა და 11 თვის წინათ მოუგო მეტოქეს, კორნესა და დარდერის გოლებით - 2:1. დარდერი სამშობლოში, "ესპანიოლში" თამაშობს, მაქსველ კორნე კი კვლავ "ლიონშია", თუმცა პარიზელები, პირველ რიგში, ნაბილ ფეკირის უნდა უფრთხოდნენ, "ლიონის" ფორვარდი სუპერფორმაშია. "ლიონის" რიგებში ფერნანდო მარშალის თამაში საეჭვოა. პარიზელებს არ ეყოლებათ ლუკას მოურა, ტიაგო მოტა და ხავიერ პასტორე.
ფაქტები
- "პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ში ბოლო11 მატჩიდან 10 მოიგო.
- "ლიონმა" ლიგა 1-ში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.
- "კაენი" ლიგა 1-ში ყველაზე მეტ საჰაერო დუელს იგებს - საშუალოდ 22,9 მატჩში.
- პსჟ-მა ბოლო 21 მატჩიდან 18-ში, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.
- "მარსელმა" ლიგა 1-ის ბოლო 16 შეხვედრაში მხოლოდ 1 მატჩი წააგო.
- "მეცს" ბოლო 5 ტურია, რაც არ წაუგია.
ლიგა 1. XXII ტური
პარასკევი, 19 იანვარი
კაენი-მარსელი 23:45
შაბათი, 20 იანვარი
ნანტი-ბორდო 20:00
ამიენი-გენგამი 23:00
მონპელიე-ტულუზი 23:00
რენი-ანჟერი 23:00
სტრასბური-დიჟონი 23:00
ტრუა-ლილი 23:00
კვირა, 21 იანვარი
ნიცა-სენტ ეტიენი 18:00
მონაკო-მეცი 20:00
ლიონი-პსჟ 23:59
ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 15 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - მარიო ბალოტელი (ნიცა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"