ლიგა 1. XXIV ტურის წინ: სამში ერთი ზედმეტია

AutoSharing Option
ტრადიციულად, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური კვირას, გვიან საღამოს, ცენტრალური მატჩით სრულდება. ამჯერად, ეს თამაში ჩემპიონ "მონაკოსა" და "ლიონს" შორისაა. მას მერე, რაც პსჟ ამ გუნდებს 12 და 11 (შესაბამისად) ქულით უსწრებს, ეს დაპირისპირება უფრო მეორე ადგილისთვის ბრძოლაა (რომლისთვისაც "მარსელიც" იბრძვის).

მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარანტიაა, მესამე - საკვალიფიკაციო პლეი ოფის, მეოთხე კი მხოლოდ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მომტანია. არადა, ამ სამეულიდან არც ერთს აღარ აკმაყოფილებს ევროპალიგა და მწვრთნელებს ბოსები ამას დიდ წარუმატებლობაში ჩაუთვლიან. მოკლედ, ჩემპიონატის დასრულებამდე 15 ტურით ადრე მთავარი
ინტრიგა გამოკვეთილია.

პსჟ, რომელიც შუა კვირაში ქვეყნის ლიგის თასის ფინალში გავიდა, ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუება "ლილს" სტუმრობს. ჩრდილოელები მხოლოდ ქულით უსწრებენ გავარდნის ზონას. არადა, ჩემპიონატის წინ მათზე ამბობდნენ, "ძაღლები" ევროსაგზურისთვის იბრძოლებენო...

პარიზელებს ეყოლებათ გამოჯანმრთელებული კილიან მბაპე, რომელმაც სათასო მატჩში წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ არ ეყოლებათ დანი ალვეში, რომელიც დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ტიაგო მოტას თამაში. ედინსონ კავანიმ უკვე გაიტანა სარეკორდო 157-ე გოლი პსჟ-ის შემადგენლობაში და ახლა სულ სხვა მიზნისთვის იბრძვის - კავანის 21 გოლი აქვს და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაშია დაწინაურებული, თუმცა კონკურენტები ახლოს არიან.

"ლუი მეორეზე" გასამართავი მატჩით ხელის მოთბობას "მარსელი" აპირებს. ცხადია, რომ ერთ-ერთი (თუ ორივე არა) ქულებს დაკარგავს, "მარსელს" კი მეტოქედ ბოლოადგილოსანი "მეცი" ჰყავს. მოკლედ, სამხრეთში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურებას არცთუ უსაფუძვლოდ ელიან.

მასპინძლებს ტრავმირებული სერტიჩი და ამავი დააკლდებათ, ნახევარი "მეცი" კი ლაზარეთშია. ამ გუნდმა ბოლო დროს თამაში კი გამოასწორა, მაგრამ ამ დაპირისპირებაში დიდი შანსი არ უნდა ჰქონდეს - "ველოდრომზე" "მეცმა" ბოლოს 14 წლის წინათ მოიგო. წარმოიდგინეთ, მაშინ პსჟ-ის კარში ჯერ კიდევ ფაბიენ ბარტეზი იდგა.

ტურის ცენტრალური მატჩი ათიოდე დღის წინათ გამართული შეხვედრის რემატჩია, "ლუი მეორეზე" "ლიონმა" 3:2 იმარჯვა.

ფაქტები
  • "მეცმა" ბოლოს "ველოდრომზე" 2004 წლის აგვისტოში მოიგო, როცა "მარსელი" 3:1 დაამარცხა.
  • "ლიონის" რიგებში საგარეო მატჩებში ყველაზე მეტი გოლი მემფის დეპაის აქვს გატანილი - 8.
  • "მონაკომ" "ლიონს" შინ ბოლოს 2013 წელს მოუგო.
  • პსჟ-მა "ლილს" ბოლო სამი საგარეო მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოუგო.
  • "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 30 საშინაო მატჩიდან 26 მოიგო.
  • პსჟ-ს ლიგა 1-ის ბოლო 39-დან 36 მატჩში არ წაუგია.
  • "მარსელმა" "მეცს" ბოლო 7 დაპირისპირებიდან 6 მოუგო.
  • "მარსელს" ლიგა 1-ის ბოლო 18 მატჩიდან 17-ში არ წაუგია.

ლიგა 1. XXIV ტური
პარასკევი, 2 თებერვალი
მარსელი-მეცი 23:45

შაბათი, 3 თებერვალი
ლილი-პსჟ 20:00
ამიენი-სენტ ეტიენი 23:00
მონპელიე-ანჟერი 23:00
ნიცა-ტულუზი 23:00
სტრასბური-ბორდო 23:00
ტრუა-დიჟონი 23:00

კვირა, 4 თებერვალი
რენი-გენგამი 18:00
კაენი-ნანტი 20:00
მონაკო-ლიონი 23:59

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ნეიმარი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 13 - მარიანო დიასი (ლიონი), მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული