ლიგა 1. ბოლო ტური: ზედმეტი "მარსელი" აღმოჩნდა, ლიგაზე "ლიონი" ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
სიძლიერით ევროპის მეხუთე პირველობა დასრულებულია. "პარი სენ-ჟერმენს" დიდი ხანია, ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი საგზურისთვის კი ბოლო ტურამდე სამი კლუბი იბრძოდა.

"მონაკომ", "ლიონმა" და "მარსელმა" თავიანთი თამაშები მოიგეს. ასე რომ, სტატუს-კვო შენარჩუნდა - რუდი გარსიას "მარსელი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ეს ამ კვირაში მეორედ მოხდა - ლიგის საგზურის მოპოვება "მარსელს" ევროპალიგის მოგებითაც შეეძლო, მაგრამ იქაც ხელი მოეცარა.

საფრანგეთს ლიგაზე პსჟ, "მონაკო" და "ლიონი" წარადგენენ. "მეცთან" ერთად "ტრუა" გავარდა, ხოლო "ტულუზი" გადათამაშებაში იასპარეზებს. ჩემპიონატის ბომბარდირი ედინსონ კავანი გახდა 28
გოლით, რომელსაც ბოლო ტურში საერთოდ არ უთამაშია.

უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, მოგება გვსურდა, მაგრამ "კაენს" ძალიან ესაჭიროებოდა ეს ქულა ლიგა 1-ში დასარჩენად. პარიზს ძალიან პოზიტიური მოგონებებით ვტოვებ. აქ ყველა და ყველაფერი შესანიშნავი იყო. ახლა კი მეტ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარებ მზეზე".

ბრუნო ჟენეზიო ("ლიონის" მწვრთნელი): "ბიჭებს ვულოცავ, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო და ამას მივაღწიეთ. პრეზიდენტი ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო, მაშინაც კი, როცა არაფერი გამოგვდიოდა. მემფის დეპაის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა".

ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკოს" მწვრთნელი): "ეს მოგება დიდი შვებაა ჩვენთვის. ვიცოდით, რომ წლეულს პარიზელთა დაწევა ძნელი იქნებოდა. ასე რომ, მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო. სეზონის წინ ბევრი ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ 80 ქულის დაგროვება მაინც შევძელით".

ფაქტები
  • "ლიონი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ბოლო 20 სეზონში ტოპ-5-ში დაასრულა ჩემპიონატები. მეტიც, 20-დან 17 შემთხვევაში "ლიონი" მოწინავე სამეულში გადიოდა.
  • "მონაკომ" "ტრუას" კარისკენ 21-ჯერ დაარტყა.
  • "ლიონმა" 87 გოლი გაიტანა, რაც ამ გუნდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
  • "მარსელს" 2010 წლის მერე არ დაუგროვებია ამდენი ქულა (77) ჩემპიონატში.
  • "მარსელმა" სეზონი 8-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულა.
ბომბარდირი: 28 - ედინსონ კავანი (პსჟ)
სხვები: 22 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 19 - ნეიმარი (პსჟ), მემფის დეპაი (ლიონი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული