"ნიცას" ფეხბურთელი თანაგუნდელის საათის მოპარვაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგული "ნიცას" 18 წლის თავდამსხმელი ლამინე დიაბი ეჭვმიტანილია დანიელი თანაგუნდელის, კასპერ დოლბერგის 70 000 ევროდ ღირებული საათის მოპარვაში.

გამოცემის მიხედვით, ძვირად ღირებული მაჯის საათი "ნიცას" გასახდელიდან 23 სექტემბერს დაიკარგა. ჯერჯერობით სწორედ დიაბი ითვლება მთავარ ეჭვმიტანილად.

თუკი ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ბრალდება დაუმტკიცდება, კლუბი მასთან კონტრაქტს გაწყვეტს. დიაბიმ უნდა მისცეს ჩვენება და დაესწროს მოსმენას, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მიიღებს.

დიაბი, რომელიც ნიცასთან ახლომდებარე დასახლებაში დაიბადა, კლუბის სისტემაში 13 წლის ასაკიდან არის. წლევანდელ სეზონში ახალგაზრდა ფორვარდი მოედანზე ჯერ არ გამოსულა,
თუმცა ამ ასაკში საფრანგეთის ლიგა 1-ში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიაბი საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლავთ.