ჩაო! ორევუარ! - მესის საუდის არაბეთში გაფრენა არ აპატიეს და პსჟ-ის დატოვება მოუწევს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ მესი საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში "ლორიანთან" 1:3 წაგების შემდეგ რამდენიმე საათში უნებართვოდ გაემგზავრა საუდის არაბეთში და კლუბმა დასაჯა.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზული კლუბი მიიჩნევს, რომ 35 წლის მესიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ორი კვირით გუნდს ჩამოაშორეს და "ტრუასთან" 7 მაისს და "აიაჩოსთან" 13 მაისს ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ეკიპი" იტყობინება, რომ არგენტინელი ამ პერიოდში ხელფასს ვერ მიიღებს და ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა, რომელიც მესის მუდამ აკრიტიკებდა, განაცხადა, რომ
ლეომ გუნდი უნდა დატოვოს.

"მე ისევ მაშინებს ის, რასაც ვისმენ. ეს იმასთან დაკავშირებით მაღელვებს, რასაც მესის პსჟ-ში გატარებულ წლებზე ვფიქრობ.

რატომ ჩამოვიდა? ეს წმინდა ფინანსური საკითხია. პსჟ ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც შეეძლო მიეცა ის, რაც უნდოდა. ერთადერთი.

თუმცა ახლაც კი "ბარსელონაში" დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ კატალონიურ კლუბს არ შეუძლია თავს მისი დაბრუნების უფლება მისცეს, ამიტომ ცდილობს კატარელებს რაც შეიძლება მეტი ფული დასტყუოს და ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

მაგრამ ახლა - ჩაო! ორევუარ! ბაი-ბაი! საკმარისია", - ციტირებს როტენს RMC Sport-ი.