სერია A. II ტურის წინ. სპალეტის ფაქტორი და შორეული 2008

AutoSharing Option
იტალიაში ჯერ მხოლოდ ერთი ტურია ნათამაშები და მიუხედავად იმისა, რომ, "ლაციოს" გარდა, ყველა ფავორიტმა დაგეგმილი 3-3 ქულა აიღო, ამა თუ იმ გუნდის წარმატებულ თუ წარუმატებელ სტარტზე ლაპარაკი ჯერ მაინც ადრეა.

მეორე ტური კი დღეს იწყება და დღესვეა უქმეების ცენტრალური დაპირისპირებაც - "რომა"-"ინტერი". თამაში მრავალმხრივ დამაინტრიგებელია და, პირველ რიგში, ლუჩანო სპალეტის ფაქტორის გამო. "ნერაძურის" მწვრთნელის რანგში ის პირველად ხვდება თავის ყოფილ "რომას", რომელსაც, საკუთრივ, დასამტკიცებელი აქვს, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკოს სახით სამწვრთნელო პოსტზე სწორი არჩევანი გააკეთა.

პირველი, რაც დი ფრანჩესკომ შეცვალა,
ის იყო, რომ დაცვაში ოთხი კაცი დააყენა (სპალეტის დროს სამნი იყვნენ უკანა ხაზში). ამას გარდა, იმავე სპალეტის ეპოქაში, რაჯა ნაინგოლანი უფრო მეტად იყო ორიენტირებული კრეატივზე. ახლა კი გაცილებით მეტი "შავი" სამუშაო ევალება, რაც, ცხადია, ხიბლს უკარგავს "რომას" შემტევ და სწორედაც კრეატიულ სტილს.

"ატალანტასთან" მატჩშიც, რომელშიც "რომამ" დაარღვია უსიამოვნო "ტრადიცია" და ბერგამოს "ატლეტი აძურიზე" ზედიზედ 3 წაგების შემდეგ გაიმარჯვა, ერთადერთი ნათელი წერტილი ახალწვეული ალექსანდრ კოლაროვის საფირმო ჯარიმა იყო, რომელიც მიზანში მოხვდა.

უნდა ვიფიქროთ, რომ დი ფრანჩესკოს ხელი არ აუღია შემოქმედებით ფეხბურთზე და რიად მაჰრეზის შეძენის მცდელობაც სწორედ აქეთკენაა მიმართული.

სპალეტის "ინტერმა" კი პირველ ტურში შთამბეჭდავად ითამაშა და საკმაოდ სოლიდურ "ფიორენტინას" 3:0 აგემა. ბრწყინვალე ფორმაშია მაურო იკარდი, ხოლო შუა ხაზში უთუოდ მნიშვნელოვანი შენაძენია ესპანელი ბორხა ვალერო.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - "ინტერს", სერია A-ს ეგიდით, "რომასთვის" 2008 წლის მერე არ მოუგია საგარეო მატჩი.

"იუვენტუსი", რომელსაც წინასასეზონო პერიოდში ბევრს აკრიტიკებდნენ, "ჯენოას" ესტუმრება და ეცდება, ჯავრი იყაროს გასულ სეზონში "მარასიზე" განცდილი მარცხის (1:3) გამო. თუმცა მასიმო ალეგრისთვის ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ ადაპტაციის პერიოდი ბლეზ მატუიდიმ და დუგლას კოშტამ, ხოლო ლეონარდო ბონუჩის წასვლის შემდეგ დაცვაში უფრო მეტად საიმედო გახდეს დანიელე რუგანი.

საინტერესოა, რომ "იუვენტუსმა" სერია A-ში ყველაზე მეტი (60) მატჩი მოუგო და ყველაზე მეტი (205) გოლი სწორედ "ჯენოას" გაუტანა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ბებერ ქალბატონს" "მარასიზე" ბოლო 3 სტუმრობიდან 2 თამაში აქვს წაგებული.

"მილანს" "კალიარისთან" საშინაო მატჩში არ ეყოლება ტრავმირებული ტრიო - ლუკას ბილია, ჯაკომო ბონავენტურა და რიკარდო მონტოლივო. თუმცა არის პოზიტივიც - მოსალოდნელია ხორვატი ფორვარდის, ნიკოლა კალინიჩის დებიუტი, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს შეტევის ხაზის პროდუქტიულობა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული "ნაპოლი" მასპინძლობს "ატალანტას", ვისთანაც გასულ სეზონში ორივე მატჩი წააგო. მაურიციო სარის არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ალბანელი მცველი ელსაიდ ჰისაი.

"ლაციო", ვინც პირველ ტურში შინ უგოლო ფრეს დასჯერდა, დებიუტანტ სპალ-თან, გასვლაზე ეთამაშება "კიევოს", რომელსაც ბოლოს 2014 წლის სტუმრობისას მოუგო (2:0), შარშან კი შინ და გარეთ მხოლოდ 1 ქულა წაართვა.

რომაელები ფრთხილად უნდა იყვნენ ვალტერ ბირსას წინააღმდეგ. ჯერ ერთი, რომ სლოვენიელმა პირველ ტურში "კიევოს" ორივე გოლში დაიდო წილი, და მეორეც - გასულ სეზონში ბირსას ხელი ერია ვერონული გუნდის გოლების 37 პროცენტში: 7 გაიტანა და 9 შემთხვევაში თანაგუნდელებს გაუმართა ხელი.

სერია A. II ტური
შაბათი. 26 აგვისტო

ბენევენტო-ბოლონია 20:00
ჯენოა-იუვენტუსი 20:00
რომა-ინტერი 22:15
კვირა. 27 აგვისტო
ტორინო-სასუოლო 20:00
მილანი-კალიარი 22:45
კიევო-ლაციო 22:45
კროტონე-ვერონა 22:45
ფიორენტინა-სამპდორია 22:45
ნაპოლი-ატალანტა 22:45
სპალ-უდინეზე 22:45

ბომბარდირები: 2 - მაურო იკარდი (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ