FIFA რეიტინგის წესებს ინგლისის გამო ცვლის

AutoSharing Option
ვისაც არ ეზარება, ყველა ფიფასა და "კოკა კოლას" ერთობლივი რეიტინგის სისტემას აკრიტიკებს (ზოგი არგუმენტებით, ზოგს უბრალოდ, არ მოსწონს და მორჩა) და ფიფამაც გადაწყვიტა, მისი ფორმატი შეცვალოს. დაიჯერეთ? დიახ, მსოფლიო ფეხბურთის სათავო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება ნამდვილად მიიღო, მაგრამ არა საზოგადოების კრიტიკის გამო...

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი როგორც კი ჩამთავრდება, ფიფა "ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგის ახალ ფორმატს მოიფიქრებს და საზოგადოებას გააცნობს. ფიფაში ამტკიცებენ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ბევრ ამხანაგურ მატჩს მართავენ ძლიერ მეტოქეებთან, სხვებთან შედ
არებით, ზარალდებიან რეიტინგ-ლისტში და ამის გამო იჩაგრებიან. პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ინგლისი იგულისხმეს.

ინგლისის ნაკრები ახლა მე-13 პოზიციაზეა და, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, გუნდი განთესილი არ იქნება. ბოლო მუნდიალზეც ასე იყო - ინგლისის ნაკრები განთესილთა რიცხვში ვერ მოხვდა, შედეგად მიიღო "სიკვდილის ჯგუფი" ბრაზილიაში (იტალია, ურუგვაი, კოსტა რიკა) და უკვე ორი ტურის შემდეგ გავარდა.

ინგლისის ნაკრები ხშირად თამაშობს ამხანაგურ მატჩებს ტოპ-გუნდებთან (გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, სხვები...).

ახლანდელი სისტემა კი გაცილებით მეტ ქულას ითვალისწინებს ოფიციალურ მატჩებზე და ქულებს საშუალო მაჩვენებლებით ითვლის და არა ჯამურით. ეს კი საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც შვეიცარია და პოლონეთია, მინიმალური ამხანაგური მატჩებით გავიდნენ ფონს და მაქსიმალური პოზიცია დაიკავონ რეიტინგ-ლისტში.

დღეისათვის შვეიცარია მეოთხეა და მხოლოდ ბრაზილია-გერმანია-არგენტინის ტრიოს ჩამორჩება, ხოლო პოლონეთი - მეხუთე. ორივე ეს გუნდი, მუნდიალზე მოხვედრის შემთხვევაში, განთესილი იქნება.

ინგლისელთა ტაქტიკა სხვაგვარია, მათი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი მეტ და ხარისხიან ამხანაგურ მატჩებს ითხოვს (ეს ერთი მხრივ, ფინანსურადაც მომგებიანია), რომ გუნდი კარგად შეთამაშდეს და მზად იყოს დიდი ტურნირებისთვის. ფეხბურთის ასოციაციაც ხელს უწყობს მწვრთნელს (იმავე ფინანსური არგუმენტის წყალობით).

"ფიფა "ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგის სისტემას სერიოზულად აკვირდება და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ამ სისტემისა და ფორმატის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს", - აცხადებს ფიფას წარმომადგენელი. ბუნებრივია, ამ მუნდიალისთვის ინგლისს მაინც არაფერი ეშველება - ფინალურ ტურნირზე განუთესავი იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიფა ძალიან გადათავხედებულია,ძალიან ბევრ და უზრო გადაწყვეტილებებს იღებს ფინანსური მაგნატების გამო! ამის გამო იცვლება ფეხბურთი და საყურებლადაც, კომერციულად მომგებიან შეჯიბრს დაემსგავსა.
ირაკლი1
12:00 06-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული