ლა ლიგა. XIV ტური: ბარსელონოლოგი ასპასი და ყველაზე უხეში რამოსი [VIDEO]

AutoSharing Option
ამ ტურში გრანდებს ფეხი დაუცდათ, რითაც ყველაზე კარგად "ატლეტიკომ" ისარგებლა. დიეგო სიმეონეს გუნდი მხოლოდ ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ "ვალენსიას" და "რეალს" ორი ქულით უსწრებს. ლიდერთა ოთხეულის სხვა წევრებმა ქულები დაკარგეს...

ბარსელონა-სელტა
"ვალენსიასთან" ფრის შემდეგ ყველას ეგონა, რომ ლიდერი მოიგებდა, მით უფრო, რომ "კამპ ნოუზე" თამაშობდა, მაგრამ "ბარსას" მეტოქედ ვიგოს "სელტა" ჰყავდა.

უცნაურია, მაგრამ ბოლო წლებში კატალონიელების წინააღმდეგ გრანდები უფრო შიშით თამაშობენ, ვიდრე ეს გალისიური გუნდი, ხოლო მათი ლიდერი იაგო ასპასი ჩამოყალიბებული "ბარსელონოლოგია" - მან მორიგი გოლი გაუტანა "ბარსას", ბოლოს
კი საგოლე პასით "სელტასთვის" ქულაც იხსნა - 2:2. ასპასს ძალიან სურს მუნდიალზე თამაში და, ვფიქრობთ, მისი პრეტენზია საფუძვლიანია.

"სელტას" წინააღმდეგ, ტრადიციულად, ძლიერად ითამაშა ლეო მესიმ, რომლის გოლმაც პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩში სამი ტრავმა ვიხილეთ - სამუელ უმტიტიმ შესაძლოა, ორი თვე გამოტოვოს, ხოლო სერხი გომესმა ლუის სუარესთან დუელში მხარი ამოიგდო და ისიც საკმაო ხანს გამოტოვებს. შედარებით იოლად გადარჩა ანდრეს ინიესტა, რომელმაც გამოცვლა თავადვე ითხოვა. მაშ ასე, იაგო ასპასმა და კომპანიამ ლა ლიგას ინტრიგა დაუბრუნა!

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "ჩვენ შეგვეძლო 3:1 დავწინაურებულიყავით, სინამდვილეში კი იმ ეპიზოდში უმტიტის ტრავმა მივიღეთ. ამის მერე მომენტები პიკეს, პაკოს, პაულინიოს და მესის ჰქონდათ, მაგრამ მათ ისინი ვერ გამოიყენეს. "სელტამ" თამაში კარგად დაიწყო. თამაშის სადავეები ძლივს დავიბრუნეთ, ეს მათი პირველი გოლის მერე მოხდა. უკვე ჩვენ ვდომინირებდით, როცა ის ეპიზოდი მოხდა, რომელმაც ქულები დაგვაკარგვინა".

ხუან კარლოს უნსუე (სელტა): "თუ "კამპ ნოუდან" რაიმე შედეგის წაღება გსურს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ითამაშო გუნდურად და ინტენსიურად გამოიყენო ფლანგები. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ აქ თამაში ყოველთვის უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სხვაგან. მაქსი გომესი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და უკვე 7 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, ეს კი შთამბეჭდავია. მოგება ფანტასტიკური იქნებოდა, მაგრამ "ბარსასთან" ფრეც კარგი შედეგია".


ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინათ, 3 დეკემბერს ვერ მოიგო. მაშინ "რეალს" 1:1 ეთამაშა.
  • ბოლო ორ სეზონში "სელტამ" "ბარსელონას" 12 გოლი გაუტანა, მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბმა ესპანეთში.
  • ჟორდი ალბამ ლუის სუარესს კარიერაში მე-11-ედ გაატანინა გოლი.
  • ლეო მესიმ "სელტასთან" ბოლო 3 დაპირისპირებაში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
  • იაგო ასპასმა (სელტა) ბოლო 4 თამაშში "ბარსას" 4 გოლი გაუტანა.
  • "სელტა" ერთადერთი კლუბია ლა ლიგაში, რომელმაც წინა სამ სეზონში, ერთხელ მაინც შეძლო "ბარსელონას" დამარცხება.
ატლეტიკო-რეალ სოსიედადი
დიეგო სიმეონეს გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და "რეალ სოსიედადთან" თამაში შემოატრიალა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს ანტუან გრიზმანმა გაიტანა ახლო მანძილიდან, მაგრამ ყოფილი გუნდის კარში გოლი მას არ უზეიმია. მანამდე იყო იან ობლაკისა და მიკელ ოიარზაბალის დუელი, რის გამოც პენალტი დაინიშნა და ვილიან ჟოზემ დააწინაურა ბასკური გუნდი. მეორე ტაიმში კი ბრაზილიელმა ფილიპე ლუიშმა შორი მანძილიდან გაათანაბრა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ატლეტიკო" ყოველთვის უნდა თამაშობდეს მონდომებით. ამიტომ ჩვენ გახარებულები ვართ, რომ საუკეთესო თვისებები გამოვავლინეთ მძიმე სიტუაციაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა. მეორე ტაიმში შეცდომები კი გვქონდა, მაგრამ ძალიან მონდომებულები ვიყავით. ჩემპიონატი ძალიან გრძელია, ჩვენ არასოდეს ვიყურებით მომდევნო მატჩზე წინ".


ფაქტები
  • "ატლეტიკომ" საკლუბო რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 18 მატჩი არ წაუგია ლა ლიგაში.
  • ვილიან ჟოზემ პრიმერაში პირველად გაიტანა ზედიზედ 4 მატჩში.
  • იან ობლაკმა "ატლეტიკოში" თამაშისას პირველი პენალტი გაუშვა ჩემპიონატის მატჩში.

ბილბაო-რეალი
"სან მამესზე" რომ მოეგო, "რეალი" ლიდერთან ჩამორჩენას 6 ქულამდე შეამცირებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "სამეფო კლუბში" ყველაფერი წესრიგში ვერ არის - ის კი არა, ბოლო წუთებზე სერხიო რამოსის გაძევების გამო "რეალს" ქულის გადარჩენაზე უწევდა ზრუნვა - 0:0.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "გასულ წელთან შედარებით ჩვენი შედეგები შეიცვალა ლა ლიგაში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შეიცვალა თამაში. გასულ სეზონში ბევრი იყო ისეთი თამაში, რომელიც ბოლო წუთებზე მოვიგეთ, ახლა კი ასეთებს ვერ ვიხსენებ. დამწუხრებული ვარ, თუმცა სანერვიულო არაფერია - კარგად ვითამაშებთ და გოლებსაც გავიტანთ. ამ თამაშში კი ჩვენ მეტი დავიმსახურეთ. რამოსს მიაჩნია, რომ ბარათი არ დაიმსახურა, მაგრამ ჩვენ ახლა ვერაფერს შევცვლით".


ფაქტები
  • ლუკა მოდრიჩმა (რეალი) ლა ლიგაში 150-ე მატჩი ითამაშა.
  • სერხიო რამოსი (რეალი) გახდა ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ გააძევეს (19).
  • "რეალმა" ზუსტად იმ შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც მოიგო ლიგის ფინალი ივნისში.
  • "რეალმა" 14 ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები ქულა (28) დააგროვა 2008/09 წლების სეზონის შემდეგ.
  • კრიშტიანო რონალდომ ახალ "სან მამესზე" მეხუთე თამაშშიც ვერ გაიტანა.

ერთიც და "სევილია" ლა ლიგაში მეათასე მატჩს მოიგებს. ეს შეიძლება "სანტიაგო ბერნაბეუზეც" მოხდეს, რადგან შემდეგ ტურში ანდალუსიური კლუბი სწორედ "რეალს" სტუმრობს. მანამდე კი ნოლიტოს ორი საგოლე პასით ვისამ ბენ იედერმა და შეცვლაზე შესულმა მიკაელ კრონ-დელიმ ისარგებლეს და "სანჩეს პისხუანზე" "დეპორტივო" დაამარცხეს - 2:0.

გუნდის თავკაცი ედუარდო ბერიცო კი პროსტატის სიმსივნეს ებრძვის. არგენტინელმა ოპერაცია გაიკეთა და ის თამაშის დღეს გაწერეს საავადმყოფოდან. ბერიცო სამშობლოში გაივლის რეაბილიტაციის პროცესს.

წააგო "ბარსას" მდევარმა "ვალენსიამ", რომელიც საათზე მეტხანს რიცხობრივ უპირატესობაში ეთამაშა "ხეტაფეს", მაგრამ გოლი აქეთ გაუშვა - თავი რიკოშეტის დახმარებით მარკელ ბერგარამ გამოიჩინა.

სხვა ფაქტები
  • "ლევანტე" ესპანეთში ერთადერთ კლუბად რჩება, რომელსაც "ლა როსალედაზე" უთამაშია, მაგრამ არ მოუგია.
  • "სევილიამ" ლა ლიგაში 999-ე მატჩი მოიგო.
  • ვისამ ბენ იედერმა (სევილია) ბოლო 6 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 6 გოლი გაიტანა.
  • მიკაელ კრონ-დელიმ (სევილია) ლა ლიგაში პირველად გაიტანა საჯარიმოს გარედან.
  • "ვალენსიამ" სეზონში პირველი მარცხი იწვნია. მარსელინომ პირველად წააგო "ვალენსიას" თავკაცის რანგში.
  • ნორდინ ამრაბატი (ლეგანესი) პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, ვინც შეცვლაზე შევიდა და ორი საგოლე პასი მიითვალა.
  • დანი რაბამ პირველად ითამაშა "ვილიარეალის" სასტარტოში და გოლიც გაიტანა.
ლა ლიგა. XIV ტური
მალაგა-ლევანტე 0:0

ბარსელონა-სელტა 2:2
გოლები: 0:1 ასპასი (20), 1:1 მესი (22), 2:1 ლ. სუარესი (62), 2:2 მ. გომესი (70)
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი (72. ვერმალენი), ალბა - რაკიტიჩი (79. პ. ალკასერი), პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა (53. დ. სუარესი) - მესი, ლ. სუარესი

ატლეტიკო-სოსიედადი 2:1
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (29-პენ), 1:1 ფილიპე ლუიში (63), 2:1 გრიზმანი (88)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - თომასი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (70. ფერეირა-კარასკო), გაბი, საულ ნიგესი, კოკე - გრიზმანი (91. ა. ფერნანდესი), გამეირო (70. ფ. ტორესი)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ა. ელუსტონდო, ი. მარტინესი, როდრიგეში - ილიარამენდი, ზუბელდია, ზურუტუზა - ჩაბი პრიეტო (70. კანალესი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (90. ველა)

სევილია-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (45), 2:0 კრონ-დელი (78)
სევილია (4-3-3): სორია - მერკადო, გაისი, ლონგლე, ესკუდერო - ბანეგა (85. ხესუს ნავასი), პისარო, ფ. ვასკესი (69. კრონ-დელი) - სარაბია, ბენ იედერი, ნოლიტო (87. ხ. კორეა)

ბილბაო-რეალი 0:0
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი (72. ლეკუე), ეჩეიტა, ნუნიესი, ბალენზიაგა - იტურასპე (39. სან ხოსე), მ. რიკო - ვილიამსი (83. კორდობა), რაულ გარსია, სუსაეტა - ადურისი
რეალი (4-3-2-1): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო (82. კოვაჩიჩი), რონალდო - ბენზემა (82. მაიორალი)
გაძევება: ს. რამოსი (86)

ლეგანესი-ვილიარეალი 3:1
გოლები: 0:1 რაბა (60), 1:1 დ. რიკო (72), 2:1 ელ ჟარი (81), 3:1 გაბრიელი (93)

ხეტაფე-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 ბერგარა (66)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, ვეზუ, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (46. ნაჩო), ა. პერეირა (63. მინა) - როდრიგო, ძაძა
გაძევება: არამბარი (25. ხეტაფე)

ეიბარი-ესპანიოლი 3:1
გოლები: 1:0 კიკე (9), 2:0 ალეხო (38), 3:0 ხორდანი (69-პენ), 3:1 ენრიჩი (79. ს.კ.)

ლას პალმასი-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 კალიერი (19)

ორშაბათი, 4 დეკემბერი
ჟირონა-ალავესი 23:59

ბომბარდირები: 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - იაგო ასპასი (სელტა), როდრიგო (ვალენსია).

მომდევნო ტური
8 დეკემბერი: ალავესი-ლას პალმასი;
9 დეკემბერი: ხეტაფე-ეიბარი, რეალი-სევილია, დეპორტივო-ლეგანესი, ვალენსია-სელტა;
10 დეკემბერი: რეალ სოსიედადი-მალაგა, ბეტისი-ატლეტიკო, ლევანტე-ბილბაო, ვილიარეალი-ბარსელონა;
11 დეკემბერი: ესპანიოლი-ჟირონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული