ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "გენტმა" სტუმრად "ოსტენდე" 4:0 გაანადგურა და ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მე-18 წუთზე გიორგის პასით ანგარიში სტალონე ლიმბომბემ გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი თავად გავიდა მეკარესთან პირისპირ და ანგარიში 3:0 გახადა.
მეოთხე გოლიც ჩაკვეტაძის აქტიურობის შედეგად გავიდა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ყველას ლიმბომბემ დაასწრო.
"გენტმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 17 ქულით მე-6 ადგილზეა და 26 ოქტომბერს "შარლერუას" მასპინძლობს.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს "გენტის" მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე გადააყენეს და მის ნაცვლად 48 წლის დანიელი იეს ტორუპი დანიშნეს.