"ვარსკვლავური ომები": ფეხბურთელები, რომლებიც ერთად თამაშობდნენ, თუმცა ერთმანეთი სძულდათ

AutoSharing Option
ამას წინათ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა - ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ამ მოთამაშის კარიერა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი იყო და ეს არამარტო მიღებული ტრავმების მიზეზით. ვან დერ ვაარტი, "აიაქსის" მოთამაშედ ყოფნისას, მაგრად წაკინკლავდა მასავით ახალგაზრდა ფეხბურთელთან - ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, მაგრამ საბოლოო ჯამში "აიაქსის" ბოსებმა მოვლენებს დაასწრეს და ზლატანი "იუვენტუსს" მიჰყიდეს, რათა არ დაეშვათ კონფლიქტის გაღრმავება და "გრადუსის აწევა".

თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ერთი გუნდის ფეხბურთელები მხარდამხარ თამაშობენ, საფეხბურთო
მინდორს გარეთ კი ერთმანეთისათვის თითქმის უბოროტესი მტრები აღმოჩნდებიან ხოლმე.

ენდი კოული და ტედი შერინგემი
"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ორმა გამოჩენილმა ფორვარდმა ბევრ წარმატებას მიაღწია, მრავალგზის გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და ასევე ბევრჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის პრიზები. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდა, ურთიერთობა არ ჰქონდათ. ზოგჯერ საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ თუ ერთს მეორისთვის რაიმე უნდა გადაეცა, ამისათვის მესამე პირის ჩარევა იყო საჭირო. ისე, კაცმა რომ თქვას, საფეხბურთო მინდორზე მათი კონფლიქტი პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო და ორივე ფეხბურთელი ძალების მაქსიმალური დაძაბვით თამაშობდა.

ენდი კოულსა და ტედ შერინგემს შორის მტრული დამოკიდებულება ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო, როცა პირველი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე იყო, მეორე კი "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდა. ორივე ერთმანეთს ინგლისის ნაკრებში შეხვდა, სადაც ენდი კოულის დებიუტი ურუგვაის ნაკრებთან გაიმართა. ენდიმ ტედი შეცვალა და იმ მომენტში, როცა ეს პროცედურა მიმდინარეობდა, ტედი თანაგუნდელის მიმართ არამეგობრულად მოიქცა: ჩანაცვლების მომენტში ენდის ხელი არ ჩამოართვა.


მოგვიანებით ენდი კოულმა თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომ ჩაიდო გულში წყენა და მტრობა თანაგუნდელ ტედი შერინგემის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში: "ჩემთვის ინგლისის ნაკრებში თამაშის სურვილი აუწერელი იყო. მომენტი დადგა. გავდივარ მინდორზე. სტადიონზე დაახლოებით 60 ათასამდე მაყურებელია. შერინგემი ჩემკენ მოდის. ველოდები ხელის ჩამორთმევას და რაღაც ამდაგვარ ფრაზას - "წარმატება, კოული!".

მე მზად ვარ ხელის ჩამოსართმევად, ის კი აგდებულად შებრუნდა და გვერდით გამიარა გაურკვეველი მიზეზით, რომელიც მე დღემდე ვერ გამიგია... მე არც ის ვიცი, რა პრობლემა შეიძლება ჰქონოდა მას ჩემ მიმართ, ჩვენ ხომ ინგლისის ნაკრებში პარტნიორები ვიყავით. იმ დროს ჩემი დებიუტი იყო, ის კი აგდებით მომექცა. იცით, თავში რა აზრები მქონდა იმ მომენტში? ვფიქრობდი: "ღმერთო ჩემო, რამდენმა ადამიანმა დაინახა, რომ ტედ შერინგემმა ხელი არ ჩამომართვა?!". გაოცებული და ნირწამხდარი ვიყავი! იმ წუთიდან მივხვდი, რომ შერინგემი ჩემი მეგობარი არ იქნებოდა. ორი წლის შემდეგ, 1997 წლის ზაფხულში, "იუნაიტედიდან" ერიკ კანტონას წასვლის გამო კლუბში შერინგემი გადმოვიდა. ჩვენ ერთად რამდენიმე წელი ვითამაშეთ, მრავალი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მისთვის არასოდეს ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს", - აღიარებს კოული.

საინტერესოა, რომ კოულმა და შერინგემმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ მატჩებში ერთად 4581 წუთი გაატარეს და ორივემ ამ ხნის განმავლობაში 54 გოლი გაიტანა!

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ოგუჩი ონევუ
ზლატანი ის კაცი არ იყო, კონფლიქტი მხოლოდ რაფაელ ვან დერ ვაარტთან რომ ჰქონოდა. მას კიდევ ერთ ექსამხანაგთან მოუხდა წაკინკლავება. ეს ამბავი ჩხუბამდეც კი მივიდა, კონკრეტულად, ამერიკელ მცველ ოგუჩი ონევუსთან. მათი გზები "მილანში" გადაიკვეთა, სადაც ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ. თვითონ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ავტობიოგრაფიაში ეს ეპიზოდი დეტალურად აღწერა:

"ონევუმ იმაში დამადანაშაულა, თითქოსდა მის ზურგსუკან მასზე ბინძურად ვლაპარაკობდი, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. მე ვუთხარი, რომ შენზე არაფერი მითქვამს-მეთქი, მან კი თითები ტუჩებზე ამაფარა. ჩემთვის ეს წითელ ფერს ნიშნავდა. მაშინ ერთი სიტყვაც აღარ მითქვამს. მოგვიანებით, მომდევნო ვარჯიშის დროს ონევუმ ბურთი მიიღო, მე კი გავეკიდე და შევუტიე. დამინახა და გვერდზე გახტა. ორივე მიწაზე დავეცით და მივხვდი, რომ ცუდად გამომივიდა, მიზანს ვერ მივაღწიე. ავდექი და ამ დროს მხარში დარტყმა ვიგრძენი... როგორც ჩანს, ოგუჩი ონევუს თავში მაინცდამაინც კარგი იდეა არ მოსვლია... მეც დავარტყი და ერთმანეთს შევეჭიდეთ. ერთმანეთის გაგლეჯვა გვინდოდა! რა თქმა უნდა, ძალიან სასტიკად ვიჩხუბეთ: მინდორზე ვგორაობდით და ერთმანეთს მუხლებს ვურტყამდით, თითქმის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგა. მერე რაღაც უცნაური რამ მოხდა: ოგუჩი ატირდა და ლოცვა დაიწყო. ვიფიქრე, რაღაც პროვოკაციას მიმზადებს-მეთქი და კიდევ უფრო გავცოფდი. მერე თანაგუნდელებმა მოგვისწრეს და გაგვაშველეს. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ. ცოტა მოგვიანებით ვიგრძენი, რომ გულ-მკერდი მტკიოდა. ექიმებს გავესინჯე და გავიგე, რომ ჩხუბის დროს თურმე ნეკნი გამტეხია", - იხსენებდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

Sportall.Ge

"მილანში" კონფლიქტის მიჩუმათებას შეეცადნენ, მაგრამ მომხდარმა ამბავმა პრესაში მაინც გაჟონა. გაზეთებში დაიწერა, რომ ამერიკელისა და შვედის გაშველებაში "მილანის" ათი ფეხბურთელი და მწვრთნელთა შტაბის რამდენიმე წევრი მონაწილეობდა. ოგუჩი ონევუ საკმაოდ სწრაფად გაუშვეს იჯარაში - "ტვენტეში" გადაიყვანეს, შემდეგ კი უფრო შორს, პორტუგალიაში - ლისაბონის "სპორტინგში". ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი "მილანს" 2010/11 წლების ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, რაც ამ მომენტისათვის "როსონერების" ბოლო ჩემპიონობად რჩება.

მაურო იკარდი და მაქსი ლოპესი
არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც 2012/13 წლების სეზონში "სამპდორიაში" გვერდიგვერდ თამაშობდნენ, "განხეთქილების ვაშლის" როლი ტელეწამყვანმა და მოდელმა ვანდა ნარამ შეასრულა, რომელიც იმ მომენტში მაქს ლოპესის ცოლი იყო. გაცნობიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი საცხოვრებლად უფრო ახალგაზრდა მაურო იკარდისთან გადავიდა და თავისი ყოფილი ქმარი მრავალგზის ღალატში დაადანაშაულა. მაქსი ერთად ცხოვრების პირველი დღეებიდანვე მღალატობდაო, აცხადებდა ვანდა. საბოლოო ჯამში, მაქს ლოპესის მხარე ბევრმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დაიკავა. დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ იკარდიმ ბინძური საქმე ჩაიდინა, იგი მოღალატეა; მეგობრის სახლში დადიოდა, შემდეგ მისი ცოლი თავისთან წაიყვანა.

მაქს ლოპესს მხარი დაუჭირა კიდევ ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა, არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ, რომელიც მას "ბარსელონაში" ერთად თამაშის დროს დაუახლოვდა. საბოლოოდ მესიმ არგენტინის ნაკრების მწვრთნელთა შტაბს ულტიმატუმი წაუყენა: ან იკარდი გააძევეთ გუნდიდან, ან მე წავალ ნაკრებიდანო. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა, 25 წლის მაურო იკარდიმ მხოლოდ შვიდჯერ ითამაშა არგენტინის ეროვნული ნაკრებისათვის...

იმ ამბების შემდეგ მაქს ლოპესი მაურო იკარდის არ ელაპარაკება და იტალიის ჩემპიონატში თამაშის დროს, მატჩების დაწყების წინ თანამემამულეს ჩამოსართმევად ხელს არასდროს უწვდიდა. გარდა ამისა, ლოპესი მუდმივად ცდილობს, თავის ყოფილ ცოლს, ვანდა ნარას, ერთობლივ სამ შვილზე დედობის უფლება ჩამოართვას.


ჯონ ტერი და უეინ ბრიჯი
ქალის მიზეზით კიდევ ორი თანაკლუბელი ფეხბურთელი გახდა ერთმანეთის მტერი. სკანდალური ამბის საჯაროდ გამჟღავნებამდე ეს ორი მოთამაშე ერთმანეთთან ოჯახებით მეგობრობდა, დროს ერთად ატარებდა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ... ჯონ ტერი უეინ ბრიჯის მეგობარ ქალთან - ვანესა პერონსელთან დადიოდა.

საბოლოოდ, უეინ ბრიჯი ვანესა პერონსელს დაშორდა, მაგრამ ვანესა ჯონ ტერმაც "გადააგდო" და 2007 წელს ცოლად სხვა ქალი, სახელად ტონი, შეირთო. უეინ ბრიჯმა კი ყოფილ მეგობარს (ისინი ერთად თამაშობდნენ "ჩელსიში" და ინგლისის ნაკრებშიც) ჩადენილი საქციელი არ აპატია: თავდაპირველად მან უარი თქვა ეროვნულ ნაკრებში თამაშზე მანამ, სანამ მის რიგებში ჯონ ტერი ირიცხებოდა, შემდეგ კი, უკვე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის რანგში, დემონსტრაციულად უარს ამბობდა ხელის ჩამორთმევაზე მასთან შეხვედრის დროს.


ჯონ ტერისა და უეინ ბრიჯს შორის მომხდარი სკანდალის შედეგად ჯონმა ინგლისის ნაკრების კაპიტნობა დაკარგა, თუმცა ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა. იმავდროულად, ჯონი თავის ცოლს - ტონის ღალატობდა, რომელმაც, ღალატის მიუხედავად, ვერ გაბედა, მეუღლეს გაშორებოდა.

საინტერესოა, რომ ბრიტანული ტაბლოიდები იტყობინებოდნენ, რომ ჯონ ტერისთან რომანის შედეგად ვანესა პერონსელი დაორსულდა და ფეხმძიმობა აბორტის მეშვეობით შეწყვიტაო. იმასაც წერდნენ, თითქოსდა ამ სამედიცინო პროცედურისათვის ჯონმა თავის საყვარელს 20 ათასი ფუნტი მისცა და თუ ჩუმად იქნებოდა და არსად გაამხელდა, კიდევ ერთ მილიონს დაუმატებდა. ასე იყო თუ ისე, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ვანესა პერონსელმა განაცხადა, რომ ჯონ ტერის მიმართ ტრფიალი მხოლოდ მოარული ხმებია და მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ: "ეს ყველაფერი სიცრუეა. ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ მე მასთან კვირაში ხუთი დღე მეძინა! ეს არავინ დაიჯეროთ! ჯონი ჩემი მეგობარი იყო, ერთმანეთს რვა წელი ვიცნობდით და როცა უეინს დავშორდი, სწორედ ჯონი მედგა გვერდით და მორალურად მამხნევებდა", - ამბობდა ვანესა.

სინიშა მიხაილოვიჩი და იგორ შტიმაცი
ურთიერთობის კიდევ ერთი დრამატული ისტორია ორ ტოპ-მოთამაშეს შორის გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში განვითარდა.

წარმოუდგენლად ნიჭიერმა ფეხბურთელებმა სინიშა მიხაილოვიჩმა და იგორ შტიმაცმა თავიანთი საერთაშორისო კარიერა იუგოსლავიის ახალგაზრდულ ნაკრებში 1987 წელს დაიწყეს. სინიშა მიხაილოვიჩი ქალაქ ვუკოვარში დაიბადა, რომელიც დღეს სუვერენული ხორვატიის შემადგენლობაში იმყოფება, სერბეთის საზღვართან ახლოს. ყმაწვილობაში ორივე ფეხბურთელი ერთმანეთის მიმართ საკმაოდ კარგად იყო განწყობილი, ამხანაგობდნენ, ბევრი საერთო ნაცნობი ჰყავდათ და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ გასართობ ღონისძიებებზე.

მაგრამ ყველაფერი შეცვალა სერბეთ-ხორვატიის ომმა, რომელიც 1991 წლის მარტში დაიწყო და 1995 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. იმ დროს სინიშა მიხაილოვიჩის ოჯახი სასაზღვრო ქალაქ ბოროვოში ცხოვრობდა, სადაც 1991 წლის 2 მაისს სერბებსა და ხორვატებს შორის დრამატული შეტაკება მოხდა. დაიღუპა 17 ადამიანი ორივე მხრიდან (12 ხორვატი და 5 სერბი).

1991 წლის 8 მაისს ბელგრადში, ქვეყნის ისტორიაში უკანასკნელად, მარშალ იოსიპ ბროზ ტიტოს სახელობის იუგოსლავიის თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, სერბეთი) და "ჰაიდუკი" (სპლიტი, ხორვატია), თანაც სინიშა მიხაილოვიჩი სერბულ "ცრვენა ზვეზდას" რიგებში თამაშობდა, იგორ შტიმაცი კი - ხორვატიულ "ჰაიდუკში". პირველი ტაიმი "ჰაიდუკის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ალენ ბოკშიჩის ზუსტი დარტყმის შედეგად ბურთი კარის ბადეში გაეხვია. ამ დროს მიხაილოვიჩსა და შტიმაცს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა: სინიშა მიხაილოვიჩთან მივიდა იგორ შტიმაცი და ყურში ჩასჩურჩულა - "ვიმედოვნებ, ჩვენი ბიჭები, ხორვატები, ბოროვოში მთელ შენს ოჯახს ამოწყვეტენ". რასაკვირველია, სინიშა გაბრაზდა - იგი ისედაც ნერვიულობდა იმის გამო, რომ ბოლო დღეებში ოჯახს და ნათესავებს ტელეფონით ვეღარ უკავშირდებოდა, შეტაკების რაიონში კავშირგაბმულობის დაზიანების გამო.

Sportall.Ge

საბოლოო ჯამში, გაცოფებულ სინიშა მიხაილოვიჩს იმდენად მატჩის ბედი აღარ აწუხებდა, რამდენადაც იგორ შტიმაცზე შურისძიება. იგი ყოველ ეპიზოდში ეძებდა შტიმაცს, რომ რაც შეიძლება უხეშად "დაჯახებოდა". მისთვის სპორტული პრესტიჟი აღარ არსებობდა. ყველაფერი სასტიკი ჩხუბით დასრულდა, რის გამოც მატჩის 72-ე წუთზე ორივე მინდვრიდან გააძევეს. სხვათა შორის, იგორ შტიმაცი მინდორზე მაინც დაბრუნდა და როგორც გუნდის კაპიტანმა, მოგებული თასი მაღლა ასწია და ინტერვიუში განაცხადა:

"ეს საბოლოოა. ამის შემდეგ იუგოსლავიის თასი არასოდეს აღარ გათამაშდება".

ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია footballhd-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც საინტერესო სტატია იყო
ზვიადი
12:26 13-08-2019
0
მადლობა, საინტერესო სტატია იყო
Saba
08:43 29-12-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული