ხარაბაძე სამჯერ გაძვირდა, ზარანდია ორჯერ - ქართველი ფეხბურთელების ახალი სატრანსფერო ფასები

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა transfermarkt.de-მ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებების განახლება დაიწყო. რამდენიმე ქართველი მოთამაშის ფასმა აიწია, რამდენიმესი კი, პირიქით, შემცირდა.

მივყვეთ ცვლილებებს და დავიწყოთ იმ ქართველი ფეხბურთელებით, რომლების ფასმაც იმატა.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი "ციურიხის" 19 წლის მარცხენა მცველის, ლევან ხარაბაძის სატრანსფერო ფასმა განიცადა, რომელიც იანვრის შემდეგ თითქმის სამჯერ გაიზარდა.

შვეიცარიაში გადასვლის მომენტში ხარაბაძის სატრანსფერო ფასი 450 000 ევრო იყო, დღეის მდგომარეობით კი, transfermarkt-ი მას 1 250 000 ევროდ აფასებს.

ახალგაზრდა მოთამაშე შვეიცარიულ კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოდან" თამაშობს და ყველა ტურნირზე
ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასე გამოიყურება ლევან ხარაბაძის სატრანსფერო ფასის დიაგრამა:

Sportall.Ge

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ფასმაც მოიმატა, ლუკა ზარანდიაა, რომელიც ბოლო განახლების შემდეგ (2018 წლის ივლისი) თითქმის ორჯერ გაიზარდა და 350 000 ევროდან 650 000-მდე ავიდა.

23 წლის შემტევს საქართველოს ნაკრებში სულ ორი შეხვედრა აქვს გამართული და ჯამში ერთა ლიგაზე მოედანზე სულ რამდენიმე წუთი გაატარა.

"არკაში" კი საქმე სულ სხვანაირადაა, ლუკა ზარანდიას ანგარიშზე ექსტრაკლასაში ჩატარებულ 21 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ასე გამოიყურება მისი სატრანსფერო ფასის დიაგრამა:

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე, რომლის სატრანსფერო ფასიც გაიზარდა, "ტობოლის" ლიდერი ნიკა კვეკვესკირია.

Transfermarkt-მა 26 წლის ნახევარმცველის ფასი 300 000-ით გაზარდა და დღეს ის 1 მილიონი ევრო ღირს.

ყაზახეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ნიკას ანგარიშზე 5 ჩატარებულ მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ნიკა კვეკვესკირის სატრანსფერო ფასის დიაგრამა ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

არიან ფეხბურთელები, რომელთა სატრანსფერო ფასიც შემცირდა, თუმცა ჩემპიონატების უმრავლესობაში Transfermarkt-ს ცვლილებები ჯერ არ შეუტანია. ამიტომ არც ქართველი ფეხბურთელების ფასი შეცვლილა.

"მაგდებურგში" გადასვლის შემდეგ 200 ათასი ევროთი შემცირდა გიორგი ლორიას ფასი, რომელიც დღეს 600 000 ევრო ღირს.

გერმანულ კლუბში ქართველი მეკარე კარგად ასპარეზობს, მისი ფასის შემცირება კი, ალბათ, მის ასაკს უნდა დავაბრალოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეკარეები მინდვრის მოთამაშეებზე გაცილებით დიდხანს თამაშობენ, 33 წელი მცირე მაინც არ არის.

100 ათასი ევროთი გაიზარდა როინ კვასხვაძის ფასი და დღეის მდგომარეობით, ის ნახევარი მილიონი ღირს. ქუთაისის "ტორპედოს" კაპიტანს 2018 წლის სეზონში კარგი თამაში დაუფასდა.

500 000-ის ნაცვლად 400 000 ევრო ღირს გიორგი მაკარიძე, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი პრაქტიკულად გამოტოვა და მხოლოდ 2019 წელს "სეტუბალში" მიეცა თამაშის შანსი.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ფასიც შემცირდა, გიორგი მერებაშვილია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 300 000 ევრო ღირს, წინა განახლების დროს კი 400 000-ად იყო შეფასებული.

აქაც მთავარი მიზეზი ასაკია, რამდენიმე თვეში გიორგი 33 წლის ხდება.

დანარჩენი მოთამაშეების სატრანსფერო ფასები ან იგივე დარჩა, ან მათ ჩემპიონატებს განახლება ჯერჯერობით არ შეხებიათ.

მეკარეები
გიორგი ლორია (მაგდებურგი) - 600 000 ევრო
როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 500 000
გიორგი მაკარიძე (სეტუბალი) - 400 000

მცველები
საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000
დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 3 000 000
გურამ კაშია (სან ხოსე) - 1 500 000
ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 500 000
ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - 1 250 000
ლაშა დვალი (ფერენცვაროში) - 500 000
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - 1 000 000

ნახევარმცველები
გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 9 000 000
ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 000 000
ვალერიან გვილია (გურნიკი) - 1 250 000
ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი) - 1 000 000
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 1 000 000
ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 1 000 000
თორნიკე ოქრიაშვილი - 800 000
გიორგი აბურჯანია (ლუგო) - 800 000
გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) - 800 000
ლუკა ზარანდია (არკა) - 650 000
გიორგი არაბიძე (ნასიონალი) - 500 000
გიორგი მერებაშვილი (პლოცკი) - 300 000
ჯაბა ჯიღაური (გრენობლი) - 300 000

თავდამსხმელები
გიორგი ქვილითაია (გენტი) - 3 000 000
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი) - 700 000
ლევან მჭედლიძე (ემპოლი) - 500 000
ვატო არველაძე (კორონა) - 200 000

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხზე ძლივს დგას ეგ ხარაბაძე.
sdfffff
14:30 16-04-2019
30

სიახლეები პოპულარული