"გრასსჰოპერსის" ფანებმა თამაში შეაჩერეს და კლუბის ფეხბურთელები აიძულეს, მაისურები გაეხადათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივარს გაუკვირდება, რომ შვეიცარიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "გრასსჰოპერსია". მათ "ბაზელზე" 7-ით მეტი საჩემპიონო ტიტული აქვთ. გუნდი შვეიცარიის ჩემპიონი ბოლოს 2003 წელს გახდა, სამეულში კი 2014 წელს შევიდა.

ახლა "კალიებს" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავიათ და 68 წლის განმავლობაში პირველად გავარდებიან უმაღლესი ლიგიდან. ეს ყველაფერი ოფიციალურად "ლუცერნთან" მატჩში მოხდა და მეორე ტაიმში, როცა "ლუცერნი" 4:0-ს იგებდა, გულშემატკივრებმა შეხვედრა შეაჩერეს. ისინი ტრიბუნებიდან ჩამოვიდნენ და მოედანზე შესვლა სცადეს.

მთავარმა არბიტრმა შეხვედრა გააჩერა, ხოლო "გრასსჰოპერსის" წარმომადგენლები და ფეხბურთელები ფანების დამშვიდებას შეეცადნენ.
თუმცა გულშემატკივრებმა მათ მაისურებისა და შორტების გახდა მოსთხოვეს, რადგან მათი აზრით, "გრასსჰოპერსის" ფორმის ტარების ღირსნი არ არიან. რამდენიმე ფეხბურთელმა მართლაც მისცა მაისური მათ.

ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, მატჩი შეწყდა. დიდი ალბათობით, "გრასსჰოპერსს" ტექნიკური წაგება ჩაეთვლება და ოფიციალურად გავარდება მეორე ლიგაში.

"მე დავთანხმდი მათ მოთხოვნას, რომ ფეხბურთელებს მაისურები მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხულიგნები, შესაძლოა, ჩვენს გასახდელში შემოსულიყვნენ. ამიტომ მაისურების მიცემა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო იმ სიტუაციაში" - განაცხადა "გრასსჰოპერსის" დირექტორმა სტეფან რიტიკერმა.

"კალიების" ფანებმა მიმდინარე სეზონში შეხვედრა მეორედ ჩაშალეს. პირველად ეს მარტში მოხდა, "სიონთან" მატჩში. მაშინ ფანატებმა მოედანზე ანთებული "ფაერები" გადაყარეს. იმ შეხვედრაში გუნდს წაგება ჩაეთვალა, ანგარიშით 0:3.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული