მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში სამხრეთი კორეა 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში შესანიშნავი გოლი ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. football.ua-მ წიტაიშვილი შემდეგნაირად დაახასიათა:
"ამჟამინდელი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. დისკვალიფიკაციის გამო იტალიასთან ნახევარფინალი გამოტოვა, თუმცა ფინალში მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა. მას კიევის "დინამოს" პირველ გუნდში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მათ შორის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცთან" (0:1) 30 წუთი ითამაშა. 1/8-ფინალში "ჩელსისთან" განაცხადში მოხვდა, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ახალი თაობის ერთ-ერთი
ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.
საინტერესო ფაქტი: დაიბადა ისრაელში, მაგრამ ქართული ფესვები აქვს. ეროვნული ნაკრების დონეზე მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ღირსების დაცვაზე ოცნებობს. მისი მამა, კლიმენტი წიტაიშვილი ყოფილი ქართველი ფეხბურთელია.
სატრანსფერო ფასი: 800 ათასი ევრო".
გავრცელებული ინფორმაციით, წიტაიშვილის სამსახურით "ბეშიქთაში" დაინტერესდა, თუმცა ის "დინამოს" დატოვებას არ აპირებს.
და კიდევ: მას სანაკრებო მომავალზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მოკლედ უპასუხა, რომ ეს პროვოკაციული კითხვაა, ჯერ ამაზე არ ფიქრობს, 8 წელია უკრაინაში ცხოვრობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინელია.